პირველი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად ალგეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ავაზას ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და დინამოელთა მარცხით – 0:1 დასრულდა. ვასილ მაისურაძის გუნდს გოლის გატანის რეალური შანსი მატჩის დებიუტშივე ჰქონდა, თუმცა ჯერ ირაკლი ლექვთაძის დარტყმული მოხდა ალგეთის კარის ხარიხას, შემდეგ კი მისივე დარტყმული მცირედით ასცდა კარის. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე დინამოელმა ბუბა რუხაძემ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ მოახერხა, მისი დარტყმული ალგეთის მეკარემ, ლევან ეზიეშვილმა მოიგერია.
მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. მასპინძლებმა საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 53–ე წუთზე ანგარიშშიც აისახა. დინამოს კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ალგეთის კაპიტანმა გოჩა ჭოველიძემ შეასრულა, კარისკენ დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელებს მოხვდათ და ირაკლი სვანიძეს მიუვიდა, რომელმაც ხეირიანად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. დინამოელებმა შეხვედრა ათი კაცით ჩაამთავრეს, მსაჯმა სანდრო გურეშიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მატჩის უკანასკნელი წუთები დაძაბულად, ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
ალგეთი 1:0 დინამო–2
გოლი: 1:0 სვანიძე 53’
ალგეთი: ეზიეშვილი, ჭოველიძე, ანიგბო, პატარქალიშვილი (კობერიძე), კიკალიშვილი, ალასანია, ჯოჯიშვილი, ნემსაძე (მახათაძე), ტიელიძე, სვანიძე, ონუაკალუსი
დინამო–2: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე (ზივზივაძე), სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, საბა ლობჟანიძე (ჯიშკარიანი), მახარობლიძე, ლექვთაძე, მათიაშვილი, რუხაძე (ოთარაშვილი)
გამოუყენებელი პენალტი: რუხაძე