ავთო ებრალიძე: “იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ”

პორტუგალიის სუპერლიგაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველის, ავთო ებრალიძეს “ჟილ ვისენტეს” მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის კლუბი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

Fanebi.com ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და საკლუბო ამბებთან ერთად სანაკრებო თემაზეც ესაუბრა.

– სამწუხაროდ ძალიან ცუდი სეზონი გვაქვს. მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ყველა, ვინც თვალყურს ადევნებს  პორტუგალიურ ლიგას ჩვენს ყოფნას ცხრილის შუაში პროგნოზირებდა, თუმცა ფაქტი სახეზეა და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ბრალია. 

– როგორ შეაფასებდი კლუბის შანსებს სეზონის ბოლოს. შეძლებთ ადგილის შენარჩუნებას? 

– სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. შანსები ჯერ კიდევ არის. 

რას აპირებ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი პრიმეირადან გავარდება?

– ამ ეტაპზე სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული “ჟილ ვისენტეს” მიმდინარე მიზნებზე. 

– ნაკრებზეც გკითხავ, სადაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ხშირად გიძახებდნენ. როგორ ფიქრობ, რა დააკლდა ქეცბაიას ფორმაციის გუნდს?

– ნაკრებმა შედეგს რომ ვერ მიაღწია ქეცბაიას ბრალი არ არის. განსაკუთრებული შედეგებისთვის არ ქეცბაიამდე მიუღწევია ვინმეს. ამ კაცმა ნაკრებში გული და სული ჩადო და ყველამ ნახა, თუ როგორ უნდოდა მას წარმატების მოტანა. მაგრამ, ყველაფერი მხოლოდ ქეცბაიაზე არ იყო დამოკიდებული. 

– მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხადაძის დანიშვნას როგორ შეაფასებდი? 

– ცხადაძის თავკაცობით ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა. მალტელები დავამარცხეთ, გერმანიასთან კი გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

– ნაკრებში შენს შანსებზე რას გვეტყოდი? 

– როცა ქეცბაია მიძახებდა იმ დროს ნაკრებში თამაში მეკუთვნოდა. პორტუგალიის ჩემპიონატში მეც და გუნდსაც კარგი სეზონი გვქონდა. ახლა კი გუნდიც ცუდ დღეშია და მეც ტრავმის გამო 3 თვე გამიცდა. თუმცა, უკვე დავბრუნდი და ვთამაშობ. იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ

– ტრავმის შედმეგ ფორმის აღდგენა თუ მოახერხე? 

– დიახ, თამაშები უკვე მიწევს და ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები. 

ებრალიძის “ჟილ ვისენტე” სეგუნდას უახლოვდება

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში მორიგი მარცხი იწვნია “ჟილ ვისენტემ”, რომელიც “ნასიონალთან” სტუმრად, 3:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი, ავთო ებრალიძე სტუმართა სასატრტოში იყო და მოედნიდან 85-ე წუთზე გავიდა, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

28 თამაშში მოპოვებული 19 ქულით “ჟილ ვისენტე” ბოლოს წინა, მე-17 პოზიციაზეა და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

ებრალიძის 7 წუთი “მორეირენსესთან”

პორტუგალიური პრიმეირა ლიგის 25-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “მორეირენსეს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მასპნიძელთა ქართველი ფოვარდი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში უკვე 0-1 იყო.

25 თამაშში მოპოვებული 19 ქულით “ჟილ ვისენტე” ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა და პორტუგალიური ელიტიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

ავთო ებრალიძის გოლი პორტუგალიის ჩემპიონატში

9 მარტს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პასუშ ფერეირამ” საკუთარ მოედანზე “ჟილ ვისენტე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ფორვარდმა ავთო ებრალიძემ, რომელმაც 71-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ავთო ებრალიძე – ნაკრების ახალგაზრდა დებიუტანტის იმედები და მოლოდინები

„ყოველთვის ვოცნებობდი, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მქონოდა. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მომეცემოდა გუნდთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა“ – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი, 22 წლის ავთანდილ ებრალიძე.

პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ ქართველი შემტევი, უკვე ერთი კვირაა საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთში იმყოფება და ვარჯიშობს. ავთომ კარიერა „ნორჩ დინამოში“ დაიწყო. მერე კი, ოჯახთან ერთად პორტუგალიაში წავიდა და ბოლო ხუთი წელია იქ ცხოვრობს და თამაშობს. ებრალიძის პორტუგალიური კარიერა ადგილობრივი მესამე ლიგიდან იწყება. ბოლო ორი წელი კი, სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობისას, მისი პროგრესი ისეთი თვალსაჩინო იყო, რომ მიმდინარე წელს, ქართველი ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის კლუბში გადავიდა, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. „ჟილ ვისენტეს“ ახალგაზრდა შემტევს, ბოლო პერიოდში სპეციალისტების სტაბილურად კარგი შეფასებები და პრესა აქვს.

„ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შეტყობინება, ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს მივიღე და ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდში მეგობრული გარემოა და მიხარია, რომ ნაკრებთან ერთად, ესპანეთთან მატჩისთვის ვემზადები“ – კმაყოფილია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი.

ავთო ებრალიძე ალბასეტეში სრული დატვირთვითა და დიდი მონდომებით ვარჯიშობს. დღევანდელ მატჩს კი, მოუთმენლად ელის.

ავთო ებრალიძე: „თუ შანსი მომეცა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით მოედანზე გავიდე და ესპანელთა წინააღმდეგ ვითამაშო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბის, ჩემი თანაგუნდელებისა და იმ ხალხის მოლოდინი გავამართლო, ვინც მთელი ეს წლები გვერდში მედგა და საფეხბურთო კარიერის შექმნაში მეხმარებოდა.“

სფფ-ის პრესსამსახური

ებრალიძის ბრწყინვალე თამაში “სეტუბალთან” (ვიდეო)

პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომლის რიგებშიც ქართველი თავდამსხმელი, ავთანდილ ებრალიძე გამოდის, “სეტუბალს” ესტუმრა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

სტუმრები ორჯერ აგებდნენ, თუმცა ებრალიძის შესანიშნავი დრიბლინგისა და საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს. ავთო მთელი შეხვედრის მანძილზე ძალიან აქტიური გახლდათ და ბევრი პორტუგალიური გამოცემა მას მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებს. ებრალიძე 78-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ებრალიძემ ახალგაზრდული კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში პორტუგალიაში გადავიდა და მეოთხე დივიზიონში დებიუტის შემდეგ წლევანდელი სეზონიდან “ჟილ ვისენტეს” 11 ნომრიანი მაისური მოირგო.

“ჟილ ვისენტეს” პორტუგალიის ლიგაში 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება, საერთოდ კი, ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის და წესით, წელს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.

შეხვედრის მიმოხილვა