ზეედორფი: „მილანი“ ალეგრის გამო დავტოვე“

ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა გასულ წელს „მილანი“. 37 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ყველაფრის თავი და თავი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

„მილანიდან“ ალეგრის გამო წამოვედი. მასთან საუკეთესო ურთიერთობა არ მქონია. ის ისეთი გუნდების წინააღმდეგ მათამაშებდა, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, შემდეგ კი ისევ სათადარიგოთა სკამზე მაბრუნებდა. მე ყოველ მატჩში თამაშს ვიყავი მიჩვეული.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, მჯეროდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც იყო, განსაკუთებით სეზონის ბოლოს გამოვიჩინე თავი. შორიდან შეიძლება ისე ჩანდა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ჩემს ასაკში რეგულარული თამაში აუცილებელია.
მაგალითებად პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს დავასახელებ, თუმცა ალეგრი მე არ მათამაშებდა.

„მილანი“ განახლდა და ახლა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდი ისევ იმ მწვერვალზე დაბრუნდეს. თითქმის დავასრულე სამწვრთნელო კურსი, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ფეხბურთის თამაში ისევ მინდა“, – განაცხადა ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი