შვაინშტაიგერი: „გვინდა, ევროპის ჩემპიონატიც მოვიგოთ“

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა იმედი გამოთქვა, რომ „ბუნდესნაკრები“ 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდება.

„ამ გამარჯვებამ წყურვილი გაგვიძლიერა. გვინდა, რომ მომდევნო მსხვილი ტურნირიც მოვიგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღეს. 2016 წელს საფრანგეთში აუცილებლად წავალთ თასის დაუფლების მიზნით.

ეს რთული საქმე იქნება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა გამოცდილი მოთამაშეებიც არიან: ლამი, იოზილი, მერტეზაკერი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების ქვეჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდიც არის მოხვედრილი.

 

პელეს შვაინშტაიგერის გვარი შეეშალა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრისას მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერის გვარი არასწორად წარმოსთქვა. ბრაზილიელს გერმანელი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, ცნობილ მსახიობში აერია და მას შვაინცნეგერი უწოდა.

„შვაინცნეგერი ძალიან კარგად თამაშობს. თუ ამავე დონეზე გააგრძელებს ასპარეზობას, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი სახელი იქუხებს“, – პელეს სიტყვებს „რეკორდი“ ციტირებს.

ცნობისთვის, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 66 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნი“ ბრიტანულ გაზეთებს შვაინშტაიგერის შეურაცხყოფას არ მოუთმენს

მიუნხენის „ბაიერნი“ ორ ბრიტანულ გამოცემას — „დეილი მირორსა“ და „სანს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის აკრედიტაციების გაცემაზე უარს ეუბნება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წყვილის პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გაზეთებმა ბავარიული კლუბის ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მიმართ შეურაცხყოფელი სათაური გამოაქვეყნეს.

„მიუნხენის „ბაიერნი“ თვლის, რომ ინფორმაციის ამგვარი ფორმით წარდგენა მიუღებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს აღნიშნულ გამოცემებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „დეილი მირორსა“ და „სანს“ „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 9 აპრილს გასამართი მატჩის აკრედიტაციებზე უარი ეთქმებათ“, – ნათქვამია გერმანული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველ მატჩში ბავარიული კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი უეინ რუნის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მოედნიდან გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა, ზოგის აზრით, არბიტრს შვაინშტაიგერის დანდობა შეეძლო, ზოგი კი მიიჩევს, რომ გერმანელი ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულად გააძევეს მოედნიდან.

„დეილი მირორმა“ ნომრის მოწინავე თემა ასე დაასათაურა: „ბინძურო ღორო“. აღსანიშნავია, რომ გერმანულად სიტყვა Schwein სწორედ ღორს აღნიშნავს. „სანს“ კი ასეთი წარწერა „ამშვენებდა“: „You schwein“, რაც ასე შეგვიძლია, გადავთარგმნოთ: „ღორო“.

სიტყვებით თამაში ინგლისელ ჟურნალისტებს არასდროს ეშლებოდათ, თუმცა გერმანელებმა საკუთარი ფეხბურთელის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და როგორც გითხარით, განმეორებით მატჩზე აღნიშნულ ბრიტანულ გამოცემებს აკრედიტაციის გარეშე დატოვებენ.

ბექა დოგრაშვილი

შვაინშტაიგერი: ”მოედანზე დასაბრუნებლად მეტი დრო დამჭირდ

მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც ”ფრაიბურგთან” მატჩში ტრავმა მიიღო, შიშობს, რომ მისი აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე უფრო დიდი ხნით გაგრძელდება.

”სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობა იმდენად კარგი არ არის, როგორც ადრე ვფიქრობდი. აღდგენით პროცესს წყნარ რითმში გავდივარ, თუმცა, ამ მომენტისთვის, ბურთთანაც კი არ შემიძლია მუშაობა. იმედია, შემდეგ კვირას ყველაფერი გამოსწორდება და ვარჯიშებსაც დავუბრუნდები”, – განაცხადა ბასტიანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი