პირლო: “ჩემი კარიერის საწყის პერიოდში ვეტერანთა დიქტატურა იყო”

“ნიუ იორკ სიტის” ვეტერანმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ იმ განსხვავებაზე ისაუბრა, რაც მისი კარიერის საწყის პერიოდსა და დღევანდელობას შორის არის. გარდა ამისა, იტალიელმა ფეხბურთელმა პოლ პოგბაზეც გააკეთა კომენტარი.

“რა განსხვავებაა დღევანდელობასა და იმ დროს შორის, როდესაც კარიერა დავიწყე? ძალიან ბევრი განსხვავებაა. მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად გუნდში პირველად ხვდებოდნენ, ძალზედ მოკრძალებულად იქცეოდნენ, ლაპარაკისაც ეშინოდათ და კუთხეში სხდებოდნენ. მაშინ ვეტერანთა დიქტატურა იყო. ვარჯიშზე საყურით რომ მისულიყავი, მოხსნა მოგიწევდა, არც თმის გაზრდა შეიძლებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ახალგაზრდები გუნდში თვითდაჯერებულნი არიან.

ვინ არის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მინახავს? პოლ პოგბა. პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ის კარგი ფეხბურთელია. მაშინ იგი საკმაოდ გამხდარი იყო, თუმცა ახლა წონაში მოიმატა და კიდევ უფრო გაძლიერდა. სხვა ნიჭიერი ახალგაზრდებიც გვყავს, მაგალითად – რუგანი და ბერნარდესკი”, – პირლოს კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

პირლო სერია ა-ში დაბრუნებას აღარ აპირებს

„ნიუ-იორკ სიტის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო სერია ა-ში სათამაშოდ დაბრუნებას აღარ აპირებს.

„იუვენტუსში“ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი, „მილანში“ დიდ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ სერია ა-ში აღარ დავბრუნდები. ბოლო კვირების განმავლობაში მე ბევრი კლუბი დამიკავშირდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. გარდა ამისა, ამით ადამიანებისადმი, რომლებიც მენდნენ, პატივისცემას გამოვხატავ“, – ციტირებს პირლოს „Corriere della Sera“.

მაისში ანდრეას 37 წელი შეუსრულდება.

პირლო „ინტერში“ ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ნიუ-იორკ სიტის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ბოლო დროს მისი „ინტერში“ იჯარით ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გარდა ამისა, იტალიელმა ევრო 2016-ს შესახებაც ისაუბა.

„დასრულების დრო ჯერ არ მოსულა, თამაშის სურვილი ახლაც მაქვს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა არის, თუმცა ბევრი რამ ჩემზე და ჩემს თამაშზე იქნება დამოკიდებული. ახლაც მოტივირებული ვარ და, შევეცდები, მწვრთნელს უფრო ფართო არჩევანის საშუალება მივცე.

„ინტერი“? ჭორები არ მადარდებს, მათ შევეჩვიე. ჩემით ბევრი კლუბი ინტეესდებოდა, მაგრამ „ნიუ-იორკ სიტისთან“ კოტნრაქტი მაქვს და მისი შესრულება მსურს. შემდეგ წელს ახალი სეზონის დაწყება ახალ მწვრთნელთან ვგეგმავთ“, – ციტირებს პირლოს „La Gazzetta dello Sport“.

“პირლო იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს”

იტალიელი ჟურნალისტი და SKY Italia-ს ტელეკომენტატორი ფაბიო კარესა ამბობს, რომ “ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს.

“პირლო რამდენიმე თვის განმავლობაში “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ კლუბებს საერთო მფლობელი ჰყავთ და კონტრაქტზეც უკვე მიღწეულია შეთანხმება”, – აღნიშნა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ სიტის” სათავეში მართლაც არიან “მანჩესტერ სიტისა” და ბეისბოლის კლუბ “ნიუ იორკ იანკიზის” მფლობელები.

 

პირლო და რონალდინიო „ანტალიასპორში“ გადასასვლელად მზად არიან

თურქული „ანტალიასპორი“, რომლის შემადგენლობაში ზაფხულში თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო გადავიდა, ნახევარმცველ ანდრეა პირლოსთან და შემტევ რონალდინიოსთან კონტრაქტების გაფორმებასთან ახლოსაა. ამის შესახებ თურქული კლუბის პრეზიდენტმა გულკეტინ გენჩერმა განაცხადა.

„პირლოსთან და მის აგენტთან მოალაპარაკება გვქონდა. ანდრეამ ჩვენს კლუბში თამაშის სურვილი გამოთქვა. ამჟამად ასევე რონალდინიოსთან და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – ციტირებს გენჩერს Goal.com.

სათქმელია, რომ თურქეთში გადასვლის შემთხვევაში, პირლო თურქეთში MLS-ში ახალი სეზონის დაწყებამდე ითამაშებს.

