ჯეკ უილშერი შესაძლოა, იტალიის სერია A-ში ვიხილოთ

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ ვაუჯერებთ, “სამპდორიას” ხელმძღვანელები ჯეკ უილშერის ტრანსფერზე მუშაობენ.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიელებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებთან და მათ ტრანსფერის ფასიც დაუსახელეს – საუბარია 10 მილიონ ევროზე.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი უილშერმა ინგლისური “ბორნმუთის” რიგებში გაატარა, სადაც ერთი წლით იყო განათხოვრებული.

დი მარციოს ცნობით, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ.

ჟირუ: “არ ვიცი, რა იქნება მომავალში – ახლა “არსენალში” ვრჩები”

ოლივიე ჟირუმ Goal.Com-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა იქნება, მომავალში, თუმცა ამჟამად “არსენალში” ვრჩები. მსურს, ამ გუნდთან ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ახლა ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო და ფორმაში ჩავდგე. ჩემს საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და მინდა, მომავალ სეზონს მომზადებული შევხვდე.”

“სექტემბრიდან უფრო ბევრი გამოწვევის წინაშე მოგვიწევს დადგომა. თუმცა, მომწონს და უფრო მაძლიერებს ის ზეწოლა, რაც გულშემატკივრისგან თუ ჟურნალისტებისგან გვექნება. ეს კიდევ უფრო მაძლევს გოლების გატანის მოტივაციას,” – განაცხადა ჟირუმ.

პერ მერტესაკერი: “სანჩესი “არსენალში” დარჩება”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა მცველმა, პერ მერტესაკერმა კლუბის ჩილელ ლიდერზე, ალექსის სანჩესზე ისაუბრა, რომელსაც “ემირეიტს სტედიუმიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

როდესაც მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სანჩესი ლონდონში დარჩენას, მან განახადა: “დიახ, ის რჩება. ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და არ გვინდა რომელიმე ფეხბურთელი დავკარგოთ.

ჩემპიონობაზე პრეტენზია თუ გვაქვს, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გუნდიდან არ უნდა გავუშვათ, მათი დაკარგვა დიდ დარტყმას მოგვაყენებს.

სანჩესი კონფედერაციის თასზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მოუთმენლად ველი მომავალ სეზონს და ძალიან მინდა, მან ჩემს გვერდით ითამაშოს,” – აცხადებს მერტესაკერი.

“იუვენტუსს” შჩესნის გადაბირება კვირის ბოლომდე უნდა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს ლონდონის “არსენალის” პოლონელი მეკარის, ვოიცეხ შჩესნის გადაბირება კვირის ბოლომდე უნდათ. ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ჩემპიონებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმება “არსენალის” კუთვნილებაში მყოფ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე. წყაროს ცნობით, ის სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

ასე რომ, “იუვენტუსში” 27 წლის ვოიცეხის ტრანსფერს მხოლოდ ერთი რამ, “არსენალთან” ტრანსფერის ფასის შეთანხმება უდგას. სავარაუდოდ, “მეთოფეები” მის სანაცვლოდ 14.7 მილიონ ევროს მიიღებენ.

“არსენალმა” “მონაკოს” ახალი შეთავაზება გაუკეთა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ახლახან განხორციელებულ ლაკაზეტის ტრანსფერს არ ჯერდებიან და საფრანგეთიდან კიდევ ერთი ვარსკვლავის წამოყვანას აპირებენ.

L’Equipe-ს ცნობით, საქმე ამჯერად ტომას ლემარის ტრანსფერთან გვაქვს, რომელზეც მეთოფეები კარგა ხანია, მუშაობენ და უკვე გაუგზავნეს კიდეც პირველი ოფიციალური წინადადება, თუმცა უარი მიიღეს.

40-მილიონიანი წინადადების უარყოფის შემდეგ, ინგლისელებმა ფსონი 5 მილიონით გაზარდეს და ბონუსებიც დაამატეს.

გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის ტომას ლემარის გადაბირების სურვილს “არსენალთან” ერთად “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ტოტენჰემისა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.

El Mercurio: სანჩესი მზადაა, კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს

ჩილური გამოცემა, El Mercurio საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ლონდონელთა ჩილელმა ლიდერმა, ალექსის სანჩესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილი ხდება, ალექსის სანჩესმა უკვე მიაღწია შეთანხმებას პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” და ამის შესახებ “არსენალის” ხელმძღვანელობასაც აცნობა.

