რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნი“ რობენთან გაახანგრძლივებს

გერმანული გამოცემა „კიკერი“ უწყება, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ არიენ რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

30 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს ბავარიულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მიუნხენელებს სურთ, რომ რობენს კონტრაქტი კიდევ ორი წლის ვადით გაუგრძელონ. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ „ბაიერნი“ მის კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება.

მიმდინარე სეზონში რობენმა გერმანიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 20 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

რობენს ახალ კონტრაქტს უმზადებენ

მიუნხენის “ბაიერნი” არიენ რობენს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. როგორც მოგეხსენებათ ფეხბურთელის კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ,,ბაიერნი” ახალ კონტრაქტზე ნაყოფიერად მუშაობს.

ახალი კონტრაქტის თანახმად ჰოლანდიელი ,,ბაიერნში” 2017 წლამდე დარჩება.

30 წლის ნახევარმცველმა ბუნდესლიგის ამ სეზონში  14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

რობენი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ რიბერიზე მეტად იმსახურებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის არიენ რობენის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უნდა დაასახელონ.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ წლის 23 საუკეთესო მოთამაშეს შორის მეც ვიქნებოდი“, – განუცხადა რობენმა Voetbal International-თან საუბრისას.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები რონალდუ და მესი არიან. წელს მათ რიბერიც შეუერთდა“.

„იქედან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური პრიზია, ვფიქრობ, იგი რონალდუს უნდა გადასცენ. კრიშტიანუ მას ნამდვილად იმსახურებს“, – აღნიშნა ჰოლანდიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნი“ რობენთან გაახანგრძლივებს

Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმინიგემ განაცხადა, რომ კლუბმა ჰოლანდიელ ნახევარმცველთან არიენ რობენთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.

გარდა ამისა, რუმენიგემ აღნიშნა, რომ მას არიენის „ბაიერნში“ დარჩენის სურვილის სჯერა, რისი წყალობითაც, მხარეები მალე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ ღირსებას რობენი 2009 წლიდან იცავს. ამ პერიოდში მიუნხენური კლუბის მაისურით მან 140 მატჩი ჩაატარა და 81 გოლის გატანაც მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რობენი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელს მცირე დაზიანება აღენიშნება.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში, რომელშიც “რეკორდმაისტერები” “ჰოფენჰაიმს” უპირისპირდებოდნენ, არიენ რობენმა თავისი გუნდის დახმარება ვერ შეძლო.

გუშინ, დილით, გერმანელები ჩეხეთში გაემგზავრნენ, თუმცა რობენის გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს და იგი თავის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, “პლზენის” წინააღმდეგ დააკლდება.

როგორც ბავარიელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რობენი მოედანზე დაბრუნებას “მაინცთან” შეხვედრაში შეძლებს.

სანდრო საპანაძე

ეფენბერგი: „გვარდიოლა სკოლის მასწავლებელივით მოიქცა“

ვინც გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მაინცს“ შორის გამართულ მატჩს (4:1) მიადევნა თვალყური, შეხვედრის ბოლოს არიენ რობენის გაბრაზებულ სახეს შენიშნავდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 82-ე წუთზე „მაინცის“ კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულებას ჰოლანდიელი ფეხბურთელი აპირებდა, თუმცა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით პენალტი თომას მიულერმა დაარტყა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ტელეკომპანია „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მინდოდა, რომ პენალტი მიულერს დაერტყა. მე ვარ გუნდის თავკაცი და ამით ყველაფერია ნათქვამი“.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „ბაიერნის“  ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად სატელევიზიო კომენტატორი შტეფან ეფენბერგი, რომელმაც გვარდიოლას ქცევა დაუწუნა.

„80 ათასი ადამიანის წინაშე ასე არ უნდა მოიქცე. ხელში ბურთი გიკავია, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ხარ და ამ დროს მწვრთნელი სკოლის მასწავლებელივით გეუბნება, რომ პენალტი მიულერმა უნდა დაარტყას. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ფეხბურთელი თავს შეურაცხყოფლად იგრძნობდა. ეს გადაწყვეტილება ახსნას მოითხოვს და არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გვარდიოლა მწვრთნელია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს“, – აღნიშნა ეფენბერგმა.

ბექა დოგრაშვილი