სამპაოლი აგუეროს დასჯას გეგმავს

არგენტინის საფეხბურთო ნარკების ვარსკვლავი, სერხიო კუნ აგუერო, ნიგერიასთან გასამართ მატჩში მონაწილოებას არ მიიღებს. ეს “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილება გახლავთ.

როგორც იცით, აგუეროს სამპაოლისთან რთული ურთიერთობა აქვს. ხორვატიასთან წაგებული მატჩის (3-0) შემდეგ, ფეხბურთელმა მწვრთნელის მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: “მიუშვით, აკეთოს რაც უნდა ის აკეთოს.” სამპაოლიმ ეს სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღო. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ევროპელებთან მარცხის შემდეგ, აგუერომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა, ან სამპაოლი პირდაპირ მოეხსნა თანამდებობიდან ან ამ საკითხზე გუნდში არჩევნები ჩაეტარებინა. თუმცა, ბოსებმა ეს თხოვნა არ შეასრულეს და მწვრთნელიც პოსტზე დარჩა – ხორხემ შიდა ომი მოიგო.

აჯანყების საფასურს აგუერო იმით გადაიხდის, რომ ის ბოლო ტურის მატჩში, ნიგერიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დარჩება. მის მაგივრად გონსალო იგუაინი გამოვა მოედანზე. ამ ინფორმაციას თავად მწვრთნელი არ ასაჯაროვებს და თამაშის დღეს გადაწყვეტილების ახსნას სპორტული მიზეზებით აპირებს. ასევე, არ ითამაშებს ვილი კაბალიერო, რომელმაც წინა ორ დაპირისპირებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა. მას ჩაანაცვლებს 31 წლის ფრანკო არმანი, რომელიც პირველ მატჩს ჩაატარებს ნაკრებში. საგულისხმოა, რომ სამპაოლის კიდევ ორი ცვლილება აქვს დაგეგმილი: დი მარია და ევერ ბანეგა, მარკოს აკუნასა და ენცო პერესის ნაცვლად.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც აგუეროს ანგარიშზეა.

მარადონამ არგენტინის ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა

დიეგო მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა ასპარეზობა შეაფასა. როგორც იცით, “ალბისელესტე” ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

“ხალხს სჯროდა, რომ სამპაოლი ნაკრებში არსებულ პრობლემებს კომპიუტერების, დრონებისა და 14 ასისტენტის დახმარებით მოაგვარებდა. ახლა კი არგენტინას მიზანი არ აქვს და არც ერთი პრობლემა არ არის გადაწყვეტილი – არც დაცვაში, არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში.

რაც შეეხება ფედერაციას, იქ ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებთაც ფეხბურთის არაფერი ესმით. შედეგად კი ასეთი ნაკრები გვაქვს.

როგორც ვხედავ, ნაკრების ჩავარდნას ყველა მესის აბრალებს. მესიმ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ის ვერ შეძლებს თანაგუნდელების პრობლემები თავად მოაგვაროს,” – აცხადებს მარადონა.

რებიჩი: “არგენტინამ ისე ცუდად ითამაშა, რომ მესისთვის მაისურის თხოვნა გადავიფიქრე”

ხორვატიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (3-0) ანტე რებიჩი დამცინავად გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ ხორვატია ჯგუფში პირველზეა, არგენტინა – მეოთხეზე.

“სიმართლე გითხრათ, მესისთვის მაისურის თხოვნა მინდოდა ჩემი მეგობრისთვის, ის ლეოს დიდი ფანია. მაგრამ არგენტინელებმა იმდენად ცუდად ითამაშეს, რომ მისთვის მაისურის თხოვნა გადავიფიქრე.

მათგან გაცილებით უფრო მეტს ველოდი. განსაკუთრებით კი პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან, ისინი ხომ მიჩვეულები არიან მაღალ რიტმს. ნიკოლას ოტამენდი კი მეოთხე წუთზე, როდესაც მანჯუკიჩთან იბრძოდა, გაზონზე დაეცა.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ მათი დამოკიდებულებით, ფეირ-პლეის წესებს აიგნოებდნენ, რომ არაფერი ვთქვათ პროვოკაციებზე. სპორტსმენებს წაგებაც უნდა შეეძლოთ,” – აცხადებს ხორვატი თავდამსხმელი.

სიმეონე პირად საუბარში არგენტინის ნაკრებს მკაცრად აკრიტიკებს

ხორხე სამპაოლის თავკაცობით არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე საშინლად ასპარეზობს. მუნდიალის პირველი ორი ტურის შემდეგ “ალბისელესტე” მეოთხე ადგილს იკავებს ჯგუფში.

დღეს ევროპულ პრესაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც დიეგო სიმეონეს მოსაზრებებია ჩაწერილი არგენტინის არასახარბიელო ასპარეზობასთან დაკავშირებით.

