დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალმა” სანტიაგო ბერნაბეუზე “გრანადა” მიიღო. დაპირისპირება მასპინძელთა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მე-12 წუთზე გავიდა: ბენზემას პასით ისკომ შეძლო ანგარიშის გახსნა. სულ რაღაც 8 წუთში ამჯერად უკვე ფრანგი ფორვარდი მოგვევლინა გოლის ავტორად – 2-0. 27-ე წუთზე მარსელოს მოწოდებული ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ გრანადელთა კარის ბადეში გადაგზავნა და სამამდე გაზარდა ანგარიში. უხვგოლიანი ტაიმი ისკომ 31-ე წუთზე გატანილი გოლით კიდევ უფრო გაალამაზა.
მეორე ნახევარში ხამეს როდირგესის სტანდარტიდან ჩაწოდებულ ბურთს მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ჩასაფრებული კაზემირო დაუხვდა და საბოლოო ანგარიში – 5:0 დააფიქსირა.
“თეთრებმა” ზედიზედ 39-ე შეხვედრა არ წააგეს. ზიდანის შეგირდებმა, რომლებსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვთ, 40 ქულა მოაგროვეს და ლა ლიგის ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. რაც შეეხბეა “გრანადას”, ეს კლუბი 9 ქულით მე-19 პოზიციაზეა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა