ზიდანი: “არავის შეძენა აღარ მსურს”

ხვალ, დილის 04:00 საათზე მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. მატჩის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ვფიქრობ, საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. ჩვენ ამ ფეხბურთელებით მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგეთ. იმავეს ვაპირებთ ამ სეზონში. შემადგენლობა შესანიშნვია და არ მსურს არანაირი ცვლილება. ახლა გუნდში, კრიშტიანუს გარდა, ყველაა. ვიცით, რომ წინ ურთულესი წელი გველის – ყველას სურს, “რეალი” დაამარცხოს.”

“ამ ტურნეზე ვართ იმისთვის, რომ ყველამ ითამაშოს, ფორმაში ჩადგეს და ფიზიკური კონდიციები აღიდგინოს. ფეხბურთელები, უფრო და უფრო, ძლიერად გრძნობენ თავს. ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევდგეთ,” – განაცხადა “ზიზუმ”.

Marca: ნეიმარს გრიზმანი შეცვლის

Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ნეიმარის ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემთხვევაში, კატალონიელები მთელ ყურადღებას ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე გადაიტანენ.

როგორც იცით, “როხიბლანკოს” 26 წლის ფრანგი თავდამსხმელი ზაფხულში კლუბიდან წასვლას გეგმავდა. “ატლეტიკოში” ის მხოლოდ სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო დარჩა.

რაც შეეხება გრიზმანის გამოსასყიდ თანხას, ის 100 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რისი გადახდაც კატალონიელებს 222 მილიონის მიღების შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეთ.

პუიოლი: “ნეიმარმა ეს უნდა გააკეთოს!”

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა ხდება ნეიმარის გარშემო. ყველაზე კარგად ეს მხოლოდ მან იცის. სწორედ ამიტომ, ბრაზილიელმა აუცილებლად უნდა ისაუბროს და თქვას, რას აპირებს.”

“გადაწყვეტილება მისი მისაღებია. სამწუხაროა, რომ კლუბში არ ვმუშაობ და არ ვიცი, რა ხდება ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, ოცნებობს თუ არა ის კლუბის დატოვებაზე. თუმცა, იმაში ზუსტად ვარ გარკვეული, რომ რთულია, ერთ გუნდში მთელი კარიერის მანძილზე ითამაშო. ფეხბურთი ვითარდება და, დრო და დრო, მოთამაშეები დილემების წინაშე დგებიან. მაგალითად, ეს მოხდა მესის, ბუსკეცის, ან, თუნდაც ინიესტას შემთხვევაში,” – აცხადებს ესპანელი ლეგენდა.

ნეიმარის რეაქცია ფანების შეძახილზე: “ფული, ფული, ფული, პსჟ, პსჟ, პსჟ” (ვიდეო)

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე არ ცხრება ხმები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ნეიმარმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვოს და “პსჟ”-ში რეკორდულ თანხად გადავიდეს.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. სწორედ იმ შეხვედრაში, როცა ნეიმარი კუთხურიდან ბურთის მოსაწოდებლად ემზადებოდა, მას გულშემატკივრებმა დაუყვირეს: “ფული, ფული, ფული, პსჟ, პსჟ, პსჟ”.  ბრაზილიელის რეაქცია იხილეთ ვიდეოში.

 

RMC: ნეიმარს ანხელ დი მარია შეცვლის

RMC-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდიდან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, მის შეცვლას ანხელ დი მარიას მეშვეობით აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებენ და ეს ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა “ბარსელონას” ვარჯიშზე მომხდარმა ინციდენტმა – ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელებს წაეჩხუბა.

როგორც იცით, ნეიმარის შემცვლელად ფილიპე კოუტინიოსა და პაულო დიბალასაც მოისაზრებენ.

ნეიმარის ტრანსფერი ახლოვდება: ბრაზილიელმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა

ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული სააგენტო საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ბარსელონას” ვარსკვლავმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა.

Ctrip-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ ნეიმარმა 31 ივლისს, შანხაიში ფანებს აღარ შეხვდება.

ბატონმა ნეიმარმა და მისმა გუნდმა გეგმები სატრანსფერო პრობლემების მოსაგვარებლად შეცვალეს და ჯერაც არ იციან, თუ როდის შედგება დაგეგმილი შეხვედრა ფანებთან შანხაიში.

Ctrip პირობას იძლევა, რომ თითოეულ გულშემატკივარს აუნაზღაურებს იმ თანხას, რაც ნეიმართან შესახვედრად საჭირო ბილეთებში გადაიხადეს.”

ბართომეუ: “ყველაფერი ნეიმარზეა დამოკიდებული”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ნეიმარის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“იცით, ნეიმარი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ნამდვილად არ გვინდა ის დავკარგოთ. ძალიან გვინდა, რომ მასთან თანამშრომლობა განვაგრძოთ.

მას ჩვენთან კიდევ ოთხი წელი აკავშირებს, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი. ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

თუმცა, სანამ ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად. თუ გამარჯვება გვინდა, საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შევინარჩუნოთ,” – აცხადებს ბართომეუ.

როგორ შეხვდა მოურინიო “ბარსელონას” ფეხბურთელებს? (ვიდეო)

დღეს აშშ-ში, ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა 31-ე წუთზე ნეიმარმა მოახერხა და “ბლაგურნას” მოაგებინა.

მატჩის ოპერატორებმა შეხვედრის წინ საინტერესო კადრები დააფიქსირეს: როგრო შეხვდნენ მოურინიო და ინგლისური კლუბის ფეხბურთელები “ბარსას” მოთამაშეებს:

 

ვალვერდემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩი შეაფასა

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, “მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. მატჩის პირველ ნახევარში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და საგოლე მომენტებიც ორივე გუნდს ჰქონდა. საბედნიეროდ ჩვენ გოლის გატანა შევძელით.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ჩვენ მოედანზე დამშვიდებულები გამოვედით და მატჩსაც სრულიად ვაკონტროლებდით. მეტოქეს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. მართალია, ეს ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ორივე გუნდს ძალიან უნდოდა მოგება,” – აცხადებს ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ტურნეში “ბარსელონამ” უკვე შეძლო “იუვეს” დამარცხება (2:1). “ემიუმ” კი “ლოს-ანჯელეს გალაქსის” (5:2), “რეალ სოლტ ლეიკის” (2:1, “მანჩესტერ სიტისა” (2:0″ და “რეალის” (1:1, 2:1 პენალტებში) წინააღმდეგ ითამაშა.

“ბარსელონა” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: ნეიმარმა კვლავ გაიბრწყინა

ჟოზე მოურინიო 27 ივლისს კვლავ დაუპირისპირდა თავის ერთ-ერთ ყველაზე საძულველ კლუბს, “ბარსელონას”, ოღონდ არა “რეალის”, არამედ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის რანგში.

პრესეზონის განმავლობაში “არსენალის”, “რეალისა” და “მანჩესტერ სიტისთან” მოპოვებული გამარჯვებებით გამოკეთებული ხასიათი “წითელ ეშმაკებს” სწორედ კატალონიელებმა გაიფუჭეს.

ამ ძალზედ საინტერესო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რომლის ავტორიც “ბლაუგრანას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი გახლავთ.

შედეგად, “ბარსელონას” საერთასორისო ჩემპიონთა თასზე ორიდან ორი მოგება დაუგროვდა და ახლა “ლურჯ-ბროწეულისფრები” “რეალთან” გასამართი მატჩისთვის იწყებენ მზადებას.


“ბარსელონა”: სილესენი; ხორდი ალბა, უმტიტი, მაშერანო, სემედუ; ალენა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; ნეიმარი, სუარესი, მესი

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ლინდელოფი, სმოლინგი, ბლინდი; პოლ პოგბა, მაიკლ კერიკი, ჯესი ლინგარდი; მხითარიანი, ლუკაკუ, რეშფორდი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


ანალიზი: ტერ შტეგენი, როგორც “ბარსელონას” სრულყოფილი მეკარე

პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელზე დანიშვნისთანავე აითვალწუნა გუნდის ინგლისელი მეკარე, ჯო ჰარტი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არჩევდა სასურველ მეკარეს. საბოლოო ჯამში, მან არჩევანი კლაუდიო ბრავოზე გააკეთა.

ჩილელი მეკარე “მანჩესტერ სიტიში” “ბარსელონადან”, 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა ძირითადის ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა და პეპმა ის მალევე ჩაანაცვლა უილი კაბალიეროს მეშვეობით.

არადა, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, “ქალაქელებს” არჩევანი კლაუდიო ბრავოს ნაცვლად მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე რომ გაეკეთებინათ…

გვარდიოლას, რომელიც ბოლო წლები მანუელ ნოიერის მაღალ კლასსა და გამბედაობას იყო მიჩვეული, სჭირდებოდა ისეთი მეკარე, რომელიც მცველებს შეტევისას წინ წასვლის უფლებას მისცემდა და ბურთის მიღებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნებოდა.

ტერ შტეგენი კი სწორედ ასეთი ტიპის მეკარეა, მაგრამ კატალონიელებს კატეგორიულად არ უნდოდათ გერმანელი მეკარის დაკარგვა, რომელმაც წინა ორი წელი ბრავოს ჩრდილში გაატარა.

ასე რომ, გვარდიოლა ბედს დაემორჩილა და ბრავო წაიყვანა მანჩესტერში. შედეგად, ის რაც “სიტიმ” ბრავოს დამატებით დაკარგა, “ბარსელონამ” მოიგო. ტერ შტეგენის მიერ “სანტიაგო ბერნაბეუზე” განხორციელებული 12 სეივიც საკმარისია იმის აღსაწერად, თუ რამდენად სწორი იყო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მიერ ზაფხულში გადადგმული ნაბიჯი.

გარდა ამისა, შტეგენმა სრულყოფილად შეძლო თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა – პასები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში, ორივე ფეხით თამაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბურთთან ერთად ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.

პასების ოსტატი

ბოლო წლებია, რაც “ბარსელონას” საფირმო ნიშნებს ბურთის ფლობა შეადგენს, ყველაფერი, შეტევის მზადება კი მეკარიდან იწყება, შემდეგ შემტევ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული მანევრების განხორციელება და ბურთის ბადეში მოთავსება.

გავიხსენოთ გასული სეზონი, როდესაც “ბარსელონას” დაცვა არც ისე მწყობრად მოქმედებდა და მცველები ხშირად, პრესინგის დროს რთულ სიტუაციაშიც იგდებდნენ თავს. ასეთ დროს კი, ტერ შტეგენი ყოველთვის მათ გვერდით იყო და სთავაზობდა, ბურთი მისკენ გაეგზავნათ, რაც დაგვეთანხმებით, რომ მცველისთვის ყოველთვის დიდი შვებაა.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ “ბორუსია მიუნხენგლადბახის” 25 წლის მეტოქე საშუალოდ ერთ მატჩში უფრო მეტ გადაცემას აკეთებდა, ვიდრე მანუელ ნოიერი – 20.4 მოკლე და 6.3 გრძელ პასი თითოეულ 90 წუთში ნოიერის 16.4-ის და 5-ის წინააღმდეგ.

ეს ფოტო “ბარსელონასა” და “რეალ სოსიედადს” შორის გამართული მატჩიდანაა (3-2), რომელსაც “კამპ ნოუმ” უმასპინძლა. როგორც ვხედავთ, ტერ შტეგენი მუდამ წინაა გამოწეული და საკუთარ თავს სთავაზობს თანაგუნდელს.

სამუელ უმტიტის კი მეტოქის პრესინგისგან თავის დაღწევა და წინსვლა უჭირდა.

ბასკური გუნდის ფეხბურთელები საკმაოდ კარგად იყვნენ განლაგებულები მარცხენა ფლანგზე, მასპინძლებს კი ბურთის საპირისპირო ფლანგზე გადატანა სჭირდებოდათ. გასაჭირში მყოფ “ბარსას” ფეხბურთელს პიკე ეხსნებოდა, მაგრამ მეტოქეთა თავდამსხმელი ძალიან ახლოს იყო და ასეთი პასის გაკეთება დიდ რისკს შეიცავდა.

სწორედ ამ დროს, ცენტრალური მცველი შემობრუნდა, დაინახა ტერ შტეგენი, რომელიც სწორედ მას ეხსნებოდა და პასიც გაუკეთა. გერმანელმა მეკარეც საკმაოდ ადვილად გადასცა ბურთი პიკეს და დაძაბულობაც განიმუხტა.

ეს ფოტოც იმავე მატჩიდანაა აღებული და საკმაოდ ნათლად ჩანს, თუ როგორ ეხმარება ტერ შტეგენის სიმშვიდე დიდი ზეწოლის ქვეშ მყოფ “ბარსელონას”.

