ცუდი სიახლე “არსენალის” ფანებისთვის: ბელერინი ოთხი კვირით იუქმებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ადასტურებს ინფორმაციას ჰექტორ ბელერინის ტრავმის შესახებ და აცხადებს, რომ მას ლაზარეთში დაახლოებით ოთხი კვირის გატარება მოუწევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ესპანელმა მცველმა ფეხი “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში დაიზიანა, რომელიც სანაკრებო ბატალიების დაწყებამდე გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა.

ვციტირებთ ვენგერის სიტყვებს: “ჰექტორი მოედნის ფარგლებს მიღმა დაახლოებით ოთხ კვირას გაატარებს. მან ტრავმა “სპურსთან” გამართული მატჩის ბოლო წამებზე მიიღო.”

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს “არსენალი” საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ბელერინის არყოფნა კი გუნდის ფორმაზე ნამდვილად ცუდ გავლენას იქონიებს.

მესუთ იოზილი: “ამ “არსენალს” ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხება შეუძლია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელ ნახევარმცველს, მესუთ იოზილს სჯერა, რომ მის გუნდს ყველა რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ ინგლისის ჩემპიონი გახდეს.

“ჩვენ ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხებისთვის საჭირო უნარი გაგვაჩნია, რის დამტკიცებასაც სწორედ ამ სეზონში ვაპირებთ.” – განუცხადა გერმანელმა Arsenal Player-ს.

“ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, იმდენი ქულა უნდა ავიღოთ, რამდენიც შესაძლებელია და დიდ გუნდებთან ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს “ჩელსისთან” გავაკეთეთ.

სხვებს არ უნდა ვუყუროთ. ჩვენს თავზე უნდა ვიმუშავოთ და თუ ყველა თამაშის მოგებას მოვახერხებთ, ჩემპიონობა თავისით მოვა.” – დაამატა მან.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”: მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

ცნობილი გახდა, თუ ვინ განსჯის “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს” შორის შაბათს, პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ეგიდით გასამართ მატჩს.

საუბარია ანდრე მარინერზე, რომელმაც ჟოზე მორუინიოს სადებიუტო მატჩიც განსაჯა მიმდინარე სეზონში. “ვიტალიტი სტედიუმზე”, 14 აგვისტოს გამართულ მატჩში, რომელშიც სტუმრებმა იმარჯვეს (1-3), მარინერმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ახალ სეზონში მარინერმა პერმიერ ლიგის რვა მატჩი განსაჯა. საერთო ჯამში მან 29 ფეხბურთელი გააფრთხილა ყვითელი ბარათის ჩვენებით, ერთი კი პირდაპირ გააძევა (“ჰალ სიტის” აჰმედ ელმუჰამედი).

მაგრამ საპირისპირო თვისებებზე მიგვანიშნა ევროპა ლიგის მატჩმა, “პანათინაიკოსსა” და “აიაქსს” შორის, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ მატჩში მან 9 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი, სამს – წითელი.

მესუთ იოზილი: “მარჯვენა ფეხი ჩემი მთავარი სისუსტეა”

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა თავის სისუსტეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარჯვენა ფეხით თამაში უჭირს.

“თუ გინდა, რომ როგორც ფეხბურთელი წინ წახვიდე, შენს სისუსტეებზე ყოველდღიურად უნდა იმუშაო. ” – განაცხადა მან კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში.

“რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ნიჭიერიც უნდა იყო. თუმცა ფაქტია, რომ უნაკლო არავინაა და სწორედ ამ ნაკლების გამოსწორებაა მთავარი. მაგალითად მთავარი სისუსტე ავიღოთ: მე მემარცხენე ვარ, ამიტომაც მარჯვენა ფეხზე მიწევს მუშაობა.

საკუთარი თავის სრულყოფა პრემიერ ლიგისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აქ თითოეულ მატჩს და თითოეულ მომენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.”

ექს-“არისტოკრატი”: “იოზილი პრემიერ ლიგის ყველაზე გაპიარებული ფეხბურთელია”

ლონდონური “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა მცველმა, ჯეისონ ქანდიმ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, როდესაც მესუთ იოზილს პრემიერ ლიგის ყველაზე ზედმეტად შეფასებული ფეხბურთელი უწოდა.

“ამას საჯაროდ არ ვამბობ, მაგრამ ვთვლი, რომ “არსენალის” მესუთ იოზილი ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში.” – განაცხადა “არისტორკატთა” ტელევიზიაში მომუშავე ქანდიმ.

