კონტე: “არასდროს დავივიწყებ, რომ მასთან ერთად პრემიერ ლიგა მოვიგეთ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდიდან დიეგო კოშტას წასვლაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც “არისტოკრატთა” საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

“არასდროს დავივიწყებ, რომ მასთან ერთად პრემიერ ლიგა მოვიგეთ. მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთა და არა მარტო გასული სეზონისთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოსკენ ანტონიო კონტესა და დიეგო კოშტას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მეტწილად სწორედ კონტეს დამსახურებაა, რომ კოშტამ კლუბი ნაადრევად დატოვა.

გრიზმანი: “საუკეთესო სტადიონი, სადაც მითამაშია…”

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკომ” “მალაგა” ახალ სტადიონე, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლის გატანა 61-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა მოახერხა.

ფრანგმა შემტევმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მოგება ძალიან გვინდოდა. აქ ხუთშაბათს ვივარჯიშეთ, თუმცა რაღაც გვაკლდა – მე-12, ანუ გულშემატკივარი. ჩვენ ისინი ძალიან გვენატრებოდა. მინდა, გითხრათ, რომ “ვანდა მეტროპოლიტანო” საუკეთესო სტადიონია, რომელზეც ოდესმე მითამაშია. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს ჩვენი სტადიონია.”

“მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავხმარებოდი გუნდს. ბენდიერი, ვარ რომ “ატლეტიკოსთვის” კიდევ ერთხელ დავიხარჯე ბოლომდე და ეს შეხვედრა მოვიგეთ. ყოველ ახალ შეხვედრაში უკეთესად ვგრძნობ თავს. ამ გზით უნდა განვაგრძოთ განვითარება,” – აცხადებს ანტუანი.

 

“ატლეტიკომ” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” პირველი მატჩი გამართა (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. “როხიბლანკომ” 2017 წლის 16 სექტემბერს პირველი მატჩი გამართა ახალ სტადიონზე, რომელიც “ვანდა მეტროპოლიტანოს” სახელითაა ცნობილი. ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო ამ ცვლილებებით, მაგრამ ახალი სტადიონის ხილვის შემდეგ მათმა უმეტესობამ აზრი შეიცვალა.

“მსგავსი არაფერი მინახავს, ეს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება,” – აცხადებს ახალი სტადიონზე მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ (“ატლეტიკო” 1-0 “მალაგა”), დიეგო ჩოლო სიმეონე.

“ვანდა მეტროპოლიტანოზე” შეკრებილმა 68 000-მა გულშემატკივარმა მატჩის წინ ბრწყინვალე სანახაობა იხილა და ანტუან გრიზმანის გოლის წყალობით, მადრიდელთათვის ეს დღე მშვენივრად დასრულდა.

ფელიპე ლუიში: “სიმეონე მამაჩემზე უკეთ მიცნობს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა, ფელიპე ლუიშმა პრესასთან დედაქალაქური გრანდსა და მის მთავარ მწვრთნელზე, დიეგო სიმეონეზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებს.

“სიმეონეს უდიდეს პატივს ვცემ, მისი შესაძლებლობების სიდიადეს ვაღიარებ. ის მამაჩემზე უკეთ მიცნობს. “ატლეტიკოში” თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას სწორედ ამ კლუბში დავასრულებდი.

სანამ მზე ანათებს და ცხოვრება გრძელდება, “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრს არ შეწყვეტს. ლისაბონში განცდილი ტკივილი ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ამას ბევრი უძილო კვირები მოჰყვა.

რაც შეეხება ლეო მესის, მე მის სიძლიერეს ვაღიარებ. მას თამაშისას არასოდეს უწუწუნია, თუმცა არც მე მითხოვია მესისთვის მაისური და ამას არც ვაპირებ,” – აცხადებს ლუიში.

დიეგო კოშტა: “ატლეტიკოში” გადასვლაში ეს მიშლის ხელს”

დიეგო კოშტას ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მისწერა, რომ ესპანელი მის გეგმებში აღარ შედიოდა და ახალი კლუბის ძებნა უნდა დაეწყო. ამის შემდეგ, კოშტამ საჯაროდ გამოთქვა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნების სურვილი.

ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშე “როხიბლანკოში” მის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

“უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ “ატლეტიკოში” თამაში მინდა. თუმცა, თუ “როხიბლანკო” დიდ თანხას არ გადაიხდის, “ჩელსი” არ გამიშვებს და ამ სურვილსაც ვერ დავიკმაყოფილებ. საბოლოოდ, ესპანელებს საკმაო სარგებელის მიცემა მოუწევთ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა არც ის მგონია, რომ “ატლეტიკომ” ბოლომდე გადაიხადოს “ჩელსისთვის” სასურველი თანხა.”

“ჩემი აგენტისგან გავიგე, რომ “ლურჯებს” იმაზე მეტის აღება უნდათ, რაც ჩემში სამი წლის წინ გადაიხადეს (32 მილიონი ფუნტი, ავტ.). თითქოს, “ჩელსის” მაქსიმალურად სურს ეს ტრანსფერი შეაფერხოს. იმედია, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გადაყწდება,” – აცხადებს კოშტა.

ვიეტოს ტრანსფერზე სამი კლუბი მუშაობს

Sky Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “სამპდროიას” ხელმძღვანელები “ატლეტიკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” კუთვნილებაში მყოფი ახალგაზრდა ტალანტი არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და მზადაა, “ვანდა მეტროპოლიტანო” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.

