14 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ლევან ყიფიანმა, მოადგილე თამაზ თევზაძესთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან, ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ – ზურაბ კახაბრიშვილთან და ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე პალიკო კასრაძესთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციის თემა ქართველი მოჭიდავეების – გიორგი ედიშერაშვილის (55 კგ) და ლევან არაბულის (120 კგ) დოპინგზე ჩავარდნა იყო.
სპორტსმენებმა ინტერნეტით გამოწერილი პრეპარატები თვითნებურად მიიღეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილს, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონ ლევან არაბულს სინჯები შარშან მოსკოვში 8-10 ნოემბერს გამართულ „ევროპის ერთა თასზე” აუღეს. დოპინგ-ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ორივე მოჭიდავე ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ როგორც სამინისტრო, ასევე ყველა სპორტული ორგანიზაცია მკაცრ რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტზე, გატარდება კონკრეტული სანქციები, ასევე შეიქმნება სამთავრობო უწყებათაშორისო კომისია. რომელიც სამომავლოდ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
პრესკონფერენციაზე ოლიმპიური გუნდის ექიმმა – ზურაბ კახაბრიშვილმა წარმოადგინა ძიუდოისტთა და მოჭიდავეთა ეროვნული და სხვადასახვა ასაკობრივი ნაკრებების წევრთა ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ მათი მხრიდან დოპინგის მოხმარებისგან თავშეკავებას. აღნიშნულ სიას და ხელმოწერებს სამომავლოდ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტიდან.
მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა, რომ –
1) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ორივე სპორტსმენს შეუწყდება დაფინანსება და მოეხსნებათ ხელფასები.
2) სამინისტრო არ დააფინანსებს იმ სპორტულ ფედერაციებს, რომლებსაც არ ექნებათ გაფორმებული ხელშეკრულებები ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან.
3) სამინისტროს ინიციატივით, ჯანდაცვისა და შსს სამინისტროსთან ერთად შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის მსგავს ფაქტებს და დასახავს პრობლემების გადაჭრის გზებს.
4) საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გამოიძიებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, გასცემს მკაცრ გაფრთხილებებას და მიიღებს ყველანაირ ზომას სამომავლოდ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. ასევე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან.
5) ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო მოითხოვს სპორტული ფედერაციებისგან გამოყონ კონკრეტული პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ანტიდოპინგურ საქმიანობაზე. სააგენტო ასევე გააგრძელებს კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას.