ზიდანი ტრანსფერებზე: “პრეზიდენტისგან არაფერს ვითხოვ”

“მანჩესტერ იუნაიტედთან”, პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს სამომავლო ტრანსფერებზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჟურნალისტებმა საკმაოდ გასაგები პასუხი მიიღეს.

“პირადად მე პრეზიდენტისგან არაფერს ვითხოვ, მასთან ხშირად ვსაუბრობ, ისევე როგორც სხვა ხელმძღვანელებთან. ამჟამად ჩემს განკარგულებაში 28 ფეხბურთელია და მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ფაქტია, მე არაფერს ვითხოვ,” – აცხადებს მადრიდელთა ფრანგი სპეციალისტი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალთან” ყველაზე მეტად “მონაკოს” 18 წლის ვარსკვლავს, კილიან მბაპეს აკავშირებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

ყველაზე ძვირადღირებული 21-წლამდე ფეხბურთელები

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ვარსკვლავი, დელე ალი Soccerex-ის მიერ ყველაზე ძვირადღირებულ 21-წლამდე ფეხბურთელად იქნა დასახელებული – უცხოური კომპანია მას 73.6 მილიონ ფუნტად აფასებს (82.6 მილიონი ევრო).

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, “მონაკოს” მაისურით გატანილი 26 გოლისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის მიუხედავად, 18 წლის კილიან მბაპეს დელე ალი 20.9 მილიონი ევროთი უსწრებს. სინამდვილეში კი “მონაკო” მის ტრანსფერში 135 მილიონ ევროსაც არ სჯერდება.

სიაში მესამე ადგილს “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე იკავებს (60.9 მილიონი ევრო), რომელსაც “სიტის” ლეროი სანე მოყვება (51.1 მილიონი ევრო).

აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულში “რეალის” ესპანელი შემტევი, მარკო ასენსიოც მოხვდა (42.6 მლნ. ევრო) მარკუს რეშფორდთან (40.6), ჯანლუიჯი დონარუმასთან (40.5), ტიმო ვერნერთან (35.6) და კინგსლი კომანთან ერთად (35 მლნ.).

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ სიის შედგენისას წყარომ ფეხბურთელის ასაკი, პოზიცია, ამჟამინდელი კლუბი, ნაკრებში თამაშის გამოცდილება, მოედანზე გატარებული წუთები, კონტრაქტის ხანგრძლივობა, ტრავმების სიხშირე და სხვა მაჩვენებლები გაითვალისწინა.

მონაკოს პრინცი კილიან მბაპეს აფრთხილებს

მონაკოს პრინცმა, ალბერ მეორემ პრესასთან კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და ფრანგ ფეხბურთელს კლუბში დარჩენისკენ მოუწოდა.

“არამგონია მბაპემ კლუბი დატოვოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ დროისთვის კლუბსა და მას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ის მომავალ სეზონშიც “მონაკოში” ითამაშებს.

ვფიქრობ, ის კარგად ერკვევა საქმის ვითარებაში, მამამისის მსგავსად და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მის ინტერესებში კარიერის ევროპულ გრანდში გაგრძელება არ უნდა შედიოდეს, სადაც მას თამაშის გარანტიას არ აძლევენ.

მნიშვნელობა არა აქვს იმას, რას ეუბნება ზიდანი მბაპეს სათამაშო დროის შესახებ, ამის გარანტიას ის ვერ მიიღებს,” – აცხადებს ალბერ II.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 ივლისი


ალვეშის ტრანსფერი ოთხშაბათს გაოფიციალურდება

ფრანგული პრესის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ოთხშაბათს სპეციალურ კონფერენციას მართავენ, სადაც ახალი სეზონის შესახებ უნდა ისაუბრონ.

Sky Sports-ის ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ კონფერენციაზე მოხდება დანი ალვეშის ოფიციალური წარდგენა, რომელმაც უკვე მიაღწია შეთანხმებას პარიზულ გრანდთან.


