მსოფლიოს ცნობილი დიქტატორები თურმე მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური კარიერით არ ინტერესებოდნენ და ფეხბურთის დიდი ფანებიც ყოფილან. ამის შესახებ უცხოურ პრესაში არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც ფაქტებით ასაბუთებენ ამა თუ იმ დიქტატორის ფეხბურთისადმი სიყვარულს.
ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის ცხოვრება გაცილებით უცნაური და საიდუმლოებებით მოცულია, ვიდრე ეს ერთი შეხევდვით ჩანს.
ბრიტანულ პრესაში ლიბიელი ექს-დიქტატორის სიცოცხლის ბოლო წუთების ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კადაფის “ლივერპულის” ლოგოს გამოსახულებიანი ფინჯანი ჰქონდა. სურათი იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც კადაფი 2-კვირის განმავლობაში იმალებოდა.
ეს კადაფის ოჯახის მერსისაიდულ კლუბთან დაკავშირების პირველი შემთხვევა არაა. 2002 წელს მაშინ, როდესაც კადაფის შვილი – საადი იტალიის სერია A-ში და ლიბიის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა, ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ “ლივერპულში” ლიბიური ინვესტიციები ჩაიდებოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კადაფის “ლივერპულისადმი” სიყვარული ჯერაც საიდუმლოებებით მოცულია.
Daily Mirror-ის რეპორტიორის განცხადებით, კადაფს “ევერტონის” მიმართაც ჰქონია გარკვეული სიმპათიები მით უფრო მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” 1979 წელს ლიბიური ტურნე მოაწყვეს.
მუამარ კადაფი პირველი პოლიტიკური ფიგურა არ არის, ვისაც საფეხბურთო კლუბის ფანობას “აბრალებენ”. მწერალ ადამ რობინსონი “ალ ქაიდას” ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე წერს, რომ ის თავის დროზე ლონდონის “არსენალს” ქომაგობდა. მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” ფანებმა ბინ ლადენის მისამართით სკანდირებდნენ (“ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ის იმალება ქაბულში და მას უყვარს “არსენალი”), “ალ ქაიდას” ლიდერს “არსენალის” მიმართ განსაკუთრებული ერთგულება არ გამოუხატავს.
1936 წლის 7 აგვისტოს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ნაკრები ნორვეგიის ნაკრებს ხვდებოდა. სტადიონზე ერთი გამორჩეული სტუმარი იყო – ადოლფ ჰიტლერი. ეს იყო ფაშისტური გერმანიის ლიდერისთვის საფეხბურთო მატჩზე პირველი სტუმრობა. იმ მატჩში გერმანელები 0:2 დამარცხდნენ. როგორც ცნობილია, ჰიტლერი “შალკეს” ფანი იყო, თუმცა ამის დამასაბუთებელი მასალა არ არსებობს. ჰიტლერის მმართველობის პერიოდი “ხუმარების” ოქროს ხანა იყო, 1934-1942 წლებში “შალკემ” 6-ჯერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა.
ფაშისტური იტალიის ლიდერი ბენიტო მუსოლინი კი “ბოლონიას” ქომაგობდა. იტალიელი დიქტატორი ფორლიში დაიბადა, რაც სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ბოლონიას.
ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი მილანის “ინტერის” ფანია. სერბი პოლიტიკოსი ამჟამად დაპატიმრებულია სამხედრო დანაშაულებების ბრალდებით.
ბექა დოგრაშვილი