“არსენალი” ლემინას სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს ამზადებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ტურინელი “ბებერი ქალბატონისათვის” 20-მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ მარიო ლემინას ტრანსფერის თაობაზე. ამ ინფორმაციას უცხოური, საკმაოდ გავლენიანი გამოცემა, Standard აქვეყნებს.

როგორც იცით, კარგა ხანია, რაც ინგლისელი “მეთოფეები” ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაში იმყოფებიან. საბოლოო ჯამში კი, არსენ ვენგერი 23 წლის ლემინასთან მივიდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სპეციალისტი ადარებს პოლ პოგბას.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ლემინას ტურინში არც ისე დიდ ნდობას უცხადებენ, რამაც შესაძლოა, მას კლუბის დატოვება აიძულოს.

ლემინა იტალიის ჩემპიონთა რიგებს 2015 წელს, “მარსელიდან” შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ, სერია ა-ს მხოლოდ 15 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან.

ჩეხი: “არსენალისთვის” ევროპა ლიგაზე თამაში არც ისე ცუდი იქნება”

ლონდონის “არსენალის” მეკარემ, პეტრ ჩეხმა პრესასთან ევროპა ლიგის მნიშვნელობასა და ღირებულებებზე ისაუბრა.

“რაც არ უნდა იყოს, ევროპული ტიტული ევროპული ტიტულია. თანაც, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც შეგიძლია.

რა თქმა უნდა, ევროპა ლიგას ყველა ჩემპიონთა ლიგას ამჯობინებს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამ ტურნირს დიდი გუნდები უფრო დიდი ყურადღებით ეკიდებიან.

პირადად მე, ძალიან მსიამოვნებს ევროპა ლიგის მედალის არსებობა ჩემს კაბინეტში,

ევროპა ლიგასთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ამ ტურნირზე ერთადერთხელ ვითამაშე და მოვიგე კიდეც, იმ მედლის ნახვა დღესაც ძალიან მსიამოვნებს.

მე ჩემპიონთა ლიგას ვამჯობინებ, მაგრამ “არსენალისთვის” ევროპა ლიგაზე თამაში არც ისე ცუდი იქნება,” – აცხადებს პეტრ ჩეხი.

“არსენალმა” “სანდერლენდი” სანჩესის გოლების წყალობით დაამარცხა (ვიდეო)

16 მაისს პრემიერ ლიგის 34-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა.

ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე უმოტივაციოდ დარჩენილი, გავარდნილი “სანდერლენდი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ორივე გოლი ლონდონელთა ჩილელმა ლიდერმა, ალექსის სანჩესმა გაიტანა, შესაბამისად 72-ე და 81-ე წუთებზე და საკუთარ გუნდს საჭირო სამი ქულაც მოუტანა.


“არსენალი”: პეტრ ჩეხი; მონრეალი, მუსტაფი, ჰოლდინგი; გიბსი (აივობი 69′), გრანიტ ჯაკა, რემზი (უელბეკი 69′), ბელერინი; სანჩესი, იოზილი; ოლივიე ჟირუ

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“სანდერლენდი”: პიკფორდი; ჯონსი, კონე, ოშეა, მანქილო (იანუზაი 82′); ლარსონი, კატერმოული (გუჰი 82′), ნდონგი; ბორინი, დეფო, ოვიედო

მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი


არსენ ვენგერი: “ალექსისი სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსის სანჩესზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა და რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს გატანილი გოლების მხრივ.

“თავიდან, ალექსისი უბრალო ფეხბურთელი იყო, რომელიც ძირითადად გოლების გატანაზე იყო დაგეშილი. ჩვენთან მოსვლის შემდეგ კი, მან საგოლე გადაცემების კეთებაც დაიწყო.

ახლა კი ის იმ პოზიციაზე თამაშობს, საიდანაც გოლების გატანაც შეუძლია და მათი შექმნაც. მჯერა, რომ “არსენალში” ყოფნის პერიოდმა ის სრულყოფილ ფეხბურთელად აქცია.

მისგან ასეთი სეზონი მოსალოდნელი იყო, ამიტომაც არის ის განსაკუთრებული ფეხბურთელი,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ალექსის სანჩესის პირადი რეკორდი

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ანგარიში ლონდონის “არსენალის” ჩილელმა შემტევმა გახსნა, რომელმაც “საუთჰემპტონის” კარი მატჩის მეორე ნახევარში დალაშქრა.

“მეთოფეთა” ლიდერისათვის ეს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი მეოცე გოლია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

აქამდე მის საუკეთესო მაჩვენებლად 2013/14 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი – ერთ სეზონში გატანილი 19 გოლი (საშინაო ჩემპიონატში) ითვლებოდა. მაშინ სანჩესი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.

ამასთანავე, სანჩესი პირველი ფეხბურთელი გახდა 2011/12 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონატის ერთ სეზონში 20 გოლის გატანა შეძლო. ბოლოს ეს რობინ ვან პერსიმ მოახერხა, როდესაც ერთ სეზონში 30-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

ნევილი: “მოურინიოს შედეგი არ ადარდებდა, “არსენალთან” მატჩის შემდეგ იღიმოდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველის, ფილ ნევილის თქმით, ჟოზე მოურინიოს “არსენალთან” გამართული მატჩის შედეგი დიდად არ ადარდებდა.

“ეს იყო მეხუთე და მეექვსე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება, თუმცა მეცხრე-მეათე ადგილოსნების უინტერესო თამაშს უფრო ჰგავდა, როდესაც შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

დიახ, “არსენალმა” მოიგო და “იუნაიტედის” დაუმარცხებელი სერიაც დაასრულა, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა – მათ შორის ჟოზე მოურინიოსაც.