პირლოს ბრაზილიაში ეპატიჟებიან

“ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველ ანდრეა პირლოს ბრაზილიაში ეპატიჟებიან. კერძოდ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა შემოთავაზება “პალმეირასისგან” მიიღო. ამ ინფორმაციას Orlando Sentinel-ი ავრცელებს.

ბრაზილიელებს სურთ, რომ პირლო ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე დაიხმარონ.

 

პირლო: „მჯერა, რომ ბალოტელი ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი იქნება“

„ნიუ-იორკ სიტის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

„გეტყვით, რომ მარიო ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც შეგიძლიათ შეხვდეთ. იტალიის ნაკრების ვარჯიშზე მასთან საუბრის დაწყებამდეც მხიარულად ვარ. როდესაც მარიო ახლოსაა, ვერ მოიწყენთ.

როდესაც ის გაცილებით უმცროსი იყო, ბევრს შეცდომას უშვებდა, რის შესახებაც თავადაც იცის. იმედია, ახალ სეზონში ყველაფერი მისთვის კარგად აეწყობა, რადგან ჯერ კდიევ მჯერა, რომ ბალოტელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდება“, – პირლოს ეს სიტყვები „Shortlist“-ზე დაყრდნობით „Football Italia“-ს მოჰყავს.

ინგლისის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონში ბალომ 16 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გალიანი: „პირლოს გაშვება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო“

გალიანი: „პირლოს გაშვება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კლუბში მუშაობის პერიოდში თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა.

„ჩემი მთავარი შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ ანდრეა პირლოს წასვლის საშუალება მივეცი. ეს შეცდომა სხვა ადამიანებთან ერთად დავუშვი, რომელთა ვინაობას ვერ გაგიმხელთ“, – აღნიშნა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ პირლო „მილანის“ ფერებს ათი წლის განმავლობაში იცავდა, რის შემდეგ, 2011 წელს, „იუვენტუსში“ გადავიდა. ტურინელთა შემადგენლობაში ის ოთხჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა.

პირლომ აშშ-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ აშშ-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

„ნიუ-იორკ სიტის“ ახალწვეულა „ორლანდოსთან“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იტალიელი შუახაზელი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. მასთან ერთად მოედანზე ანდონი ირაოლა და დავიდ ვილიაც იყვნენ, სტუმართა რიგებში კი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა კაკამ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი მეტად უხვგოლიანი გამოდგა და „ნიუ-იორკელთა“ სასარგებლოდ, ანგარიშით 5:3 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთთრიკით დავიდ ვილია გამოირჩა, სტუმართა მხრიდან სამივე გოლი კი კაილ ლარინმა გაიტანა.

ანდრეა პირლომ ვარჯიშზე ამერიკელები გააოცა (ვიდეო)

“ნიო იორკ სიტიში” გადასული ანდრეა პირლო ვარჯიშს აგრძელებს. ერთ-ერთ ვარჯიშზე, იტალიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს შესანიშნავი პასი გააკეთა, რის შემდეგაც გულშემატკივრებისგან ასეთი სიტყვები ისმოდა:

“ეს ახლა მოხდა?”

“ეს აქამდე არასოდეს მინახავს.”

“ასეთი რამ არ მინახავს.”

პირლო: “ნიუ იორკში” მოსაგებად მოვედი”

იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა.

ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს 21 ივლისს შეუერთდება. იგი 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“უკვე დიდი ხანია, MLS-ში თამაში და ახალი გამოცდილების მიღება მსურდა. ახლა ამის რეალური შესაძლებლობა გამიჩნდა და ვიყენებ. “ნიუ იორკ სიტი” აღმავლობის გზაზეა და გამარჯვების წყურვილი აქვს. მე აქ მოსაგებად მოვედი.
იტალიის საზღვრებს გარეთ კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა, თუმცა ყოველთვის იტალიაში დარჩენას ვამჯობინებდი. ახლა ეს გადაწყვეტილება იოლად მივიღე და ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება და ერთად ვეცდებით გამარჯვებების მიღწევას”, – პირლოს კომენტარი “ნიუ იორკ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” 2011 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 164 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა, აქედან 15 საჯარიმო დარტყმით, 35 საგოლე გადაცემა გააკეთა და შვიდი ტიტული მოიგო.

 

ოფიციალურად: პირლო “ნიუ იორკ სიტიში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო კარიერას “ნიუ იორკ სიტიში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

36 წლის იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

“პირლოს მნიშვნელობის გამოხატვა უბრალო სტატისტიკით შეუძლებელია. ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში პირლოსთან ერთად ერთი მიზნისკენ სიარული. “იუვენტუსი” მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის, მაესტრო”, – ვკითხულობთ “იუვენტუსის” განცხადებაში.

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” 2011 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 164 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა (აქედან 15 საჯარიმო დარტყმით), 35 საგოლე გადაცემა გააკეთა და შვიდი ტიტული მოიგო.

პირლო “ნიუ იორკ სიტის” 21 ივლისს შეუერთდება. იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში ჩვეული 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.