“რაც ახლა არგენტინის ნაკრებში ხდება, ახალი არ არის, ბოლო ოთხი წელია ასეა, საუბედუროდ – ანარქია, არანაირი ლიდერობა და არც მხარდაჭერა ფედერაციისგან.

წაგებულ გუნდს ვხედავ. თამაში ისე უნდა დაეწყოთ, როგორც ისლანდიასთან, უფრო სუსტ გუნდთან. ცუდი პერიოდი აქვთ, მაგრამ არგენტინა არგენტინაა და ვთვლი, რომ პროგრესირებენ. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კვლავ აქვთ.

ცხადია, რომ გასახდელში ვიღაცა ვიღაცას ეჩხუბება და სწორიც არის. ვინმემ უნდა იჩხუბოს.

მეკარე… მან ეს უკვე გააკეთა. ესპანეთთან იგივე შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც იტალიასთან, მაგრამ მაშინ ბურთი კარს მცირედით აცდა. ვამბობდი, რომ სამწუხარო იყო, გოლი რომ არ გაუშვა – მაშინ მიხვდებოდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამას არავინ გაპატიებს.

ყოველთვის ვამბობთ, რომ მთავარი ფეხბურთელების მიერ გაწეული სამუშაოა, ასეცაა, თუმცა პროცენტულად მათი გავლენა მხოლოდ 60 პროცენტით განისაზღვრება და არა ოთხმოცდაათით. რადგანაც, როცა მწვრთნელი შეცდომას უშვებს გაცილებით უფრო საზიანოა, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი ამ ყველაფერში.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ მესი ძალიან კარგია. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ექსტრაორდინარული თანაგუნდელები ჰყავს. კითხვა მაქვს, მესის აირჩევდით თქვენი გუნდში რეგულარულად სათამაშოდ, თუ რონალდუს?” – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს 101greatgoals.

მუნდიალის შემდეგ საფეხბურთო კარიერას რამდენიმე არგენტინელი ვარსკვლავი ასრულებს

არგენტინული პრესის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას რამდენიმე არგენტინელი ვარსკვლავი აპირებს.

ერნან კასტილიოს ცნობით, არგენტინის ნაკრებში გამოსვლას უახლოეს მომავალში შეწყვეტს მარკოს როხო, ევერ ბანეგა, ლუკას ბილია, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია და ხავიერ მაშერანო.

გარდა ამისა, ექსპერტების გარკვეული ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ნაკრებიდან ლეო მესი და გონსალო იგუანიც წავა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების ფინალში ჩილელებთან განცდილი მარცხის შემდეგ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. თუმცა “ბარსელონას” ლეგენდა ექვს კვირაში დაუბრუნდა “ალბისელესტეს”

ხორვატიამ საჩემპიონო თამაში აჩვენა, არგენტინა პარალიზებულია (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დღეიდან ტურნირის მთავარ აღმოჩენად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები, რომელმაც საჩემპიონო თამაში აჩვენა და არგენტინის ნაკრები, რომელსაც მუნდიალის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოისაზრებდნენ, უშანსოდ გაანადგურა.

მატჩის პირველი ნახევარი დაზვერვით ხასიათს ატარებდა, თუმცა უპირატესობას მაინც ხორვატები ფლობდნენ. არგენტინელები მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ, მათი მეტოქე ფეხბურთელები კი კიდევ უფრო ორგანიზებულ თამაშს აჩვენებდნენ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ხორვატებმა უპირატესობა გოლად გარდაქმნეს, თავის რებიჩმა გამოიჩინა. გაშვებული გოლის შემდეგ სამპაოლიმ აგუერო და ენცო პერესი გაიყვანა და იგუაინი ჩართო თამაშში დიბალასთან ერთად (მოგვიანებით). თუმცა სამპაოლის ბიჭებმა ვერაფერი გააწყვეს და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს – ლუკა მოდრიჩისა და რაკიტიჩისაგან.

ასე რომ, ხორვატია ბრწყინვალე ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს, ლეო მესის არგენტინა კი ჯგუფში ჩარჩენის ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (2 ტური)
არგენტინა – ხორვატია 0:3 (0:0)
გოლები: რებიჩი 53′ მოდრიჩი 80′ რაკიტიჩი 90+1′

მესის დედა: “ლეოს ამდენი კრიტიკას გამო, არაერთხელ უტირია, მტკივნეულია”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავის, ლეო მესის, დედა სელია კუჩიტინი გულღიად საუბრობს ლეოს მდგომარეობაზე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნილი პირველი მატჩის შემდეგ.

“ყოველთვის, როდესაც ხალხი მესის მიმართ სიყვარულს გამოხატავს, ისიც სიყვარულით პასუხობს. ეს ძალიან ლამაზი რამ არის და მესიც აფასებს ამას.