13 წლის მცდელობის შემდეგ, ვენგერმა პირველად დაამარცხა მოურინიო ტურნირის მატჩში. თუმცა, მოურინიო ამაზე სულაც არ ფიქრობდა. პირველად ვნახე ასეთი მოდუნებული და მომღიმარი მატჩის შემდეგ,” – აცხადებს ნევილი.

ვოიცეხ შესნი პრემიერ ლიგაში აპირებს დაბრუნებას

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” კუთვნილებაში მყოფი პოლონელი მეკარე, ვოიცეხ შესნი პრემიერ ლიგაში აპირებს დაბრუნებას.

როგორც იცით, პეტრ ჩეხის მოსვლის შემდეგ, პოლონელი “რომაში” გაანათხოვრეს, სადაც მისი კარიერა არც ისე კარგად აეწყო და ახლა ყველაფრის გაკეთებას ცდილობს, რომ უკან დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, “რომას” ახალმა დირექტორმა, მონჩიმ უკვე დაიწყო ახალი მეკარის ძიება.

ასე რომ, შესნი “არსენალს” უბრუნდება, სადაც პირველ მეკარედ ყოფნის გარანტია ნამდვილად არ ექნება. არის შანსი იმისა, რომ “მეთოფეებმა” 27 წლის მეკარე რომელიმე სხვა ბრიტანულ კლუბში გაანათხოვრონ.

მოურინიო: “ახლა ჩვენთვის ოთხეულში შესვლაზე მნიშვნელოვანი ევროპა ლიგის მოგებაა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

ამ დროისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან “მანჩესტერ სიტის”, წინ კი მხოლოდ სამი მატჩია დარჩენილი. ამიტომაც, “წითელმა ეშმაკებმა” მეოთხე ადგილზე ოცნებას ევროპა ლიგის მოგება ამჯობინეს.

“დიახ, მთლიანად ევროპა ლიგაზე ვართ გადართულები. დღესაც ასე იყო, მხოლოდ შედეგისთვის ვთამაშობდით.

შეიძლება საუკეთესო ფეხბურთელებით არ გვითამაშია, მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დაგვადანაშაულებთ, რომ თამაშის მოგება არ გვიცდია. სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით პრემიერ ლიგის დარჩენილ სამ მატჩშიც,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

“ბაიერნი” მზადაა, სანჩესის სანაცვლოდ 65 მილიონი გადაიხადოს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები თავიანთ სატრანსფერო პოლიტიკაში მცირე ცვლილების შეტანას აპირებენ.

როგორც იცით, “ბავარიელები” მუდმივად ერიდებიან ხმაურიან ტრანსფერებს, თუმცა კარლო ანჩელოტის მოთხოვნას, ალექსის სანჩესის ტრანსფერის თაობაზე გერმანელებმა უარი ვერ უთხრეს.

The Telegraph-ის ცნობით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი მზადაა, სანჩესის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო (55 მილიონი ფუნტი) გადაიხადოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერით ამავდროულად “პარი სენ-ჟერმენი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.

მესუტ იოზილი თურქეთში?

Fotospor-ის მიერ გავრცელებული უახლესი და ექსკლუზიური ცნობების მიხედვით, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელებმა უკვე წამოიწეს მოლაპარაკებები მესუტ იოზილის აგენტთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

როგორც იცით, 28 წლის გერმანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არც ისე კარგად გამოიყურება, მისმა კლუბმა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურიც დაკარგა, რამაც შესაძლოა, იოზილს “ემირეიტსის” დატოვება გადააწყვეტინოს.

თუმცა, არის ერთი ხელისშემშლელი ფაქტორიც, რამაც შეიძლება ეს ტრანსფერი ჩაშალოს – “ფენერბახჩეს” საკუთარი სახსრების ბოლომდე გამოყენების უფლებას უეფას ფეარ პლეის წესები არ აძლევენ.

წყაროს ცნობით, თურქები “არსენალს” ოფიციალური შეთავაზებით სულ მალე მიმართავენ.

ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემმა” იმარჯვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ტოტენჰემი” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის პირველ მა ათმა წუთმა გადაწყვიტა, როდესაც დელე ალიმ და ჰარი კეინმა მოახერხეს ჩეხის კარში გოლების გატანა.

შედეგად, “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის სხვაობა 17 ქულამდე გაიზარდა.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიე; ვანიამა, დაიერი; სონი (დემბელე 79′), დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“არსენალი”: პეტრ ჩეხი; გაბრიელი (ბელერინი), კოშელნი, მონრეალი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, რემსი, ჯაკა (უელბეკი 65′), გიბსი; ოზილი, სანჩესი; ოლივიე ჟირუ (ტეო უოლკოტი 81′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


ვენგერმა “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ მცირე ბიუჯეტით ვარსკვლავების შენარჩუნება გაუჭირდებათ.

“როდესაც გარკვეულ დონეს აღწევ, რაღაც მომენტში ფეხბურთელებს სურვილი უჩნდებათ, ისევე დააფასონ, როგორც მათი დონის სხვა მოთამაშეები.

თუ ბიუჯეტი დიდი ხნის მანძილზე არ გაიზრდება და სხვაობა უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, მათი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება,” – განაცხადა ვენგერმა “ტოტენჰემთან” გასამართი მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ტოტენჰემი” 4 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ “ჩელსის” და 14 ქულით უსწრებს “არსენალს”.