ჩირიკაშვილმა ვარჯიში დაიწყო

ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი,ირაკლი ჩირიკაშვილმა ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ბათმელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანება, 28 თებერვალს, ფოთის “კოლხეთთან” მატჩში მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს უმაღლესი ლიგის ლიდერი გუნდის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებს. შესაძლოა, მან მიმდინარე სეზონში თამაში ვერ მოახერხოს ან მოედანს მხოლოდ დასკვნით ტურებში დაუბრუნდეს.

 

ბათუმის “დინამო” გულშემატკივრების გარეშე არ დარჩა (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” ფანებმა საყვარელ გუნდს დღეს ქობულეთის “ჩელე არენას” მიმდებარე ტერიტორიიდან დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ბათუმელები უახლოეს სამ შეხვედრას გულშემატკვრების გარეშე ჩაატარებენ.

ცარიელი ტრიბუნების ფონზე გასამართი პირველი მატჩი სწორედ “სამტრედიასთან” შეხვედრა იყო, რომელიც ბათუმელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ.

ბათუმის „დინამო“ უახლოეს სამ საშინაო მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს

ქუთაისის „ტორპედოსთან“ „ჩელე არენაზე“ საქართველოს უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩში ერთ-ერთი გულშემატკივარმა ტრიბუნიდან შეხვედრის მთავარ მსაჯს შეაფურთხა.

სფფ-ს დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, „დინამოს“ უახლოეს სამ მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან. გარდა ამისა, აჭარული კლუბი 8 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ცნობისთვის, უახლოესი სამი საშინაო მატჩი გუნდს „სამტრედიასთან“, „გურიასთან“ და თბილისის „დინამოსთან“ უწევს.

იხილეთ საქართველოს უმაღლესი ლიგის სრული სატურნირო ცხრილი

ოთარ ფედიჩკინი: “წარმატების მთავარი მიზეზი თავდაუზოგავი შრომაა”

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის “დინამო” მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ზღვისპირელები პირველივე ტურებიდან ცრილის ზედა ნაწილში დამკვიდრნენ, მეორე წრის სასტარტო ტურებში კი 6 მატჩიანი მოგებათა სერიაც გამოაცხვეს.

ტრადიციული კლუბის ასეთ წარმატებულ დაბრუნებას ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით და ქობულეთს ვესტუმრეთ, სადაც “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მასპინძლობდა და მატჩის დაწეყბამდე ბათუმელთა პრეზიდენტს, ოთარ ფედიჩკინს გავესაუბრეთ.

მინდა მივულოცო ქართულ საფეხბურთო სამყაროს ბათუმის “დინამოს” ასეთი დაბრუნება. დასრულდა ის დრო, როცა გუნდის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. დღეს, ბათუმის “დინამო” ერთ-ერთი ლიდერია და ქალაქში ფეხბურთის ბუმია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები დაუბრუნდნე ფეხბურთს, რაც აქამდე პრობლემატური იყო. წლების განმავლობაში ბავშვთა ფეხბურთი უბრალოდ განადგურდა. 

წარმატების მთავარი მიზეზი თავდაუზოგავი შრომაა, როგორც სამწვრთნელო შტაბის, ასევე ფეხბურთელების და ადმინისტრაციის, რაც ბათუმის “დინამოს” დიდ ოჯახს ქმნის. 

 სტადიონის და ბაზის მშენებლობა რა სტადიაშია? 

საწვრთნელი პროცესის ჩასატარებლად ყოველდღიურად ბათუმიდან ქობულეთამდე 50 კილომეტრის გავლა გვიწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ნახევარი ენერგია გზაში გვეხარჯება და ფაქტობრივად ყველა შეხვედრა გასვლაზე გვიწევს. თუმცა, ჩვენი გულშეამტკივრები ყველგან დაგვყვებიან და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ბიჭებით მათ გასახარებლად ყველაფერს აკეთებენ. 

ბაზის მშენელობა ძალიან გაიწელა. თავდაპირევლად იგეგმებოდა ბაზის ტერიტორიაზე 5 ათას ადამიანზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობა, თუმცა ბათუმის ოლიმპიური სტადიონის პროექტის დამტკიცების შემდეგ გეგმა შეიცვალა და ბაზაზე 1200 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა გაკეთდება. გვექნება ხელოვნური და ბუნებრივი მოედნები, სადაც უცხოურ კლუბებს ვუმასპნიძებთ, რომლებსაც ჩვენთან შეკრებების გავლა შეეძლებათ, რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს ჩვენი გუნდისთვის. 

– სეზონის სტარტზე რამდენად ელოდით ასეთ კარგ შედეგს? 

– სიმართლე გითხრათ ჩვენს წარმატებაში გასაკვირი არაფერია როდესაც გუნდის სამწვრთნელო შტაბში გყავს ოთარ ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, ლევან ხომერიკი და გური მამინაიშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მესამე მეკარე მიაწოდა, ფიზმომზადების მწვრთნელი კახა ვაჩიაშვილი. ამ ადამიანებმა გუნდი ერთ დიდ ოჯახად შეკრეს და სავსებით ლოგიკურია, რომ ახლა მოწინავე პოზიციებზე ვართ. მედიაში ხშირად შემხვედრია, რომ ბათუმის “დინამოს” წარმატება შემთხვევითია, თუმცა შემთხვევით წაუგებლად ვერ ითამაშებ. ეს წარამტებაა, რომელიც ყველას უხარია. 

– გუნდს ჩემპიონობის ამბიცია თუ აქვს? 

– რა თქმა უნდა! ამჟამად ჩემპიონობის პრეტენდეტებად სამი გუნდი, ბათუმის “დინამო”, თბილისის “დინამო” და გორის “დილა” სახელდებიან. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს სასწაული არ იქნება. 

– ჩემპიონობა ან გათამაშების სამეულში დასრულება ევროთასებზე თამაშს გულისხმობს. იგეგმება გუნდის გაძლიერება “დინამოსთვის” ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის? 

– გუნდი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, თუმცა ამის გაკეთებას ადგილობრივი კადრებით ვაპირებთ და ლეგიონერების მოწვევა ნაკლებადაა სავარაუდო. არც გვაქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ ხარისხიანი უცხოელი ჩამოვიყვანოთ. 

– “დინამო” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რამდენად გაძლევთ ეს იმის საშუალებას, რომ მომავალზე გათვლილი, გრძელვადიანი პროგრამით წარმართოთ კლუბის მენეჯენტი? 

– 1 300 000 ლარი გვაქვს წელიწადში გამოყოფილი. აქედან 300 000 ბავშვთა ფეხბურთზე გვაქვს გათვლილი, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ბათუმის “დინამოს” 9 ასაკობრივი გუნდი ჰყავს, სადაც მომზადება უფასოა. “დინამო თბილისის” შემდეგ გამართული სკოლა სწორედ ჩვენია. ამ საქმეს გელა შეყილაძე უძღვება, რომელსაც სწორად აკეთებს ყველაფერს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს, ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში 17 ადგილობრივი ფეხბურთელი ირიცხება. 19 წლამდე ნაკრებში კი ჩვენგან ჭკუასელი მოხვდა. 

საბედნიეროდ აჭარა ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც სპორტს დიდი ყურადღება ექცევა. რეგიონის ორი კლუბი პირველ ლიგაშია, ორი კი უმაღესში. აჭარის მთავრობისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. 

– ევროსაგზურის მოპოვების შემთხვევაში საშინაო შეხვედრებს სად ჩაატარებთ? 

– მეტოქეებს თბილისში, “დინამო არენაზე” ვუმასპინძლებთ და გულშემატკივრებსაც აუცილებლად დავეხმარებით ტრანსპორტირებაში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ “პირატები”, ჩვენი ფან-კლუბი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ხშირ შემთხვევაში ისინი ფეხბურთელებსაც ჯობნიან და ძალიან მონდომებულები არიან. 

– და ბოლოს, ტრადიციული კითხვა – რამდენად იცნობთ ჩვენს ვებგვერდს და როგორ შეფასებდით მას? 

– ხშირი სტუმარი ვარ და ბევრ საინტერესო სიახლეს ვიგებ. მადლობა, რომ ასე ინტერესდებით სპორტით და მას გვერდში უდგახართ. 

ბათუმის “დინამო” პერმის “ამკარს” დაუზავდა (ვიდეო)

თურქულ შეკრებაზე ბათუმის “დინამომ” რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ პერმის “ამკართან” გამართა ამხანაგური შეხვედრა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში ბათუმელებმა 38-ე წუთზე მგელაძის ეფექტური დარტყმით გახსნეს, თუმცა “ამკარმა” ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მარტინ იაკობკოს გოლით გაათანაბრა. 55-ე წუთზე “დინამომ” ტეტუნაშვილმა დააწინაურა. პერმელებს გათანაბრების შანსი 11-მეტრიანით მიეცათ, მაგრამ იმავე იაკუბკოს დარტყმული კარს აცდა. მატჩის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე “ამკარმა” მაინც გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში პრუდნიკოვმა დააფიქსირა.

 

ბათუმში სტადიონი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შედგენაზე კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 650 000  ლარს [რომლის გადახდაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მოხდება].

საპროექტო ტერიტორია განთავსებულია ლეონიძის ქუჩა №15-ში, რომლის ფართობია 84 712 კვ/მ. ტერიტორია მოქცეულია გაგარინისა და ლეონიძის ქუჩებს შორის, რომელსაც მრავალწახნაგოვანი კონფიგურაცია აქვს. ის წარმოადგენს გმირთა ხეივნის სატრანსპორტო ღერძის (ლეონიძის ქუჩის ჩათვლით) მომიჯნავე ტერიტორიას და გადამკვეთი ქუჩების ერთობლიობით ჩამოყალიბებულია მოხერხებული სატრანსპორტო ნაკადების სქემა. ქუჩა უზრუნველყოფილია საინჟინრო კომუნიკაციებით, რომლებიც ფუნქციონირებისა და გამტარუნარიანობა მოითხოვს დამატებით შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაცემა მათი სიმძლავრების გაზრდის შესახებ.

პროექტირების ამოცანები: ტერიტორის ურბანულ-სივრცითი განვითარების დაგეგმვა;  საზოგადოებრივი სივრცეებისა და სპორტულ-სარეკრეაციო ზონების მოწყობის შექმნა; სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების საკითხების რეგულირება; ქვეითთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ველოსიპედით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ნაკადების ორგანიზება;

კონკურსის ძირითადი მოთხოვნაა: სტადიონთან ერთად დაიგეგმოს 3500 მაყურებელზე ძირითადი და 800 მაყურებელზე დამხმარე დახურული ხელბურთის დარბაზის განთავსების ადგილი რომლისთვისაც საპროექტო ტერიტორიას უნდა გაემიჯნოს საორიენტაციოდ 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი (გენგეგმაზე ნაჩვენები იქნას დახურული დარბაზების განთავსების სქემა). ტერიტორია კეთილმოეწყოს და განთავსდეს ავტოპარკინგი, გათვალისწინებული იქნას გამწვანების ზონები, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს სპორტული კომპლექსისა და სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის საჭირო მცირე არქიტექტურული ფორმები/პავილიონები. არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.

სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს UEFA-სა და FIFA-ს (IV კატეგორია) მოთხოვნებს, ოლიმპიური (სარბენი ბილიკებითა და მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით, IAAF-ის მოთხოვნებით) ნორმების გათვალისწინებით.

კონკურსანტმა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემადგენელი ყველა დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინოს.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება (ერთ დალუქულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სამინისტროში უნდა წარადგინოს 2015 წლის 04 მარტის 10 სათიდან 15:00 სათამდე. საკონკურსო წინადადების წარდგენისთვის პირი იხდის საფასურს – 50 ლარს.

კონკურსი სამინისტროში 2015 წლის 4 მარტის 16 სათზე ჩატარდება.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 14 550 900 ლარია გათვალისწინებული, 2016 წლის ბიუჯეტში დამატებით 16 250 000 ლარი, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტში 5 699 100 ლარი გამოიყოფა. მთლიანობაში სტადიონის მშენებლობისთვის 36,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

http://batumelebi.netgazeti.ge/

თბილისის „დინამოს“ დუბლებმა ბათუმელები დაამარცხეს

დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. თამაზ სამხარაძის გუნდმა ბათუმის დინამოს დუბლებს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. საკმაოდ საინტერესო შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში, ნემსაძემ კი გაათანაბრა 31- ე წუთზე. მანამდე კობახიძემ ვერ მოახერხა თერთმეტმეტრიანიდან გათანაბრება. პირველი ტაიმის ბოლოს კვერნაძემ ითამაშა ზუსტად და დააწინაურა მასპინძლები. მეორე ტაიმში ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს ანგარიში 2:2. შეხვედრის დამატებულ დროში კი შეცვლაზე შემოსულმა აკაკი კობახიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა 3:2 თბილისელთა სასარგებლოდ.

დინამო თბ 3:2 დინამო ბთ (დუბლები)

დინამო თბ (დუბლები): ისიანი, კაპანაძე, კირკიტაძე (ქანთარია 55), გადრანი, ყურშავიშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 55), ო. კობახიძე (ლოჩოშვილი 93), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 93)

fcdinamo.ge

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელი ფეხბურთელით ინტერესდება

ბრაზილიელი ნახევარმცველი ტიაგო პრიმაო, შესაძლოა, ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი გახდეს.

ტიაგო პრიმაო 21 წლისაა, ახასიათებენ როგორც ტანდაბალ (163 სმ) და ტექნიკური ფეხბურთელს.

