ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაა დაგეგმილი. ამ მიზნით უკვე გაიმართა შეხვედრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში.
“ჯერჯერობით არაფერი არ გადაგვიწყვიტავს. ამ იდეის გარშემო დიდი მუშაობა მოგვიწევს. ჩვენი მიზანი ფეხბურთის განვითარებაა და ამის მისაღწევად მზად ვართ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ,”-აცხადებს ინფანტინო.
უცხოური პრესის ცნობით, საუბარია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატით კონფედერაციის თასის ჩანაცვლების ვარიანტზეც, ისევე როგორც კლუბების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობაზე. განახლებული ფორმატით პირველი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2021 წელს უნდა ჩატარდეს.