“ფულემმა” კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა

“ფულემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. “კოტეჯერებს” დროებით სკოტ პარკერი უთავკაცებს.

“ფულემს” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 28-ე ტურის თავზე 17 ქულით მე-19 ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერი “ფულემს” 2018 წლის ნოემბრიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იმარჯვა.

რანიერი სამომავლო გეგმების შესახებ

“ლესტერ სიტის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“მოვლენების განვითარებას გვერდიდან ვაკვირდები. უკვე მივიღე რამდენიმე შემოთავაზება, მათ შორის ევროპული და არაევროპული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. კარგად უნდა დავფიქრდე და ის პროექტი ავირჩიო, რომელიც გამიტაცებს.

ალჟირის ნაკრების ჩაბარების შანსი მქონდა. მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. ალბათ, მაჰრეზმა და სლიმანიმ გამიწიეს რეკომენდაცია. ბედნიერი ვიქნები, თუ ინგლისში მუშაობა კვლავ მომიწევს”, – ციტირებს კლაუდიო რანიერის სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი თებერვლიდან უსაქმოდაა დარჩენილი.

რანიერი: “არ მჯერა, რომ ჩემი გათავისუფლება “ლესტერის” ფეხბურთელებმა ითხოვეს”

“ლესტერ სიტის” ყოფილ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის არ სჯერა, რომ პოსტიდან მის გათავისუფლებაში ფეხბურთელთა ხელი ურევია.

“ამის შესახებ ბევრი რამ მოვისმინე. არ მჯერა ჭორების, თითქოს ფეხბურთელებმა “ლესტერის” მფლობელებს ჩემი გათავისუფლება სთხოვეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა. წინასასეზონო მზადების პერიოდში მთელი მსოფლიო შემოვიარეთ და საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი ფეხბურთელები ასე მომექცნენ. არა, არა.

“ლესტერი” სამუდამოდ დარჩენა ჩემს გულში. ევროპაში სამჯერ დავიკავე მეორე ადგილი, “ლესტერთან” ერთად კი ჩემპიონი გავხდი. მთელი კლუბი და ფანები სამუდამოდ იქნებიან ჩემს გულში”, – რანიერის კომენტარი “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ კლაუდიო რანიერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უარყოფითი შედეგების გამო თებერვალში გაათავისუფლა. მოქმედ ჩემპიონს იმ პერიოდში გასავარდ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებდა. ახლა გუნდს კრეიგ შექსპირი თავკაცობს, რომლის ხელმძღვანელობითაც “ლესტერმა” შვიდი მატჩიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა.

ვარდი: “რანიერის გათავისუფლებაში ბრალი არ მიმიძღვის”

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კლუბის ხელმძღვანელობას მან სთხოვა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლება. ინგლისელი ფეხბურთელი ამ ინფორმაციას უარყოფს.

“კლადუოს მიმართ ყოველთვის ვიყავი და ვიქნები დიდი პატივისცემით განმსჭვალული. ერთად მართლაც შეუძლებელი რამ მოვახერხეთ. იგი მენდობოდა მაშინ, როდესაც ჩემი ბევრს აღარ სჯეროდა. ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

გაჩნდა ჭორები, თითქოს გუნდიდან მისი გათავისუფლების პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ეს მხოლოდ სპეკულაცია და ტყულია. ერთადერთი რამ, რაშიც გუნდი დამნაშავეა, არის ცუდი შედეგები. ამას ვაცნობიერებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოავსწოროთ. კლაუდიოს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, სადაც არ უნდა იყოს იგი. კლაუდიო, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში ვარდიმ.

რანიერი “ლესტერისგან” 3,5 მილიონ ფუნტს მიიღებს

“ლესტერ სიტი” გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის კომპენსაციის სახით 3,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდა, 3,5 მილიონი ფუნტი კი იტალიელი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება იყო.

“ლესტერ სიტიმ” რანიერის თავკაცობით 113-წლიანი არსებობის განმავლობაში  ინგლისის ჩემპიონატი პირველად მოიგო. აგვისტოში კლუბმა 65 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ მიმდინარე სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის გამო 23 თებერვალს მხარეებს შორის ხელშეკრულება გაწყდა.

იურგენ კლოპი: “ბრექსიტი, ტრამპი, რანიერი… უცნაურობები ხდება”

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლებას “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი გამოეხმაურა. გერმანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევას შეადარა.

