მართალია ლიზა ზიმუშს გოლების გატანა არ უყვარს, მაგრამ ბურთის არანაკლებ კარგად ესმის, ვიდრე პროფესიონალ ფეხბურთელებს.
“გამარჯობა, მე ლიზა ვარ, ფეხბურთის ფრისტაილერი,”- ამ სიტყვებით იწყება ახალგაზრდა ფრანგი გოგონას ყოველი ვიდეო, რომელმაც ბოლო დროს საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ლიზამ ბევრი ფრისტაილერის ოცნებაც აიხდინა და ბურთი ფეხებს შორის ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოსაც კი გაუტარა, რომელიც მისი შესაძლებლობებით მართლაც რომ გაკვირვებული ჩანდა.
მართალია, ლიზას ალჟირული ფესვები აქვს, მაგრამ ახლა ის პარიზში ცხოვრობს. ამ საქმეს ხელი მან 11 წლის ასაკში მოჰკიდა. ლიზას თავისი და, სოფია ავარჯიშებდა.
13 წლის ასაკში ლიზას შესაძლებლობებით “რედ ბული” დაინტერესდა და ის საკუთარ გუნდში მიიწვია. 15 წლის ასაკში კი, მან ქალთა შორის საუკეთესო ფრისტაილერის სტატუსიც მოიპოვა.
ფორმის შესანარჩუნებლად ის ხშირად სტუმრობს “პარი სენ-ჟერმენის” აკადემიასაც – ფრანგული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ისიც გაგვანდო, რომ ახალგაზრდა გოგონას ნახევარმცველის პოზიციაზე უყვარს თამაში.
თუმცა, ლიზა თავს ფეხბურთელის ამპულაში ვერ ხედავს: “თავისუფლება მიყვარს. არ მინდა გოლების გატანაზე მიწევდეს ზრუნვა. ასე უკეთესია, ბურთთან ერთად ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს. თუ მომინდება, ხელითაც კი შევეხები მას,” – აცხადებს ზიმუში.