ბრაზილიელი სამშობლოში, “კურიტიბაში” ასპარეზობდა, თუმცა ძირითადის მოთამაშე არ ყოფილა. 21 ჩატარებულ შეხვედრაში პრიმაოს ანგარიშზე 1 გოლია.

მიხეილ კაკალაძე დინამოელია

ბათუმის „დინამოს“ გამოცდილი, 32 წლის თავდამსხმელი მიხეილ კაკალაძე შეუერთდა, რომელიც გუნდთან ერთად შეკრებაზე ხვალ გაემგზავრება.

კაკალაძეს საუკეთესო პერიოდი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში ჰქონდა, როდესაც უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვება მოახერხა.

გასული სეზონი ფორვარდმა პირველ ლიგაში, ქობულეთის “შუქურას” შემადნგელობაში ჩაატარა, სადაც 21 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ბათუმის დინამო 4 ფეხბურთელით გაძლიერდა

თურქეთში დაგეგმილ შეკრებამდე დინამოელთა რიგებში მატებაა. ნიკა მგელაძე (სპარტაკი, ცხინვალი), გიორგი ბერიაშვილი (დილა, გორი) ბუდუ ზივზივაძე (დინამო 2, თბილისი) და დიმიტრი პაჭკორია (სკალა, უკრაინის მეორე ლიგა) მომავალ სეზონს ბათუმის დინამოში დაიწყებენ.

ნიკა მგელაძე – 20.12.1985
პოზიცია – ცანტრალური მცველი
კლუბები – ვიტ ჯორჯია, სპარტაკი, ბაია, ბანგა (ლიტვა, უმაღლესი ლიგა)სპარტაკი.
გასული სეზონი – სპარტაკი, ცხინვალი (26 მატჩი)

გიორგი ბერიაშვილი – 10.09.86
პოზიცია – თავდამსხმელი
კლუბები – ვიტ ჯორჯია, მეტალურგი, თურანი (აზერბაიჯანი, უმაღლესი ლიგა), ტორპედო, დილა.
გასული სეზონი – დილა, გორი (9 მატჩი, 4 გოლი)

ბუდუ ზივზივაძე – 10.03.1994
პოზოცია – თავდამსხმელი
კლუბი – დინამო თბ
ნაკრები – ასაკობრივი ნარკებების წევრი
გასული ეზონი – დინამო 2, თბ. პირველი ლიგა (21 მატჩი, 23 გოლი)

დიმიტრი პაჭკორია – 7.12.1991
პოზიცია – ნახევარმცველი
კლუბი – სკალა, უკრაინა
ნაკრები – საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი წევრი
გასული სეზონი – სკალა, ურაინა (25 მატჩი, 1 გოლი)

http://www.dinamobatumi.com/

ბათუმის “დინამოს” მორიგი ახალწვეული – თეიმურაზ შონია

“დინამოს” მაისურს ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი კაპიტანი თემურ შონია მოირგებს. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოთამაშე შონია სპარტაკში 2009 წლიდან გამოდიოდა და ამ პერიოდში 134 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ასევე ასპარეზობდა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის 21-წლამდელთა გუნდში ესტონეთისა და თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან.

dinamobatumi.com

ბათუმის „დინამოს“ განმარტება ლიცენზირების საკითხთან დაკავშირებით

იურიდული ორგანოს გადაწყვეტილება კლუბში ასეთი სახით მოგვივიდა: ლიცენზირების დებულებების 52- მუხლის მოთხოვნები ორგანოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით დაკმაყოფილებულად არ ჩაითვალა. ა) კლუბმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი საბანკო ამონაწერი. ბ) სპონსორთან მოქმედი ხელშეკრულება.

სააპელაციო ორგანო მიმართავს ტრიბუნალს რეკომენდაციით, კლუბის მიერ აქტუალური საბანკო ამონაწერისა და სპონსორთან მოქმედი ხელშეკრულების წარმოდგენის და ამ საბუთების რელევანტურობის შემთხვევაში, გასცეს ეროვნული ლიცენზია.

აღნიშნული საბანკო ამონაწერი და სპონსორთან მოქმედი ხელშეკრულება კლუბს რა თქმა უნდა გააჩნია. ყველა საჭირო და დამატებითი დოკუმენტაცია ფედერაციას ხვალვე გადაეგზავნება.
უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენ საკმარისად ჩავთვალეთ წარგვედგინა ქალაქის მერიის მიერ დამტკიცებული პროგრამის საგარანტიო წერილი, რომელიც ითვალისწინებს კლუბის დაფინანსებას 2017 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად მინიმუმ 1 370 000 ლარით.

ს.კ “დინამო” ბათუმი