დღეს იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “პალერმოს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საგულისხმოა, რომ “ემპოლის” რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე. 77-ე წუთზე, საჯარიმოში, ქართველმა თავდამსხმელმა თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთი მასიმო მაკარონეს დაუგდო, რომელიც “პალერმოს” ფეხბურთელმა წააქცია, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სწორედ ამის შემდეგ მოახერხა მაკარონემ პენალტის ნიშნულიდან შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა.
საბოლოოდ, “ემპოლიმ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
ქართველი სპორტსმენის გუნდს ამ წარმატების შემდეგ 17 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე იმყოფება. “ემპოლი” გასავარდნ ზონაში მყოფ მე-18-ადგილოსან “პალერმოს” მთელი შვიდი ქულით მოსწყდა.