“ბორუსიამ” “ჩელსისა” და “მილანს” 70-მილიონიანი შანსი მისცა

The Sun-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე მისცა გუნდიდან წასვლის უფლება გაბონელ შემტევს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომლის ანგარიშზეც “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 189 მატჩში გატანილი 120 გოლია.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანელებმა უკვე გაუგზავნეს შეთავაზებები ლონდონის “ჩელსისა” და “მილანის” ხელმძღვანელებს – ისინი თავიანთი ლიდერის ტრანსფერში 70 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


ვიტოლო “ჩელსიში”?

ლონდონის “ჩელსის’ ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციის სასარგებლოდ გამოყენებას და “სევილიას” გარემარბის, ვიტოლოს გადაბირებას გეგმავენ.

Cadena Cope-ს ცნობით, “არისტოკრატებმა” უკვე გაუგზავნს ოფიციალური წინადადება “სევილიას” და პასუხს უახლოეს დღეებში ელიან.


ვენგერი მბაპეს შეხვდა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეხვდა. ამ ინფორმაციას France Football ადასტურებს.

წყაროს ცნობით, შეხვედრა 14 ივნისს გაიმართა და სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვენგერი მაქსიმალურად ცდილობდა მბაპეს დარწმუნებას, რომ ის ტიერი ანრის ნაკვალევს გაჰყოლოდა. თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად შეძლო მან ეს.


პრემიერ ლიგის კლუბები მუნირს არ ეშვებიან

ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები კატალონიის “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფ ახალგაზრდა თავდამსხმელს, მუნირ ელ ჰადადს არ ეშვებიან.

Goal-ის ცნობით, 14 მილიონ ევროდ შეფასებულიფეხბურთელის გადაბირებით “შალკესთან” და “ლიონთან” ერთად, “კრისტალ პალასი”, “საუთჰემპტონი” და “ვესტ ჰემიც” არის დაინტერესებული.


ვინ მოირგებს “რეალის” 10-ნომრიან მაისურს ხამესის წასვლის შემდეგ?

ხამეს როდრიგესის მომავალი უკვე გარკვეულია – მადრიდელთა კოლუმბიელი შემტევი მომავალ სეზონში მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს, სადაც ის ორი სეზონით არის განათხოვრებული.

ახლა ისღაა გასარკვევი, თუ ვინ მოირგებს “რეალის” 10-ნომრიან მაისურს ხამესის წასვლის შემდეგ.

როგორც იცით, “რეალის” 10-ნომრიანი მაისურის ტარებას უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს თან – ერთ დროს ეს მაისური ისეთ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ, როგორებიც ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში, ლაუდრუპი, ზეედორფი, ლუიშ ფიგუ, უესლი სნეიდერი და მესუთ იოზილი იყვნენ.

“ბლანკოსის” ათნომრიანი მაისური შესაძლოა, ამ ფეხბურთელებიდან რომელიმემ მოირგოს: მარკო ასენსიო, ისკო , ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, სებალოსი, ან მბაპე (თუ ტრანსფერი შედგება).

მორიენტესი “რეალს”: “თქვენ თუ არა, მბაპეს სხვა იყიდის”

ფერნანდო მორიენტესმა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ თუ დროზე არ იმოქმედებენ, ფრანგ ტალანტს ხელიდან გაუშვებენ და კილიან მბაპე არჩევანს სხვა დიდ კლუბზე გააკეთებს.

“ჩვეულებრივად, როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, ეს იმიტომაა, რომ მათ რაღაც გარკვეულ დონეს მიაღწიეს და მოლოდინებიც გაამართლეს.

რთულია განსაკუთრებულის ამოცნობა, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს ამდენი დიდი კლუბი აკვირდება, ეს ნამდივლად იმის მანიშნებელია, რომ ის უდიდესი ნიჭის მფლობელია და შენ თუ არ იყიდი, სხვა იყიდის.

