მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“პირველ რიგში, ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია. ეს შეუიარაღებელი თვალით მაშინვე შესამჩნევი იყო. მეორე რიგში, ხვიჩა მიზანდასახულია. გარდა ამისა, ის ლეონიდ სლუცკის სახით კარგ ხელსა და კარგ გუნდში მოხვდა, რომელიც მუდმივად ვითარდება. კვარაცხელია საქართველოს ნაკრებშიც შესანიშნავად თამაშობს. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს.
მას ადრეც ბევრი გაჰქონდა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია. “ლოკომოტივში” ხვიჩა 18 წლის ასაკში მოვიდა, ახლა კი უკვე 20 წლისაა. ის ტექნიკური თვალსაზრისით სულ უფრო იხვეწება. ფიზიკური კონდიციების მხრივ მასთან პრობლემა არასდროს გვქონია. ის ზოგჯერ ფლანგის მცველის პოზიციაზეც კი თამაშობდა. ხვიჩას საკმაოდ კარგი დაცვითი შესაძლებლობებიც აქვს. აშკარაა, რომ ის ფიზიკურადაც მოძლიერდა და უფრო გამძლე გახდა. მას დიდი პოტენციალი აქვს.
ვფიქრობ, “რუბინი” თავად გადაწყვეტს ხვიჩას ტრანსფერის თემას და სხვა საკითხებთან ერთად კვარაცხელიას აზრსაც გაითვალიწინებს. მთავარია, იცოდე, სად მიდიხარ და რას ითხოვენ შენგან. უნდა იცოდე, სჭირდები კი მთავარ მწვრთნელს ახალ გუნდში და გხედავს თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ამ დეტალების გათვალისწინების შემდეგ შეგიძლია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო”, – ციტირებს RT სიომინის სიტყვებს.
იური სიომინმა იმ ქვეყნების ჩემპიონატებიც დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა უფრო მეტად იქნება მიზანშეწონილი.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “რუბინის” ფორმით 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.