უჩა სოსიაშვილი: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და დამთავრდეს ამაზე საუბარი“

ამ განცხადების გაკეთება გადაწყდა მას შემდეგ რაც „დილა“ – „დინამო (ბთ.)-ის მატჩზე მსაჯებმა და კერძოდ მალხაზ ბეუქლიშვილმა მიიღო ძალზედ საეჭვო გადაწყვეტილებები, რამაც გუნდის შედეგზე დიდად იმოქმედა. აღნიშნულ საკითხზე „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და კლუბის მენეჯერმა გია ისიანმა მცირე კომენტარები გააკეთეს:

უჩა სოსიაშვილი: „არ შეიძლება დღეს ასეთი რამეები ისევ ხდებოდეს ქართულ ფეხბურთში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მსაჯებს და მკაცრი სანქციები გატარდეს მათ მიმართ. ძალიან ხშირია მათი მხრიდან უხეში შეცდომები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და დამთავრდეს ამაზე საუბარი.“

გია ისიანი: „დიდი იმედი მაქვს ფეხბურთის ფედერაცია სათანადო ზომებს მიიღებს და აღარ დაუშვებს ისეთ შემთხვევებს რაც „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მოხდა. გულშემატკივრის მოლოდინი დიდია ამ საკითხის მიმართ და მსაჯთა კომიტეტის შესაბამისმა ორგანომ უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, რათა დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ. იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი შეცდომები აღარ იქნება დაშვებული. განსაკუთრებით მაყურებელს უნდა ვცეთ პატივი, რომელიც სტადიონზე მოდის თამაშის საყურებლად და მათ შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ.“

ს.კ. „დილა“

“დილას” მარცხით დასრულებული სეზონი

გორელებმა XXV ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მატჩი შინ „ზუგდიდის“ წინააღმდეგ მარცხით დაასრულეს. ორივე გუნდი უმოტივაციოდ შეხვდა ამ დაპირისპირებას, ვინაიდან ზუგდიდის გუნდი უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილი იყო, ხოლო გორელებს ამ ჩემპიონატში თამაში მომავალ წელს გარანტირებული ჰქონდათ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მომენტების რაოდენობა საკმაოდ იყო, თუმცა ბოლო ფაზაში დარტყმების სიზუსტე ორივე გუნდის მხრიდან მოიკოჭლებდა. პირველი სახიფათო დარტყმა მე-7 წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიას სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ბურთის აღება არ გაჭირვებია. შემდეგ იყო სტუმარ ფეხბურთელთა ზვიად სიხარულიას და გუგუჩიას მცდელობები, თუმცა ძალზედ არაზუსტი. რამოდენიმე წუთშიგუგჩიამ ახლო მანძილიდან ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა და შეყრილაძემ კუთხურზე შეძლო ამ ბურთის მოგერიება. მატჩის შუა წელში კი რაჟამაშვილმა ძალზედ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ჯიშკარიანის ჩაწოდების შემდეგ ახლო კუთხიდან შეეძლო გოლის გატანა. სამწუხაროდ მას მიზანმა უმტყუნა.

მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთესად დაიწყეს. აფაქიძის და გუგუჩიას საჯარიმო დარტყმები ძალზედ სახიფათო გამოდგა, თუმცა შეყრილაძემ ორჯერვე უშეცდომოდ ითამაშა. გამოსარჩევი იყოკირკიტაძის მცდელობა, როდესაც ის რამოდენიმე ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შევიდა, მაგრამ დარტყმა ზუსტი აღარ გამოუვიდა.

სამაგიეროდ, შეცვლაზე შესულმა გიორგი ბულიამ შეძლო ანგარიშის გახსნა. კირკიტაძისგადაცემის შემდეგ გიორგიმ ეფექტურად ქუსლით ცადა გოლის გატანა, რომელიც მეკარემ აიღო, ხოლო მეორე ცდაზე კი შანსი აღარ დაუტოვა მას. დარჩენილ დროში მიუხედავად გორელთა მცდელობისა ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:1.

საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა XXV ეროვნული ჩემპიონატი ქვედა ექვსეულში ჩაამთავრა და 41 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი (კაპ.), კობახიძე, ჯიშკარიანი, ქებურია, გოროზია (ნოზაძე 53’), გურეშიძე, წიქარიძე (რეხვიაშვილი 77’), შალამბერიძე, რაჟამაშვილი, კვარაცხელია (სირბილაძე 60’).