ასე რომ, ალექსის სანჩესი კარიერის გაგრძელებას “სიტიში” აპირებს, რომელიც “არსენალისგან” განსხვავებით, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულება კი 46.5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “მეთოფეებმა” უკვე გადაიბირეს “ლიონის” ფრანგი თავდამსხმელი, ალექსანდრე ლაკაზეტი.

კარიკატურა: ლაკაზეტი მოდის, სანჩესი მიდის? (ფოტო)

ალექსანდრ ლაკაზეტიმ უკვე მოირგო “არსენალის” ფორმა. თუმცა, თავის მხრივ ალექსის სანჩესს ჯერ კიდევ არ შეწყვეტია ფიქრი გუნდიდან წასვლაზე.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

მესუთ იოზილმა ლაკაზეტის ტრანსფერზე ისაუბრა

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა “მეთოფეთა” ახალწვეულზე, ალექსანდრე ლაკაზეტზე ისაუბრა, რომელიც აქამდე “ლიონის” ღირსებას იცავდა.

“მოუთმენლად ველი ახალ სეზონს. ძალიან გვიხარია, რომ ლაკაზეტიც ჩვენთან ერთად იქნება. ის დიდებული თავდამსხმელია, რომელიც ლიგა 1-ში ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

რამდენადაც მე ვიცი, ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია და მუდამ გოლების გატანაზეა კონცენტრირებული, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზეა, ის მუდამ ცივი გონებით აზროვნებს.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატს ადევნებს თვალს, მითხრა რომ ის ძალიან კარგად თამაშობს და მასთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას მივიღებ,” – აცხადებს იოზილი.

ბელერინმა “ბარსელონაზე” საუბარს თავი აარიდა

გერმანიის ნაკრებთან, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებმა “არსენალის” მცველს, ექტორ ბელერინს საკუთარი მომავლის შესახებ დაუსვეს კითხვები, თუმცა ამ უკანასკნელისაგან პასუხები ვერ მიიღეს.

როგორც იცით, 22 წლის ესპანელ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხანია, რაც “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, სადაც ის ადრეც თამაშობდა.

“არსენალთან” კონტრაქტი მაკავშირებს, პრე-სეზონისთვის უკან, ლონდონში უნდა დავბრუნდე. მანამდე კი ცოტა დრო დამრჩა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გასართობად.

მაქსიმალურად ვეცდები ეს დრო ჩემს ოჯახთან გავატარო და ამ ყველაფრისგან ცოტა ხნით მაინც დავისვენო. ერთმანეთს მომავალ სეზონში ვნახავთ,” – განაცხადა ბელერინმა.

ალექსის სანჩესი: “ვიცი, რომელ კლუბშიც ვითამაშებ მომავალ სეზონში”

ლონდონის “არსენალის” ჩილელმა ლიდერმა, ალექსის სანჩესმა, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ჟურნალისტის მიერ ესპანურ ენაზე დასმულ კითხვას, შეუერთდებოდა თუ არა სანჩესი ბრავოს “მანჩესტერ სიტიში”, ალექსისმა ასე უპასუხა:” კარგი კითხვაა, მაგრამ ახლა მე მხოლოდ კონფედერაციის თასზე ვარ კონცენტრირებული.

ვიცი, რომელ კლუბშიც ვითამაშებ მომავალ სეზონში, მაგრამ ახლა ამის თქმა არ შემიძლია,” – აცხადებს სანჩესი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უწინასწარმეტყველებდნენ “ბაიერნში” გადასვლას.

ალექსის სანჩესის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” დაწინაურდა

ლონდონის “არსენალის” ჩილელი ლიდერის, ალექსის სანჩესის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” დაწინაურდა. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail–ის რედაქციაშიც ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა საკმაოდ გაწელილი მოლაპარაკებების მიუხედავად, “მეთოფეებთან” სატრანსფერო ფასის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ბრძოლასაც ჩამოშორდნენ.

The Guardian-ის ცნობით, “ქალაქელები” მზად არიან უშუალო კონკურენტებს სანჩესის ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტზე მეტი შესთავაზონ.

მიუხედავად იმისა, რომ “არსენალი” ამ ტრანსფერის წინააღმდეგია, თუ ფეხბურთელის სურვილი იქნება, 28 წლის სანჩესს “ეტიჰადზე” ვეღარავინ დააკავებს.

“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.

ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.

როგორც ცნობილი ხდება, “ლიონი” მსგავსი ტიპის შეთავაზებით კმაყოფილია და ახლა ჯერი ლაკაზეტზეა, რომელსაც მომავალ კვირას უნდა შეხვდეს “მეთოფეთა” მთავარი სკაუტი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აქამდე ლაკაზეტს მადრიდულ “ატლეტიკოსთანაც” აკავშირებდნენ.