“ბარსელონას” მომდევნო სეზონიდან ჩავი უთავკაცებს

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომელიც დღესდღეობით ყატარულ “ალ სადს” თავკაცობს, მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ამ ინფორმაციას “მუნდო დეპორტივოს” ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, 40 წლის სპეციალისტმა შემოთავაზება კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარტომეუსგან მიიღო. ჩავიმ შეთავაზებაზე დადებითი პასუხი თქვა.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ამ სეზონს ჩაამთავრებს ან მას მიმდინარე გათამაშების დარჩენილ პერიოდში “ბარსელონას” მეორე გუნდის თავკაცი გარსია პიმიენტა ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენი “ბარსელონას” 13 იანვრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა 17 მატჩი გამართა, 11 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე დამარცხდა.

ჩავი: “საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფრით მომხიბლა”

ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოტყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის თამაშით მოხილბული არ დარჩა. მისი თქმით, ფრანგები მუნდიალზე ზედმეტად პრაგმატულ ფეხბურთს უჩვენებდნენ.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელები ძალზედ პრაგმატულად მოქმედებენ, ვინაიდან ტურნირიდან გამოვარდნის ეშინიათ. ერთი შეცდომა და ნახვამდის. მე სხვა სკოლიდან ვარ და ის ბურთის ფლობასა და გარისკვას გულისხმობს. მუნდიალზე გუნდების 70-80 პროცენტი არ რისკავს და ელოდება მეტოქის შეცდომას. ეს ცუდია.

საფრანგეთის ნაკრებმა ვერაფრით მოგვხიბლა, მხოლოდ ის გვიჩვენა, რომ ჩემპიონია. ფრანგებს ორგანიზებული გუნდი ჰყავდათ, ბევრი კარგი თვისებით შემკული, მაგრამ სილაღე აკლდათ. ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს მოულოდნელად აფეთქება შეუძლიათ, მაგრამ მე ამ თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ”, – თქვა ჩავიმ “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ჩავი: “ეს ფეხბურთელი ჩემ თავს მაგონებს”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” შუახაზელი მარკო ვერატი საკუთარ თავს აგონებს და იტალიელი პირველია იმ ფეხბურთელთა შორის, ვის ხილვასაც კატალონიური გუნდის რიგებში ისურვებდა.

“ვერატი ჩემ თავს მაგონებს. იგი ბურთს სიღრმეში ეძებს, შემდეგ კი წინ მიიწევს და თამაშის მიმდინარეობას კარნახობს. მარკო ჩემსავით დაბალია და ბურთს არასდროს კარგავს. იგი ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ვერატი “ბარსელონასთვის” იდეალური მოთამაშე იქნებოდა. მინდა, რომ იგი “ნოუ კამპზე” ვიხილო. ვერატი პირველია იმათ შორის, ვის ხილვასაც “ბარსაში” ვისურვებდი.

“ბარსელონას” თავკაცობაზე ვოცნებობ და ამ მიზნის რეალობაში მოყვანაზე ვმუშაობ. თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ამ საქმიანობაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგალითად, როგორ უნდა ითანამშრომლო 25 ფეხბურთელთან, ასევე დანარჩენ მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთან.

ლუის ენრიკეს ჩემით შეცვლაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ კიდევ ფეხბურთელივით ვფიქრობ და არა მწვრთნელივით. გამოცდებიც ჩასაბარებელი მაქვს. მომდევნო სეზონი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. შემდეგ ვნახოთ, რა იქნება”, – ჩავის კომენტარი Le Parisien-მა გამოაქვეყნა.

ჩავი: “კატალონიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდთა 15-ეულში იქნებოდა”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფიფასგან აღიარების შემთხვევაში, კატალონიის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნებოდა.

“შინ ყოველთვის სიხარულით ვბრუნდები. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული გუნდის რიგებში თამაში.

კატალონიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო10-15-ეულში იქნებოდა. კატალონიის ნაკრები კატალონიური სპორტის ძალას რეალურად ასახავს. ეჭვგარეშეა, რომ სხვადასხვა ასპექტში მართლაც ძლიერები ვართ”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es

კატალონიის ნაკრები დროდადრო მართავს მატჩებს, თუმცა ვინაიდან გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არ არის აღიარებული, ოფიციალური შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს.

