უმაღლესი ლიგა – პლეი-ოფის და პლეი-აუტის პირველი მატჩების პრევიუ

30 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფის, 1 დეკემბერს კი, პლეი-აუტის პირველი მატჩები გაიმართება.

ბრინჯაოს პლეი-ოფი

თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. რეგულარული სეზონი დინამოელებმა მეორე ადგილზე დაასრულეს, საბურთალოელებმა კი – მესამეზე.

პლეი-ოფის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. ადგილობრივი „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ მიიღებს. მასპინძლებმა საქართველოს თასი მოიგეს და ამით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, თუმცა მიუხედავად ამისა ქუთაისური კლუბი ბრინჯაოსთვიის ბრძოლას განაგრძობს. ბათუმელებმაც კარგი სეზონი ჩაატარეს და წითელ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

პლეი-აუტი

ბოლნისის „სიონი“ საკუთარ, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. ქობულეთელებმა უმაღლეს ლიგაში პირდაპირ დარჩენის შანსი ბოლო ტურში დაკარგეს და ახლა პლეი-აუტში მოუწევთ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლა. რაც შეეხებათ ბოლნისელებს, მათ 12 გამართულ შეხვედრაში მხოლოდ 11 ქულის მოგროვება შეძლეს და წითელ ჯგუფში მეექვსე ადგილი დაიკავეს. „სიონსა“ და „შუქურას“ ერთმანეთის წინააღმდეგ 4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, აქედან ერთი ბოლნისელებმა მოიგეს, ერთი – ქობულეთელებმა, 2 კი ფრედ დასრულდა.

მეორე შეხვედრაში ლანჩხუთის „გურია“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. გორელებს ევრო-ზონამდე სულ ორი ქულა დააკლდათ და ახლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მოუწევთ ბრძოლა. ლანჩხუთელებმა კი, რეგულარული სეზონი 11 ქულით დაასრულეს და თეთრ ჯგუფში ბოლოსწინა, მეექვსე ადგილზე გავიდნენ. კლუბებს ერთმანეთის წინააღმდეგ 27 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, აქედან 10 „გურიამ“ მოიგო, 11- „დილამ“, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფისა საპასუხო მატჩები 4 დეკემბერს გაიმართება და პლეი-აუტის კი, 6 დეკემბერს.