ის ჯერ კიდევ ბავშვია, ჩამოყალიბების პროცესში და მისი ყიდვის შემთხვევაში მხრებზე დიდი პასუხისმგებლობა დააწვება,” – აცხადებს “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი კილიან მბაპეს შეხვდა

უცხოური გამოცემები აქტიურად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ “მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გადაბირება “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მიზანს წარმოადგენს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

L’Equipe-ს ცნობით, პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორი, ანტერ ენრიკე და პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდნენ 18 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტს, მამამისს და თვიანთი პირობები გააცნეს.

მართალია, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კატეგორიული წინააღმდეგია მბაპეს გაყიდვით, მაგრამ პარიზელები დანებებას არ აპირებენ და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მბაპეს გულის მოსაგებად.

ახალგაზრდა ფრანგმა ვარსკვლავმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.

“მონაკო” მბაპეს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობს

Le Journal du Dimance-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მონაკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, კილიან მბაპეს შესანარჩუნებლად საკუთარი ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხა გაიღონ.

როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის ჩემპიონები ახალგაზრდა ფრანგ შემტევს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობენ, თუ ის ამ ზაფხულში კლუბს არ დატოვებს.

საქმე ისაა, რომ “რეალის”, “პარი სენ-ჟერმენისა” და “არსენალის” სამიზნე აქამდე კვირაში 18 000 ევროს იღებდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი მისი ხელფასი 162 000 ევრო იქნება შვიდ დღეში.

აბიდალი ევროპას აფრთხილებს: “მბაპე 120 მილიონი ფუნტი არ ღირს”

ერიკ აბიდალმა, რომელიც ახლახან წარადგინეს “ბარსელონას” ელჩის თანამდებობაზე, “მონაკოს” ლიდერსა და წლევანდელი წლის მთავარ აღმოჩენაზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა, რომლის გადაბირებითაც ევროპის თითქმის ყველა დიდი კლუბია დაინტერესებული.

“მბაპე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ფასი, 120 მილიონი ნამდვილად შეუფერებელი, ძალიან დიდია.

ჩემის აზრით, ის “მონაკოში” უნდა დარჩეს და მთელ მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.

მას საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ამ დროს სათამაშო პრაქტიკაზეც უნდა იფიქროს, რადგანაც წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელის,” – აცხადებს აბიდალი Cadena Ser-თან საუბრისას.

“როდესაც პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდიან, შემდეგ სხვები იძულებულნი ხდებიან, უფრო ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირებისთვის 200 მილიონი გადაიხადონ, რაც ნამდვილად ასტრონომიური ფასია,” – დაამატა მან.

“არსენალმა” “იუვენტუსს” კუადრადოს ტრანსფერზე ოფიციალური წინადადება გაუგზავნა

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა “იუვენტუსს” ოფიციალური წინადადება გაუგზავნეს ხუან კუადრადოს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, არსენ ვენგერი უკვე ეძებს ალექსის სანჩესის შემცვლელს, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს.

კოლუმბიელი ხუან კუადრადო კი ფრანგ სპეციალისტს საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია და მისი ტრანსფერისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – ლონდონელებმა ტურინელებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს.

“იუვენტუსი” “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს.

კილიან მბაპემ თმის ფერი შეიცვალა (ფოტო)

საფრანგეთის ახალი ჩემპიონის, “მონაკოს” შემტევმა, კილიან მბაპემ თმის ფერი შეიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“რეალი” მბაპეს “მონაკოში” ერთი სეზონით დატოვებს

ესპანური ტაბლოიდის, As-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის “რეალმა” საფრანგეთის ჩემპიონთან კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ესპანური წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალი” მზადაა ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს და მას ერთი სეზონის “მონაკოში” გატარების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კილიან მბაპე 2016/17 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენაა და მისი გადაბირებით ევროპის თითქმის ყველა დიდი კლუბია დაინტერესებული.