სათადარიგო: ზუროშვილი, ნოზაძე, სირბილაძე, ი. ლომიძე, ჩაკვეტაძე, ჯაყელი, რეხვიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

 

„ზუგდიდი“: მ. ქვილითაია, ფარცხავა, მირხულავა, გუგუჩია (ბულია 66’), სიხარულია (კაპ.), აფაქიძე, შალიკაშვილი (ქათამაძე 85’), კირკიტაძე, ქებაძე, კანკია (ფარჯიკია 53’), მჭედლიშვილი.

სათადარიგო: ფარჯიკია, ქირია, ჯომიდავა, ჭანტურია, ქათამაძე, ბულია, კალანდარიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გოლი: ბულია (81’) 0:1.

გაფრთხილება: აფაქიძე (72’).

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.

 

„დილას“ პრესსამსახური

დილელების სპარინგი

თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა გუნდმა დღეს გორში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე „დილა 2“-თან პირველი სპარინგი გამართა.

მიუხედავად ძლიერი ქარისა, მატჩი საინტერესო გამოდგა და მრავლად იყო მომენტები. პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ერთმანეთს სახიფათოდ უტევდა, თუმცა გოლამდე საქმე არ მისულა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გაეყარნენ.

მეორე ტაიმში სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა. 51’-ე წუთზე კორღალიძემსაჯარიმოში მიიღო ბურთი და მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში. მეორე და მესამე ბურთიბერიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ორივეჯერ პირისპირ გასულმა შეძლო მეტოქის კარის აღება, ხოლო ბოლოს ახალკაცმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით წერტილი დასვა ამ შეხვედრაში.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, გურეშიძე, რაზმაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კოშკაძე, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გოგინაშვილი, ქარქუზაშვილი, ხიზანეიშვილი, კანდელაკი, გოროზია, კორღალიძე, ბოლქვაძე, ახალკაცი, სირბილაძე, ბერიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.

გოლები: კორღალიძე (51’) 1:0, ბერიაშვილი (58’, 67’) 3:0, ახალკაცი (74’) 4:0.

 

„დილას“ პრესსამსახური

„დილა“ სლოვენიელებთან დამარცხდა

თურქული შეკრების მესამე მატჩი გორის „დილამ“ სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ „მარიბორთან“ გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის საწყის წუთებში „დილას“ ფეხბურთელები აქტიურობდნენ და ჰქოდათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი. ყველაზე ახლოს მე-19 წუთზე კვარაცხელია იყო, რომელსაც ახლო მანძილიდან მეკარემ აჯობა, ხოლო დამატებაზე შალამბერიძეს ხელი შეუშალეს და თავით ზუსტად ვეღარ დაარტყა.

სლოვენიელები სათამაშო უპირატესობას ნელ-ნელა დაეუფლნენ და 24-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ერთი-ერთზე შეყრილაძემ ითამაშა კარგად. 29-ე წუთზე კი მერტელმა შორიდან ძლიერი დარტყმით და მცირე რიკოშეტის შედეგად შანსი არ დაუტოვა მეკარეს და ანგარიში გახსნა – 1:0.

ამის შემდეგაც მეტოქე დომინირებდა და 37-ე წუთზე ზახოვიჩმა გორელთა საჯარიმოში ცრუ მოძრაობის შემდეგ მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მეკარე კი შეწვდა თუმცა ბურთი მაინც ბადეში გაეხვა – 2:0. ტაიმის ბოლოს ბექამ კიდევ ერთხელ იხსნა გორელები და შორეული დარტყმული ნახტომში მოიგერია. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმშიც სლოვენიელები დომინირებდნენ. დასაწყისშივე „დილას“ არ გაუმართლა. კოშკაძის საჯარიმო დარტყმული ხარიხასს მოხვდა.

55-ე წუთზე ოტიჩმა „დილას“ საჯარიმოში ბურთი მიიღო და მშვიდად შეძლო მისი კარის ჩარჩოში გადაგზავნა – 3:0. ოთხ წუთში ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა „დილას“ კიპერმა კიდევ ერთხელ აჯობა მეტოქეს. საბოლოოდ ქართველები მეტოქესთან დამარცხდნენ ანგარიშით 3:0.

გორელები დასკვნით მატჩს 13 თებერვალს ბოსნიურ „სარაევოს“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც თავის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, რაზმაძე, გურეშიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია.