ჩავის “ბარსელონას” გაწვრთნა სურს

“ალ სადის” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოტყდა, რომ “ბარსელონაში” დაბრუნების იმედი აქვს, მეტიც – მას კატალონიური გუნდის გაწვრთნა სურს. 36 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს.

“არ ვმალავ, რომ “ბარსელონას” მწვრთნელობა მსურს. ეს ჩემი მთავარი მიზანია. ჩემს კლუბში დაბრუნება და მუშაობა მინდა. ეს ჩემი სახლია. კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენას ვაპირებ და მინდა, რომ ფიზიკურად მოედანთან ახლოს ვიყო. არ მინდა დახურულ ოფისში მუშაობა. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვრთავ ტელევიზორს ფეხბურთის საყურებლად. ჩემი მეუღლე ფეხბურთს ვეღარ იტანს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Four Four Two.

 

ჩავიმ ჭადრაკი ითამაშა (ფოტო)

“ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, დოჰაში საჭადრაკო ტურნირს დაესწრო. ესპანელმა ფეხბურთელმა ცნობილ მოჭადრაკეებთან რამდენიმე სპარინგიც ჩაატარა.

Xavi chess

ჩავი: “მესის გარეშე “ბარსა” და “რეალი” თანაბარი ძალისანი არიან”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.

“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.

 

ჩავიმ ევრო-2016-ის სამი ფავორიტი დაასახელა

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის სამი ფავორიტი გუნდი დაასახელა.

“სამი ფავორიტი მყავს. ევროპის ჩემპიონატი შეიძლება მოიგოს ესპანეთის, საფრანგეთის ან გერმანიის ნაკრებმა. ჩემი აზრით, ეს გუნდები არიან მთავარი პრეტენდენტები”, – ჩავის სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

ჩავის “ბარსელონაში” დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ სამწვრთნელო განათლების მიღება უკვე დაიწყო. მას “ბარსელონაში” დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

“სწავლას ვაპირებ. უკვე დავიწყე სამწვრთნელო განათლების მიღება აქ, Aspire-ის აკადემიაში. ყატარში ვთამაშობ, თუმცა ესპანურ ფეხბურთს თვალყურს კვლავაც ვადევნებ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა მინდა, რომ ერთ დღეს “ბარსაში” დავბრუნდე. ეს არის ჩემი მიზანი და რაც უფრო ახლოს ვიქნები საფეხბურთო მოედანთან, მით უკეთესი”, – ჩავის კომენტარი ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მესიმ ჩავის მიულოცა

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ჩავის პრიმერადივიზიონში ჩატარებული მე-500 შეხვედრა მიულოცა.

ესპანელმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” რიგებში პირველი მატჩი 1998 წლის 3 ოქტომბერს “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარა.

“ბარსელონურ დერბიში დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ვულოცავ ჩავის მე-500 მატჩის ჩატარებას. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ”, – დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.

 

“ალ სადი” ჩავის ტრანსფერს ადასტურებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ალ სადის” გენერალური დირექტორი აბდულა ალ-ბერიკი ადასტურებს.

“ალ სადიმ” “ბარსელონას” კაპიტან ჩავის დამატება მოახერხა, რომელიც ფოტოზე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორ მუჰამედ გულამთან ერთად არის”, – დაწერა სოციალურ ქსელში “ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. sport-es-ის ცნობით, 35 წლის ესპანელი ნახევარმცველი წელიწადში ჯამაგირის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი ყატარის ნაკრებში კონსულტანტადაც იმუშავებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

 

ჩავი “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლაზე თანახმაა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას, სავარაუდოდ, “ნიუ იორკ სიტიში” გააგრძელებს.

Cadena Ser-ის ცნობით, ამერიკული კლუბის წარმომადგენლები 35 წლის ფეხბურთელს შეხვდნენ და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს კიდეც. შეხვედრას ესპანელი ნახევარმცველის მამა და აგენტი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ჩავის კატალონიურ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბის წევრი უკვე გახდა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია. გარდა ამისა, “ნიუ იორკ სიტის” ზაფხულში შესაძლოა, ფრენკ ლამპარდიც შეუერთდეს, რომელიც დღესდღეობით “მანჩესტერ სიტიში” იჯარის წესით თამაშობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ნიუ იორკ სიტის” MLS-ში დებიუტი წელს ექნება.