“გასულ კვირას იძულებულნი გავხდით მისთვის თავი დაგვეხარა, რადგანაც მან ბულგარელ ფერმერების კარში ლამაზი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, “არსენალმა” 2-0-დან მოგება რომ მოახერხა? ვინ ჯანდაბაა “ლუდოგორეცი”, რომელთა მარცხიც ასეთ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს?”

იოზილი: “რონალდუ საუკეთესოა, მან მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის დახმარებით, ის უკეთესი ფეხბურთელი გახდა.

“მისნაირი ფეხბურთელი მეორე არ მინახავს. გასახდელში ის პირველია, გასვლისას კი ბოლო. მისი პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა, ის საბრძოლველად ყოველთვის მზად არის, მაშინაც კი, თუ საქმე მხოლოდ ვარჯიშს ეხება.

რონალდუს გვერდით თამაშით ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მან უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. ის კარგი პიროვნება და კარგი მეგობარია.

რა თქმა უნა, მე მას ძალიან ბევრი საგოლე გადაცემა გავუკეთე! ორ საგოლე გადაცემას თუ გავუკეთებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ორივე მათგანს გოლად აქცევდა.” – განაცხადა გერმანელმა.

ჩრდილოლონდონური დერბის წინ: კეინი და უოლკოტი სასტარტოში, დელე ალი – არა

კვირას, ლონდონის “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის გასამართ მატჩში მოედანზე ჰარი კეინი და ტეო უოლკოტი დაბრუნდებიან, რომლებმაც ახლახან მოიშუშეს სერიოზული ტრავმები.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს მუსა დემბელეც, რომლის თამაშიც მატჩის წინ საეჭვოდ მიაჩნდათ. თუმცა ძირითადში ვერ მოხვდა დელე ალი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მუხლი დაიზიანა.

“მეთოფეები” კი დღევანდელ მატჩში სანტი კასორლას გარეშე იქნებიან. აარონ რემზი და ოლივიე ჟირუ კი ვენგერმა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.


“არსენალის” სასტარტო შემადგენლობა: პეტრ ჩეხი; ჰექტორ ბელერინი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი; კოკლინი, ჯაკა; უოლკოტი, მესუთ იოზილი, ალექს აივობი, ალექსის სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: ოსპინა, გაბრიელი, გიბსი, რემზი, ელნენი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჟირუ.

“ტოტენჰემის” სასტარტო შემადგენლობა: ჰუგო ლორისი, უოლკერი, ვერტონგენი, ვიმერი, დენი როუზი, ერიკ დაიერი, ვანიამა, მუსა დემბელე, კრისტიან ერიქსენი, სონი, ჰარი კეინი.

სათადარიგოთა სკამი: ვორმი, რიპერი, კარტერ-ვიკერსი, ვინკსი, ონომაჰი, ნკუდუ, იანსენი.


ერიკ კანტონა: “იოზილის გოლი – ნამდვილი საფეხბურთო ორგაზმი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ერიკ კანტონამ ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუტ იოზილის მიერ “ლუდოგორეცის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი განსხვავებულად შეაფასა.

“ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალის” ნახევარმცველის, იოზილის მიერ გატანილი გოლი ნამდვილი საფეხბურთო ორგაზმი იყო.” – განაცხადა ფრანგმა Eurosport-თან საუბრისას.

“ჟრუანტელმა დამიარა: მეკარის ბავშვივით მოტყუება, ბურთის გადატანა და რბილი დარტყმა კუთხეში. ზოგჯერ ფეხბურთი მართლაც რომ ხელოვნებაა.”

ორი შემტევის ამბავი: როგორ შეიცვალა ყველაფერი ლონდონურ კლუბებში

კვირას, თბილისის დროით 16:00 საათზე სტარტს ინგლისური პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება აიღებს, რომელსაც ლონდონური კლუბები განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან…

ჩრდილოლონდონური დერბი უკვე კარს მოგვადგა, თუმცა მაურისიო პოჩეტინო კვლავ ვერ ახერხებს გუნდის შეტევით ხაზში არსებული პრობლემების მოგვარებას მაშინ, როდესაც არსენ ვენგერის ბანაკში ახლაც ზეიმობენ მესუტ იოზილის გოლით მოგებულ მატჩს (“ლუდოგორეცთან”). არადა, სეზონის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.