ტერ შტეგენმა ამ შემთხვევაშიც უმტიტისგან მიიღო ბურთი. გერმანელ მეკარეს მაშინვე მიუახლოვდა ჩაბი პრიეტო, მისმა თანაგუნდელებმა კი საკმაოდ ორგანიზებულად აიყვანეს ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მეკარეს ეხსნებოდა.

მსგავს სიტუაციაში, ყველა სხვა მეკარე ბურთს მოიშორებდა და წინ, ძლიერად მოიგერიებდა. შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები მეორე სართულზე ბრძოლაში მუდმივად აგებდნენ “რეალ სოსიედადის” მოთამაშეებთან, ეს ბურთის დაკარგვას უდრიდა.

ნაცვლად ამისა, ტერ შტეგენი ამჩნევს, თუ როგორ იწყებს უმტიტი მოძრაობას მარცხენა ფლანგისკენ და ნელ პასს უკეთებს “ლიონის” ყოფილ მცველს. “ბარსელონა” თავის მორიგ იერიშს იწყებს…

ტერ შტეგენი პრესინგის წინააღმდეგ

პრესინგი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. დღესდღეობით, ფეხბურთის ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა და ტომას ტუჰელი, მუდმიავ მოუწოდებენ უბურთოდ ყოფნისას თავიანთ ფეხბურთელებს მეტოქის ნახევარზე აქტიურობისკენ.

ასეთი პრესინგის განეიტრალების ორი გზა არსებობს: მაღალი პასების მეშვეობით ბურთი წინ მოიგერიო და შემტევების იმედზე იყო, ან პრესინგს სწრაფი და ზუსტი პასები დაუპირისპირო, რითიც მეტოქის დაცვის ეშელონების გაჭრას შეძლებ.

რა თქმა უნდა, მეორე გზა გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ “ბარსელონა” ყოველთვის ამ მეთოდს მიმართავდა. ეს გასაკვირი არც არის, როცა გუნდში მრავლად უმაღლესი დონის ფეხბურთელები, რატომ უნდა აირჩიო უფრო რთული გზა?

დღეს, “ბარსელონა” ზეწოლას უმეტეს შემთხვევაში ტერ შტეგენის გასაოცარი ნიჭის საფუძველზე უმკლავდება.

ამ შემთხვევაში, ტერ შტეგენი მეკარის საჯარიმოში იმყოფება ბურთით და რთული სიტუაციიდან მოკლე პასებით თავის გამოძვრენას ვერ შეძლებს.

ნაცვლად ბურთის მოშორებისა, ტერ შტეგენი კიდევ ერთხელ იღებს ჭკვიანურ გადაწყვეტილებას და ივან რაკიტიჩის მიმართულებით აკეთებს გადაცემას, რომელიც მისგან 40 იარდით არის დაშორებული.

გერმანელ მეკარეს მარცხენა ფეხზე გადააქვს ბურთი და ერთი გადაცემის მეშვეობით ოთხ ფეხბურთელს აყენებს თამაშგარე მდგომარეობაში. მის ხორვატ თანაგუნდელს კი თავიუსფლად შეუძლია სახიფათო შეტევის წარმოება.

ყველაფერთან ერთად, ტერ შტეგენი ჯერ კიდევ 25 წლისაა და საუკეთესო ფორმაში ჯერაც არ ყოფილა. შესაძლოა, მისი წყალობით “ბარსელონას” მეკარის პრობლემა კიდევ 6-7 წლის მანძილზე არ ექნეს.

შესაძლოა, მსოფლიოში იყვნენ ტერ შტეგენზე უკეთესი მეკარეებიც, მაგრამ “ბარსელონასთვის” ის ზედგამოჭრილი, სრულყოფილი ვარიანტია.

კაკაბაძის “ხიმნასტიკი” ამხანაგურ მატჩს “ბარსელონასთან” გამართავს

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კაკაბაძის “ხიმნასტიკი” ამხანაგურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ამის შესახებ ტარაგონული გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

აღნიშნული მატჩი ოთხ აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე “ნოუ ესტადიზე” გაიმართება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ “ნასტიკი” სეგუნდა დივიზიონის პირველ შეხვედრას 20 აგვისტოს, “ალმერიას” წინააღმდეგ გამართავს.