მესი ამ ტურნირისგან ბევრს ელის, რადგანაც ის მუდამ ოცნებობდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე. ეს ყველაზე მეტად უნდა. ის პირველია ვისაც გამარჯვება უნდა, უნდა რომ სამშობლოს ტიტული მოაგებინოს.ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს.

კრიტიკის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ხალხი ამბობს, რომ ის პასუხისმგებლობას გაურბის, მაგრამ ასე არ არის. ნეტავ იცოდნენ, რას განიცდის მესი – ძალიან იტანჯება და არაერთხელ უტირია ამის გამო. კრიტიკა მას ძალიან ტკენს.

ოთხი შვილი მყავს, მაგრამ ის განსხვავებულია. საუკეთესო შვილი, მამა და ქმარი. ვიცი არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა. მას დიდი გული აქვს და ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონატის მოსაგებად,” – აცხადებს სელია El Trece-სთან საუბრისას.

რამოსი:”ყველამ იცის, რომ მარადონა სინათლის წლებით ჩამორჩება მესის”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი დიეგო მარადონას კომენტარს გამოეხმაურა და მესის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი უწოდა ფეხბურთის ისტორიაში.

რამდენიმე დღის წინ, TeleSur-თან საუბრისას, მარადონამ დიეგო გოდინი რამოსზე წინ დააყენა:”რამოსი უნაკლოა? არა, უნაკლო გოდინია. ის ყველას იცავს და მათ წინსვლის უფლებას აძლევს, გააქვს და ჩემპიონი ხდება.”

რამოსი კი მარადონას ასე გამოეხმაურა: “არგენტინაში ყველამ იცის, რომ მარადონა რამდენიმე სინათლის წლით ჩამორჩება საუკეთესო არგენტინელ ფეხბურთელს. ჩემთვის ეს ლეო მესია,” – განაცხადა რამოსმა.

სამპაოლი: “მესის აცილებულ პენალტზე პასუხისმგებელი მე ვარ”

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ გახსნით მატჩს გამოეხმაურა, რომელიც ფრედ დასრულდა (1-1 ისლანდიასთან).

“როდესაც არგენტინელ ფეხბურთელს გოლი გააქვს, ეს თითოეული ჩვენგანის დამსახურებად ითვლება, მაგრამ როცა აგებს – მხოლოდ ლეოს ბრალია. ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, უსამართლო საქციელია ჩვენი მხრიდან.

ერთი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდ ზეწოლას უძლებს ლეო მესი. მინდა ვთქვა, რომ ლეოს გაფუჭებულ პენალტზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ,” – აცხადებს სამპაოლი.

მესისა და აგუეროს ოთახი რუსეთი – არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ (ფოტო)

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვიდან 60 კილომეტრში იცხოვრებს.

ინტერნეტსივრცეში არგენტინელთა ბაზაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ლიონელ მესი და სერხიო აგუერო ერთ ოთახში იცოხვრებენ. მათი ოთახის კარებზე კი ასეთ წარწერას წააწყდებით: “არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ.”

რივალდო: “იმისათვის, რომ მესი მარადონას გაუთანაბრდეს…”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესი მანამ ვერ იქნება მარადონას დონის ლეგენდა არგენტინელებისთვის, სანამ მუნდიალს არ მოიგებს.

“იმ ყველაფრის გამო, რაც ლეო მესიმ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან გააკეთა, მესი მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. შეუძლებელია ამას რამე დაამატო. რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებისთვის მთავარი ვარსკვლავი მარადონა იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, არგენტინელები მარადონას უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, ვიდრე ლეო მესის. მიუხედავად იმისა რა აქვს გაკეთებული საკლუბო დონეზე.

ახლა ის ასი პროცენტით მზად არის. “ბარსელონაში” მოგებული ტიტულებით იმ კლუბის ფანები ხარობენ, ახლა არგენტინელები უნდა გაახაროს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს,” – აცხადებს რივალდო.

მასკერანომ ხავიერ ძანეტის რეკორდი დაამხო (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მცველმა, ხავიერ მასკერანომ ხავიერ ძანეტის რეკორდი დაამხო. ამიერიდან, არგენტინის ნაკრებში ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი სწორედ მასკერანოს ანგარიშზეა.

30 მაისს “ჰაიტის” ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი (4-0) მასკერანოსთვის რიგით 143-ე იყო “ალბისელესტეს” მაისურით. ამის აღსანიშნავად, მას სპეციალური მაისურიც აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ ძანეტის 145 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში, მაგრამ სამ მათგანს ფიფა არ აღიარებს. მესამე ადგილს კი ლეო მესი იკავებს (124) მატჩი, მას რობერტო აილა (114) და დიეგო სიმეონე (104) მოჰყვებიან.