კვირას, “ემირეიტს სტედიუმზე” შეკრებილი გულშემატკივარი შეტევითი ფეხბურთისადმი ორი განსხვავებული დამოკიდებულების მქონე გუნდის დაპირისპირებას იხილავს. ბუნებრივია, ორივე სახის ფილოსოფიას გააჩნია ისევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

ფორმაში მყოფი “არსენალი” თავისი თამაშით სიამოვნებას იღებს და ეს მასტიმულირებელიც არის ხოლმე, პოჩეტინოს ბიჭები კი ფორმაში ყოფნისასაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ თამაში მათ ძალიან ღლით. ხოლო მაშინ, როდესაც არსენის გუნდი ცუდ ფორმაშია, მათი შეტევა საკმარისად მახვილი ვერ არის, მეტოქის დაცვა რომ გაჭრას, ასე რომ ისინი დროის უმეტეს ნაწილს საჯარიმოს გარშემო ბურთის გორებაში ატარებენ. ცუდ ფორმაში მყოფი “სპურსის” მთავარ პრობლემას კი ფანტაზიისა და ინდივიდუალიზმის ნაკლებობა წარმოადგენს.

“ტოტენჰემის” მოუგებელი სერია უკვე ექვს მატჩს ითვლის, ასე რომ პოჩეტინომ რაიმე სხვა მეთოდს უნდა მიმართოს, თორემ ასეთი წყობით ისინი “არსენალთან” სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევენ.

ძალზედ საკვირველია, თუ რაოდენ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი “მამლებისათვის” – დაახლოებით ერთი თვის წინ, მათ თვით “მანჩესტერ სიტისთვისაც” შეეძლოთ სასურველი რაოდენობის გოლების გატანა, ახლა კი უკვე 6 მატჩია, გამარჯვების გემო არ გაუსინჯავთ. ამასთანავე, ბოლო 6 მატჩში ლონდონელებმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხეს საერთო ჯამში.

მართალია, რამდენჯერმე მათ იღბალმაც უმტყუვნათ და ძელსა და ხარიხასაც მოხვდა ბურთი, მაგრამ ამით ისინი თავს მაინც არ უნდა იმართლებდნენ. რთულია ეს პრობლემები ერთ დიდ სისუსტეში არ გააერთიანო

ფორმაში მყოფი “ტოტენჰემი”, რომელიც პრესინგს ბრწყინვალედ ასრულებს, ძლიერია ბურთთან ერთად და საკმაოდ კომბინაციებსაც ათამაშებს, ყველაზე კარგად “უოტფორდის” ყოფილმა თავკაცმა, კიკე სანჩეს ფლორესმა აღწერა, რომელმაც მათ “ცხოველებიც” უწოდა და აღნიშნა, რომ მათი დამარცხება უბრალოდ “შეუძლებელი” იყო: “ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბევრი ვივარჯიშეთ, ვეცადეთ ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა … მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, შეუძლებელი.”

გასულ სეზონში “ტოტენჰემი” თამაშების ერთბურთიანი სხვაობით მოგებას დაეჩვია, მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ყველა მატჩში ჰქონდათ 2-3 რეალური შანსი გოლის გატანისა, თუნდაც ეს გახსნილი თამაში არ ყოფილიყო.

ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს ხშირად ლონდონელთა ინგლისელი ლიდერი, ჰარი კეინი თამაშობდა, რომელიც ენერგიულობასა და ენთუზიაზმის მაღალ დონესთან ერთად უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო ინტელექტითაც არის დაჯილდოებული. ის უეცრად გამოჩნდება არსაიდან და ყველაფერს ერთ წამში მოუღებს ბოლოს.

კეინის გარეშე “ტოტენჰემი” უფრო არეულია, ბურთს უფრო ცუდად ათამაშებს. იყო დრო, როდესაც “ტოტენჰემის” ლიდერობა სონ ჰოინ-მინმა იტვირთა, თუმცა პოჩეტინოს გუნდს ბოლოს მაინც დაეტყო კეინის არყოფნა. სონის, დელე ალისა და ლამელას ინდივიდუალიზმი საკმარისი არასდროს იქნება – მეტია საჭირო, კეინის გარეშე კი სისტემა შესაცვლელი ხდება.

სისტემა უნდა შეცვლილიყო, თუმცა არ შეცვლილა. პოჩეტინო იმ იმედით იყო, რომ იანსენი კეინის ჩანაცვლებას მოახერხებდა, თუმცა ეს არც მომხდარა და სავარაუდოდ არც მოხდება.