23 წლის არგეტნინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე “სამპდორიას” გარდა “ვილიარეალი” და “მონაკოც” მუშაობს.

გასულ სეზონში ვიეტო “სევილიაში” თამაშობდა არენდის წესით. პრიმერას 21 მატჩში მან 6 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი იან ობლაკის აგენტს შეხვდება

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ გეგმავენ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობით სარგებლობას. ამჯერად, პარიზელები თავიანთ კლანჭებში “ატლეტიკოს” კარის დარაჯის, იან ობლაკის მოქცევას გეგმავენ.

As-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უკვე დაგეგმა შეხვედრა სლოვენიელი მეკარის წარმომადგენლებთან რომლებიც პარიზში იმყოფებიან.

გეტყვით იმასაც, რომ ობლაკს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა პარიზული კლუბი მზადაა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

“ლივერპული” – “ატლეტიკო”: გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გაარკვია (ვიდეო)

აუდის თასის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად 2 აგვისტოს ჩატარებულ მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

როგორც იცით, წელს წინასასეზონი მინი-ტურნირში მონაწილეობას “ბაიერნის”, “ნაპოლის”, “ლივერპულისა” და “ატლეტიკოს” გუნდები იღებდნენ. ფინალში ერთმანეთს “ბაიერნისა” (0:3) და “ნაპოლის” (1:2) მძლეველი გუნდები დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მატჩის 33-ე წუთზე ბარემ გახსნა, რასაც რობერტო ფირმინომ 83-ე წუთზე უპასუხა. პენალტების სერიაში კი 10-დან ერთადერთი პენალტი ჯორდან ჰენდერსონმა გააფუჭა. შედეგად, თასი “ატლეტიკოს” დარჩა.


“ლივერპული”: ვორდი; მილნერი, კლავანი, გომესი, ფლანაგანი, ვეინალდუმი, ემრე ჯანი (ჰენდერსონი 46′); სადიო მანე, ვუდბარნი, ლალანა; სოლანკე (ორიჯი 64′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“ატლეტიკო”: მიგელ ანხელ მოია; ვრსალკო, ხიმენესი(ხუანფრანი 73′), ლუკასი, გონსალესი; კრანევიტერი (გაიტანი 74′) , ფერნანდესი, ტომასი, ბარე; კორეა, ვიეტო;

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე


ფერნანდო ტორესი: “სიმეონემ ყველას აჩვენა, რომ ის დიდებული ლიდერია”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელმა შემტევმა, რომელმაც “ნაპოლისთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1) ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო, პრესასთან გუნდის თავკაცზე, დიეგო სიმეონეზე ისაუბრა.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიმეონე ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. მწვრთნელიც ისეთივეა, როგორიც ფეხბურთელი იყო. უნდა, რომ ყველა კონცენტრირებული იყოს ვარჯიშზე და დავალებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

მისი კომუნიკაციის უნარი შესანიშნავია, ყველას ძალიან მარტივად აგებინებს თავის ტაქტიკებსა და იდეებს. ვფიქრობ, ის ამით ბედნიერია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ყველა დაარწმუნა, რომ ის დიდებული ლიდერია.

მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელების შენარჩუნება მოვახერხეთ. რთული გუნდების წინააღმდეგ გამარჯვება ამის გარეშე რთული იქნება. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულოთ, მან ყველაფერი იცის,” – აცხადებს ფერნანდო ტორესი.

სიმეონეს გრიზმანის მიმართ “ბარსელონას” ინტერესი მხოლოდ სიამოვნებას გვრის

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტონიო გრიზმანის გარშემო გავრცებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, “როხიბლანკოს” ფრანგი თავდამსხმელი “კამპ ნოუზე” აპირებს გადაბარგებას.

“მსგავსი ტიპის ინტერესის არსებობა სულაც არ მაშინებს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბები ჩემი ფეხბურთელებით ინტერესდებიან.

კლუბი ყველაფერს აკეთებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად, რომელთა გადაბირებაც უდიდეს კლუბებს სურთ. რაც მთავარია, კლუბში დარჩენა მათი სურვილიცაა.

კლუბთან საკმაოდ ძლიერი კავშირი მაქვს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. ერთად შევძლებთ წარმატებისთვის საჭირო გზის გაკაფვას,” – აცხადებს სიმეონე.

Marca: ნეიმარს გრიზმანი შეცვლის

Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ნეიმარის ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემთხვევაში, კატალონიელები მთელ ყურადღებას ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე გადაიტანენ.

როგორც იცით, “როხიბლანკოს” 26 წლის ფრანგი თავდამსხმელი ზაფხულში კლუბიდან წასვლას გეგმავდა. “ატლეტიკოში” ის მხოლოდ სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო დარჩა.

რაც შეეხება გრიზმანის გამოსასყიდ თანხას, ის 100 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რისი გადახდაც კატალონიელებს 222 მილიონის მიღების შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეთ.

“საუთჰემპტონი” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერზე მუშაობს

ბრიტანული “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

როგორც იცით, 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “სევილიაში”, არენდის წესით გაატარა. მისი ტრანსფერის სანაცვლოდ კი “როხიბლანკო” დაახლოებით 12 მილიონ ფუნტს ითხოვს.

გეტყვით იმასაც, რომ “წმინდანებს” ახალ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პელეგრინო გაწვრთნის, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ფეხბურთელს.

23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის ბოლო სამ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა და ამ დროის მანძილზე 19 გოლის გატანა შეძლო.