“მეტი, ვიდრე კლუბი” – კატალონიური გრანდის სლოგანს 50 წელი შეუსრულდა!
კატალონია ესპანეთის ისტორიული პროვინციაა, რომელიც მუდამ რთული გადაწყვეტილებების წინაშე იდგა. 1930 წლიდან, კატალონიაში ეროვნულმა მოძრაობამ მოიკიდა ფეხი, რომელიც ესპანეთის სამეფოსგან დამოუკიდებლობას ითხოვდა. ესპანეთში ყველაფერი აირია და სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის გამარჯვებით დასრულდა.
ომის დროს ფაშისტმა დიქტატორმა პრიმო დე რივერამ “ბარსელონას” სტადიონზე ჯარისკაცები დააბანაკა. მაშინ, როდესაც ბარსელონას ქუჩებში ტყვიების ზუზუნი ისმოდა, გუნდი მექსიკასა და აშშ-ს კლუბებს ესპარინგებოდა და სწორედ იქ გაიგეს ფეხბურთელებმაც ამბავი არსებული ვითარების შესახებ. რამდენიმე მათგანმა გადაწყვიტა, რომ უკან აღარ დაბრუნებულიყო.
1938 წლის 16 მარტს კლუბის ოფისი ბომბდამშენის მიერ ჩამოგდებულმა ასაფეთქებელმა გაანადგურა, 1940 წლის მარტის თვეში კი ფრანკომ კლუბს სახელწოდებაც შეუცვალა – “Club de Fútbol Barcelona” “Futbol Club Barcelona”-ს, ანუ ესპანური ვარიანტი კატალონიურის ნაცვლად .
ეს სამი აბზაცი ნათლად აღწერს, თუ რატომ უწოდებენ “ბლაუგრანას” ევროპის ყველაზე პოლიტიზირებულ კლუბს. მართალია, “ბარსელონა” ადრეც საკმაოდ აქტიურად უჭერდა მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას, მაგრამ მომხდარმა მათი სურვილი კიდევ უფრო გააძლიერა და მოთხოვნად აქცია.
60-იანი წლების დასასრულს ფრანკოს რეჟიმი დაემხო. 1968 წლის იანვარში “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ნარცის დე კარერასმა ინაუგურაციის დროს განაცხადა – “მეტი, ვიდრე კლუბი”.
მიუხედავად იმისა, რომ თავად დე კარერასი ნაწილობრივ იზიარებდა ფრანკოს იდეოლოგიებს და მას ხშირად ადანაშაულებდნენ პოპულიზმში, “ბარსელონას” ფანებმა ეს სლოგანი თავისებურად მიიღეს და აღიარეს კიდეც: “ბარსელონა” მხოლოდ კლუბი არ არის, ეს არის სიმბოლო კატალონიის დამოუკიდებლობის უშრეტი სურვილისა.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა ამ დევიზის პოპულარობა ფანებში და სუსტდებოდა კარერასის პოზიციები. საბოლოო ჯამში, კარერასმა “ბარსელონა” 1969 წლის დეკემბრის თვეში დატოვა.
როგორ განმარტავს თავად კლუბი ამ დევიზის მნიშვნელობას:
• ლოზუნგი – ჩვენი ლოზუნგი ნათლად გამოხატავს დამოკიდებულებას კატალონიელი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ათწლეულების მანძილზე იჩაგრებოდნენ. “ბარსელონა” წარმოადგენს კატალონიის ინტერესებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფიქსირებს საკუთარ პოზიციებს.