ჰოლანდიიდან გადმობარგებული იანსენი ლონდონელთა ოლივიე ჟირუს წარმოადგენს, ოღონდ უფრ ძველ ვერსიას. შესაძლოა, ასეთი შედარება ფრანგისთვის შეურაცხმყოფელიც აღმოჩნდეს – მართალია, ის “არსენალის” მთავარი ფორვარდი არ არის, მაგრამ მისი შესაძლებლობები, რომლებიც “სანდერლენდთან” მატჩში ვიხილეთ, მსოფლიოს მიერ არის აღიარებული. მისი სახით ვენგერს გენიალური, ალტერნატიული ვარიანტი აქვს თამაშის შეცვლისა. იანსენის შემთხვევაში კი იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

და თუ ვენგერი ჟირუს გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ ის უკვე ნაცად ფორმულას უბრუნდება, რომელიც ალექსის სანჩესის ცენტრში გადაყვანას ითვალისწინებს. წარსულში ეს ფორმულა არ მოქმედებდა, თუმცა ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა – ალექსისი უფრო და უფრო მიეჩვია ცენტრში თამაშს და მალე შესაძლოა, პოზიციაც შეიცვალოს.

Untitled-1

როგორც უკვე დავამტკიცეთ, ამ სეზონში ყველაფერი ელვისებური სისწრაფით იცვლება – სანჩესისა და ჰარი კეინის სიჩქარეზე უფრო სწრაფადაც, ასე რომ ჩრდილოლონდონურ დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გარი ნევილმა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შანსები შეაფასა

გარი ნევილმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის კანდიდატთა შანსები განიხილა, თუმცა რომელიმე მათგანის გამორჩევა ვერ მოახერხა.

“ვფიქრობ, “ტოტენჰემი” იმდენად ძლიერია, რამდენადაც “ლივერპული”, ვფიქრობ “ტოტენჰემი” ისეთივე დონეზეა, როგორზეც “ჩელსია”. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ “სპურსი” ევროსარბიელზე გამოდის, ამიტომაც მასზე წინ “ლივერპულსა” და “ჩელსის” დავაყენებდი პრემიერ ლიგაში.

ჩემი გადმოსახედიდან “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” უკეთესი გუნდები არიან, მაგრამ შეიძლება კი მათი ბოლომდე ნდობა? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ორი გუნდი ევროპაშიც თამაშობს, თანაც ჩავარდნებიც ჰქონდათ, ამიტომ მათგან მეტს ვითხოვ, რათა რეალურ კანდიდატად განვიხილო.

სწორედ ასეთია ფავორიტთა მდგომარეობა ინგლისში, ისე რომ “იუნაიტედი” არც კი მიხსენებია, რომელიც ბოლო დროს ძველებურად ვეღარ თამაშობს.”

ტიერი ანრი: “ვენგერი ინგლისის ნაკრების თავკაცად?”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ “მეთოფეთა” ამჟამინდელი თავკაცის ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხილვის შესაძლებლობები შეაფასა.

“არასდროს იცი რა მოხდება, მაგრამ ვთვლი, რომ ამის შანსები ძალიან მცირეა.” – განაცხადა ანრიმ ვენგერის “სამი ლომის” შესაძლო თავკაცობაზე საუბრისას.

“უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ არსენს ყოველდღიური მუშაობა უფრო იზიდავს, რაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეუძლებელია. ამასთანავე ვთვლი, რომ ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი ესაჭიროება.” – დაამატა მან.

დადასტურდა: მომდევნო მატჩებში ლონდონის “არსენალს” ლუკას პერესი დააკლდება

ლონდონის არსენალის ცენტრალური თავდამსხმელი ლუკას პერესი ტრავმირებულია. სამშაბათს ინგლისის თასის ეგიდით გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ის ლაზარეთში დაახლოებით 6 კვირას დაჰყოფს.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” ესპანელი ფორვარდი იაპ სტაამის გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩი სასტარტოდან დაიწყო, თუმცა 72-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუკას პერესმა “არსენალში” პირადი ანგარიში ამავე ტურნირის მესამე ტურის მატჩში გახსნა, სადაც მისმა გუნდმა “ნოტინგემ ფორესტი” დაამარცხა (4-0).

ასე რომ, “დეპორტივოს” ექს-ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდს ნოემბრის უმნიშვნელოვანეს მატჩებში დააკლდება – ნოემბერში ლონდონელებს “ტოტენჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს წინააღმდეგ უწევთ თამაში.