“ამ გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. ბოლო პერიოდში რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილების მომსწრენი გავხდით: ბრექსიტი, ტრამპი, რანიერი”, – აღნიშნა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მოგებიდან ცხრა თვის თავზე “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ კლაუდიო რანიერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

“ლესტერის” ვიცე-თავმჯდომარე: “რანიერის გათავისუფლება ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო”

“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარმა მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელმა სპეციალისტმა, რომლის თავკაცობითაც გუნდი პრემიერლიგის გასული სეზონის გამარჯვებული გახდა, “მელიები” დატოვა.

“ლესტერის” ამ გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ვიცე-თავმჯდომარე აიავატ შრივადანაპრაბჰამ ისაუბრა.

“ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მივიღეთ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კლუბი კომპანია King Power-ის მფლობელობაში გადავიდა. თუმცა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ კლუბის გრძელვადიანი ინტერესები პირად გრძნობებზე მაღლა დავაყენოთ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს გრძნობა.

კლაუდიოს სითბომ, ხიბლმა და ქარიზმამ კლუბის აღქმა გარდაქმნა და განავითარა გლობალური მასშტაბით. მიღწეულის გამო ჩვენ მისი მადლიერნი ვიქნებით სამუდამოდ.

ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ შარშანდელი გასაოცარი სეზონი წელსაც განმეორდებოდა. პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება კვლავაც იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცვლილებები საჭიროა, რათა დარჩენილ 13 ტურში მაქსიმუმი მივიღოთ”, – ციტირებს შრივადანაპრაბჰას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

რანიერიმ “ლესტერის” ფეხბურთელებს ქათმის ბურგერის მირთმევა აუკრძალა

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გუნდის ფეხბურთელთა კვების რაციონში ცვლილება შეიტანა.

იტალიელმა სპეციალისტმა მოთამაშეებს მატჩის შემდეგ ქათმის ბურგერების მირთმევა აუკრძალა. არადა, ეს კერძი გუნდისთვის გასული სეზონიდან შეუცვლელად იქცა. რანიერიმ ქათმის ბურგერი იტალიური პასტით ჩაანაცვლა.

“მირორის” თანახმად, “ლესტერის” ფეხბურთელები გუნდის თავკაცის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. მათ არც სასტარტო შემადგენლობის ხშირი ვარირება მოსწონთ.

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის თავზე “ლესტერ სიტის” სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიცია უკავია და გასავარდ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

რანიერი: “ვარდი “არსენალში”? სრული სიმართლეა”

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “მელიების” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერიც ადასტურებს.

“ვარდი “არსენალში”? სრული სიმართლეა”, – ციტირებს რანიერის ამ მოკლე კომენტარს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

გავრცელებული ინფორმაციით, “მეთოფეები” ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს გაიღებენ.

პრემიერლიგის სეზონის მწვრთნელად რანიერი დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “ლესტერ სიტის” თავკაცი კლაუდი რანიერი დაასახელეს.

ამ ჯილდოზე ასევე წარდგენილნი იყვნენ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელი სლავენ ბილიჩი და “ბორნმუთის” თავკაცი ედი ჰაუ.

როგორც მოგეხსენებათ, რანიერის დამოძღვრილი “ლესტერი” პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.

რანიერი: “ლესტერი” მომდევნო სეზონში ზედა ათეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს”

ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში გუნდის მიზანი სატურნირო ცხრილის ზედა ათეულში მოხვედრა იქნება.

“უნდა გვესმოდეს, რომ მიმდინარე სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებულია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. “ლესტერმა” აჩვენა, რომ საჭიროა ბოლომდე რწმენა და ბრძოლა. ჩვენ სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამ სეზონში ბევრმა ფავორიტმა წაიფორხილა. მომავალ წელს ასე აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი სატურნირო ცხრილის ზედა ათეულში მოხვედრა იქნება”, – რანიერის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

 

ვარდი: “რანიერი ყოველთვის ერთმანეთისთვის ბრძოლისკენ მოგვიწოდებს”

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას მოითხოვს მისგან და მისი თანაკლუბელებისგან გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი.

“ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით და თამაში კარგად გამოგვდის, რითაც რანიერი უზომოდ ბედნიერია. მან გუნდი ჩაიბარა და ახლა სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ. იგი ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის.

მწვრთნელი გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, გავიმარჯვებთ, დავმარცხდებით თუ ფრედ ვითამაშებთ. მისთვის მთავარი ჩვენი სულისკვეთებაა.

ჩვენგან ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენ მხოლოდ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოლებდით. ამას წერდა ყველა გაზეთი. ჩვენ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთისგან და ვაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით”, – ვარდის კომენტარი “ლესტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.