ასევე ითამაშეს: ბერიაშვილი, გაფრინდაშვილი, კორღალიძე, წიქარიძე, შენგელია, ახალკაცი.

„დილას“ პრესსამსახური

პატარა დილელების წარმატება

2012-13 წლის სეზონზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა აფხაზეთის პირველობა 2004 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის, სადაც სულ 10 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გორელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, თუმცა ტურნირი გაგრძელდა და პირველმა 8 გუნდმა ოლიმპიური სისტემით განაგრძო ასპარეზობა. ამ კლუბებიდან ფინალში დილა(გორი) და ფორვარდი (თბილისი) გავიდნენ.

14 ივნისს პატარა დილელებმა წარმატებული გამოსვლა ფინალში დააგვირგვინეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 8:3 დაამარცხეს.

გოლები: ხაჩირაშვილი (2), ნოზაძე (2), ახალკაცი (2), გიუნაშვილი (2).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ვაჟა ხაჩირაშვილი.

იხილეთ ვიდეო: ,,დილა 2004″ 8:3 “ფორვარდი 2004” (თბილისი)

 

წელს თბილისის დინამოს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა გოგა სიჭინავას სახელობის ტურნირი 2004 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის. ამ გათამაშებაში მონაწილეობდა ასევე 10 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად დაიყო (თითო ჯგუფში 5 გუნდი).

პატარა გორელები 13 იანვარს ნახევარფინალში თბილისის „კრწანისს“ შეხვდნენ და დიდი ანგარიშით 4:0 ძლიეს მეტოქეს. ორი გოლი ნოზაძემ გაიტანა, თითო-თითო კი ხუბულურმა დადათუაშვილმა.

14 იანვარს ფინალში ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. „დილას“ მეტოქედ ჩემპიონატში წაუგებლად მოასპარეზე თბილისის „ბასა 1“ შეხვდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, დამსახურებლად 2:0 გაიმარჯვეს და მოიპოვეს გათამაშების თასი. პირველი გოლი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მეორე ბურთი ნოზაძემ თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს.

ტურნირს ესწრებოდნენ და ბავშვები საჩუქრებით დააჯილდოვეს ყველასათვის ცნობილმა სახეებმა:ვლადიმერ ბარქაიამ, ოთარ გაბელიამ და მიხეილ ჯიშკარიანმა.

ასევე შეჯიბრზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე და ტურნირის ორგანიზატორი სერგო ჩიგოვაძე.

„დილას“ პატარა თაობებს წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც და დარწმუნებულები ვართ, ისინი კიდევ არაერთხელ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

იხილეთ ვიდეო: ,,ბასა 2004″ (თბილისი) 0:2 “დილა 2004”

 

დილა 2004

სურათზე (მარცხნიდან მარჯვნივ. I რიგზე): საბა ხადური, უჩა ხუბულური, გაგა პაპიაშვილი, გოჩა ხვედელიძე, გიორგი ბედოშვილი, თეიმურაზ ნოზაძე.

II რიგზე: გიორგი ბერძნიშვილი, გიორგი ფარასტაევი, ნიკოლოზ გაგნიძე, ვაჟიკო ხაჩირაშვილი, აჩიკო დათუაშვილი, ალეკო ქარელი, გიორგი გიგოლაევი.

ასევე ტურნირში მონაწილეობა მიიღეს: საბა ახალკაცმა (კაპ.), გიორგი გუდაძემ და ლუკა ეფრემიძემ.

ტურნირის საუკეთესო მეკარე: გოჩა ხვედელიძე.

ტურნირის ბომბარდირი: თეიმურაზ ნოზაძე (14 ბურთით).

მწვრთნელები: ვაჟა ტიტვინიძე, მიხეილ თაყაძე და ვახტანგ აკოფიანი.

„დილას“ საფეხბურთო სკოლის დირექტორი: გიორგი ტუღუში.

 

„დილას“ პრესსამსახური

გიორგი დევდარიანმა „დილა“ დატოვა

გიორგი დევდარიანმა გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში დევდარიანის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რაც ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის გუნდიდან წამოსვლის მიზეზი გახდა. მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ხვალვე გახდება ცნობილი დევდარიანის შემცვლელის ვინაობა.

გიორგი დევდარიანი „დილას“ თავკაცის პოსტზე 2013 წლის ზაფხულში დაინიშნა და მისი თავკავცობით გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში იასპარეზა.

„დილას“ ამ დროისთვის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი