ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა „დინამო“ ტრავმის გამო დატოვა

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ნინოს გურიემ თბილისის „დინამო“ დატოვა, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებსაიტი. როგორც fcdinamo.ge წერს, ფეხბურთელის წასვლის მიზეზი უკანა მომზიდველი კუნთის ტრავმა იყო, სარეაბილიტაციოდ მას ორი კვირა ესაჭიროებოდა.

გურიე „დინამოში“ სანაკრებო პაუზის პერიოდში ისინჯებოდა. „ლოკომოტივთან“ ანგარიშით 6:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიელმა გოლიც გაიტანა. აღნიშნულ მატჩში გურიე 46-ე წუთიდან ჩაერთო.

იარაბეკი: „დინამო“ კარგი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია“

თურქეთში საქართელოს უმაღლესი ლიგის ამჯამინდელი ლიდერის თბილისის „დინამოს“ შეკრებაზე ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი გამოდგა – თბილისელებმა 5 მატჩდან 4 მოიგეს, ბოლო შეხვედრაში კი მოგება ხელიდან მხოლოდ ბოლო წუთებზე გაუშვეს და ლვოვის „კარპატის“ დაუზავდნენ (3:3). კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას განვლილი შეკრება „დინამოს“ ახალმა თავკაცმა იურაი იარაბეკმა შეაჯამა, რომელმაც გუნდს პირველად სწორედ თურქეთში უხელმძღვანელა.

პირველი შთაბეჭდილება გუნდზე

სულ ორიოდე კვირაა, რაც ერთად ვართ შეკრებაზე. პირველი შთაბეჭდილება, რაც შემიძლია ვთქვა დინამოზე არის – კარგი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი. გუნდში მაღალ დონეზეა დისციპლინა. მე აქამდეც აღვნიშნე, რომ დინამოს დიდი პოტენციალი აქვს. შეკრებაზე გავიცანი ბიჭები არა მხოლოდ სათამაშო, არამედ პიროვნული მხრიდანაც. ვნახე როგორ ვარჯიშობენ, როგორი ხასიათი აქვთ.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სტაფს და გუნდის უფროსს, ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან დამყარებული კარგი კომუნიკაციისთვის.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დინამო მაღალტექნიკური გუნდია. ტაქტიკური თამაშის მხრივ არ შემხვედრია პრობლემა. 4-4-2 იქნება თუ 4-4-1-1 ფეხბურთელებს კარგად აქვთ ათვისებული ეს წყობა და ნათლად ესმით ამოცანა. ვითხოვ უფრო სწრაფ თამაშს და პრესინგს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები კარგად ავსებენ ერთმანეთს. ყველა პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა. რამდენიმე სპარინგ შეხვედრის რიგ ეპიზოდებში და გარკვეულ ფაზებში ფეხბურთელებმა დაკარგეს კონცენტრაცია. საჭიროა პირველიდან ბოლო წუთამდე მთლიანი მობილიზირება და ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ.

მოსამზადებელი ეტაპი და შეკრება
შეკრებაზე მშვენიერი პირობები დაგვხვდა. სასტუმრო, მოედნები, აღდგენა, კვება და სპარინგები. რაც გვჭირდებოდა აბსოლიტურად ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. აღვნიშნავ, რომ გუნდში მთელი სტაფი, განურჩევლად მოვალეობისა პროფესიონალურად და ევროპულ დონეზე მუშაობს. აქვე დავამატებდი, რომ თავისი საწვრთნელი ბაზით, მოედნებით, აკადემიით, სტადიონით და საერთოდ ინფრასტრუქტურით, დინამო თბილისი მაღალი დონის ევროპული კლუბია.
სპარინგებზე
ხუთი საკმაოდ საინტერესო თამაში ჩავატარეთ. სპლიტი, ბატე, ვოივოდინა, სლოვანი, კარპატი… ყველა მეტოქე ევროპული, საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათ დახასიათებას ცალკე აღარ შეუდგები. რეზულტატების გარდა ჩვენ საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვითამაშეთ კომბინაციური ფეხბურთი, დაცვისა და თავდასხმის ხაზის მონაცველობის საკმაოდ კარგი რიტმით და ამაზე კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე ყველა ფეხბურთელი ვნახე საქმეში. კონკურენცია მაღალია და ეს ავტომატურად უზრუნველყოფს მათ პროგრესს.

გუნდის გაძლიერება
მე გუნდში თავიდანვე ვთქვი, რომ თუ გავძლიერდებით ლეგიონერით- ის აუცილებლად უნდა სჯობდეს ადგილობრივ მოთამაშეს. ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი ქართველი ფეხბურთელები გვყავს და შესაბამისად თუ ლეგიონერს მოვიყვანთ, იგი აუცილებლად მაღალი დონის უნდა იყოს. დრო გვიჩვენებს, რომელი პოზიცია უფრო მეტად საჭიროებს გაძლიერებას.

დინამოს მიზნები
მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. აი შემდეგ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოვხვდეთ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვთვლი, რომ ჩემს გუნდს აქვს ამის პოტენციალი.

„დინამომ“ „სლოვანს“ ხუთი გოლი გაუტანა და ზედიზედ მეოთხედ მოიგო (ვიდეო)

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ დღეს რიგით მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იყო. იურაი იარაბეკის გუნდმა ამჯერადაც კარგად ითამაშა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

30-ე წუთზე პენალტით ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა გახსნა. თორმეტ წუთში თავისი გუნდის უპირატესობა ქვილითაიამ გაზარდა. უკვე მეორე ნახევრის მესამე წუთზე ჯიღაურის პასით ჭანტურიშვილმა „დინამოს“ უპირატესობა სამამდე გაზარდა. 70-ე წუთიდან 79-ე წუთამდე კი გუნდებმა 4 გოლი გაიტანეს. თავიდან ამ შეკრებაზე მეორე გოლი გელაშვილმა გაიტანა, შვიდ წუთში კი ვიტეკმა პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა. ერთ წუთში გელაშვილმა დუბლიც შეასრულა, მაგრამ ერთ წუთში „დინამომ“ მეორე გოლი გაუშვა, რომელიც სიმოვიჩმა გაიტანა.

საბოლოოდ, 5:2 და „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო. შემდეგი და ბოლო მატჩი „ლურჯ-თეთრებს“ 13 თებერვალს ლვოვის „კარპატისთან“ ელით.

„დინამო“ თურქულ შეკრებაზე დღეს მესამე მატჩს ჩაატარებს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი თბილისის „დინამო“ უცხოეთში დღეს რიგით მესამე მოსამზადებელ მატჩას ჩაატარებს. ამჯერად უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი ლიდერის მეტოქე სერბული „ვოივოდინა“ იქნება.

მატჩი, თბილისის დროთ, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს „დინამოს“ ოფიციალური ვებსაიტი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თურქულ შეკრებაზე წინა ორი შეხვედრიდან „დინამომ“ ორივე მოიგო. 1 თებერვალს „ლურჯ-თეთრებმა“ ხორვატულ „სპლიტს “ 1:0 სძლიეს, 4 თებერვალს კი ბელორუსის „ბატეს“ 2:0 მოუგეს.

თბილისის „დინამოს“ ახალი თავკაცის ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

კახა ცხადაძის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მის შესაძლო შემცვლელად თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მოიაზრება.

რამდენიმე საათის წინ კი სლოვაკურმა რესურსმა sport.sme.sk-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თბილისურ კლუბს სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი ჩაიბარებს.

„დინამო თბილისი“ დიდებული კლუბია. მას ისტორია აქვს, 1980/81 წლების სეზონში „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

როდესაც საქართველოს ახსენებთ, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს ქვეყანა, ფეხბურთის მხვრივ, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩება. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი გააჩნია. აქ ადგილობრივი მოთამაშეები გამოდიან, „დინამოში“ მხოლოდ ერთი ლეგიონერი ირიცხება.

გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ეროვნულ ნაკრებში სამუშაოდ გადადის. მე „დინამოს“ მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც აქამდე „ზესტაფონში“ მუშაობდა. ამ კლუბს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლისას შევხვდი, მაშინ ტრნავის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი“, – განუცხადა იარაბეკმა ტრნავის „სპარტაკის“ ოფიციალურ არხს.

მთავარი მწვრთნელის რანგით, იარაბეკის მიღწევები არც ისე შთამბეჭდავია. 2009/10 წლების სეზონში მისი თავკაცობით „ზლატე მორავცემ“ რანგით მეორე სლოვაკური ლიგა მოიგო. 2013/14 წლების სეზონში, ტრნავის „სპარტაკში“ მუშაობისას, მისმა გუნდმა სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში „სპარტაკმა“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მიაღწია. 2015 წლის აგვისტოში იურაი იარაბეკმა თავისი პოსტი დატოვა და დღემდე უმუშევარი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ 40 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 5 ქულით უსწრებს. 30 იანვრიდან თბილისელები თურქეთში შეკრებას გაივლიან და რამდენიმე მოსამზადებელ მატჩსაც ჩაატარებენ.

სავარაუდოდ, იარაბეკის დანიშვნას „დინამო“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.

ვოლკოვი „დინამოდან“ იჯარით „ჩიხურაში“ გადადის

თბილოისის „დინამოს“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი მიმდიანრე სეზონის უმაღლესი ლიგის მეორე წრეს საჩხერის „ჩიხურაში“ ჩაატარებს. აღნიშნული ტრანსფერი თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმა დაადასტურა. ფეხბურთელი „ჩიხურაში“ იჯარის წესით ითამაშებს.

პირველ გუნდში ვოლკოვის დებიუტი შარშანდელ სეზონში შედგა. „ცხინვალთან“ თასის მატჩში კი მან გოლის გატანაც შეძლო – ის შეხვედრა თბილისელებმა 2:0 მოიგეს. მიმდინარე სეზონში დავითმა უმაღლესი ლიგის სამ შეხვედრაში ითამაშა.

„დინამო“ – „ვიტ-ჯორჯია“ უამინდობის გამო გადაიდო

თბილისის „დინამოს“ დიღრმის სამწვრთნელ ბაზაზე დღეს „დინამოსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ შორის ამხანაგური მატჩი უნდა გამართლიყო. „დინამოს“ ოფიციალური საიტი უწყება, რომ აღნიშნული შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ოც იანვარს „დინამოელებმა“ „საბურთალოსთან“ ისპარინგეს და ქვილითაის დუბლით, ანაგრიშით 2:1 გაიმარჯვეს.

30 იანვრიდან გია გეგუჩაძის გუნდი შეკრებას თურქეთში გაივლის, სადაც 14 თებერვლამდე დარჩება და რამდენიმე მოსამზადებელ შეხვედრასაც ჩაატარებს.

ნიკა გელაშვილი „დინამოს“ ფეხბურთელია

თბილისის „დინამომ“ თავდამსხმელ ნიკა გელაშვილის ტრანსფერი დაადასტურა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, 30 წლის ფორვარდთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მიმდინარე სეზონის პრიველ ნახევარში გელაშვილმა კვიპროსის პირველი დივიზიონის ბინადარ „პაფოსში“ ჩაატარა, რომლის შემადგენლბოაში 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 2012 წელს, „ზესტაფონიდან“ წასვლის შემდეგ, გელაშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ბოხუმში“ გამოდიოდა, თუმცა 2013/14 წლების სეზონში აზერბაიჯანულ „ყარაბახში“ გადასვლა მოუწია, საიდანაც ალბანურ „ფრამურტარიში“ გადაბარგდა.

„დინამომ“ თურქული შეკრების განრიგი და მეტოქეთა ვინაობა გამოაქვეყნა

თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის შეკრებას თურქეთის ქალაქ ბელეკში გაივლის. „ლურჯ-თეთრები“ თურქეთს 30 იანვარს ეწვევიან, სადაც 14 თებერვლამდე დარჩებიან, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური ვებსაიტი წერს. ამ პერიოდში გია გეგუჩაძის გუნდი ხუთ მოსამზადებელ მატჩსაც ჩაატარებს. დღეს კლუბმა ამ მატჩების განრიგი გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

1 თებერვალი – სპლიტი (სპლიტი, ხორვატია)
4 თებერვალი – ბატე (ბორისოვი, ბელორუსი)
7 თებერვალი – ვოივოდინა (ნოვი სადი, სერბეთი)
10 თებერვალი – სლოვანი (ბრატისლავა, სლოვაკეთი)
13 თებერვალი – კარპატი (ლვოვი, უკრაინა)

ჭანტურიას განცხადება „ლოკომოტივში“ გადასვლასთან დაკავშირებით

როგორც დღეს მოგახსენეთ, 20 წლის მცველი ნიკა ჭანტურია თბილისის „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით ნიკამ „ფეისბუქზე“ საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით ყველას,
სოციალური ქსელში საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წერილი ყველასთან მიაღწევს. – ჯერჯერობით არ მქონია არცერთ ჟურნალისტთან საუბარი და შესაბამისად ეს იქნება ჩემი პირველი ოფიციალური მიმართვა, რომელსაც გავაკათებ.
პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთან ერთად თბილისის დინამოში ითამაშა. – ყველა ფეხბურთელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს მეგობრობა ბოლომდე შევინარჩუნო.
დიდი მადლობა ასევე დინამო თბილისის staff-ს! სათითაოდ ყველა ადამიანს ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გვერძე მედგა! დღეს, რომ მე ფორმაში ვარ და შემიძლია სრულფასოვნად ჩავატარო ვარჯიშები ეს სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა.
უნდა ვთქვა ისიც, რომ ყველაზე დიდ დისკომოფორტს დინამოს გულშემატკივრებთან განშორება მიქმნის. – ის მხარდაჭერა, რომელიც მე ამ ადამიანებისგან ამ პერიოდში ვნახე მართლა განუსაზღვრელია. დიდი მადლობა მათ და კონკრეტულად გლადიოტორებს, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა!
მე ვათვიცნობიერებ თუ რას ნიშნავს იყო თბილისის დინამოს კაპიტანი და ატარებდა ამხელა პასუხისმგებლობას. – მე ვიცი, რომ საქართველოს მაშტაბით ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო მწვერვალია რაზეც შეიძლება, რომ მოთამაშემ იოცნებოს. მე ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ეს ჩემთვის ბოლომდე ნათელია, უბრალოდ არსებობს ისეთი მომენტები ცხოვრებაში და სპორტულ კარიერაში, როდესაც არჩევანის წინაშე დგები და გიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საზოგადოებაში.
დღეს მე უკვე თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად მომიტანს წარმატებას. – მე მოვედი პროგრესულ, ახალგაზრდულ და მიზანდასახულ გუნდში სადაც შემეძლება, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. – ჩემი კარიერის 90% სწორედ ამ კლუბში გავატარე და ლოგიკურია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა“.

1

ჭანტურია „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მცველი ნიკა ჭანტურია თბილისის „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ ბრუნდება.

გასული სეზონის დიდი ნაწილი ჭანტურიას მძიმე ტრავმის გამო გაუცდა, მიმდინარე სეზონში დაბრუნებული კი გია გეგუჩაძის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. „დინამოს“ აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

„დინამოში“ ჭანტურია გასული სეზონის წინ ჩაირიცხა და ტრავმის მოღებამდე 12 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 2011 წლიდან ნიკა „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა, 2013/14 წლების სეზონში კი ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშა, რის შემდეგაც კვლავ „რკინიგზელებს“ დაუბრუნდა.

ქვილითაია: „ჩემი პირველი სიტყვა „გოლი“ იყო“

22 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თბილისის „დინამოში“ მიმდინარე სეზონში გადავიდა. უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ მის ანგარიშზე 12 გოლია და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ნიკა კაჭარავას ის მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში თბილისური კლუბის გამორჩეული ფეხბურთელი უეფა-ს ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.

„დიახ, ახლა ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. ყველაფერს გამართლებას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ასეთი კარგი თანაგუნდელების გვერდით ყოფნაში გამიმართლა. მათ გვერდით რომ არ მეთამაშა, ამდენს ვერ გავიტანდი“, – აღნიშნავს გიორგი.

„სპორტის სახეობის არჩევა არც კი მომიწია. დაბადებიდანვე ბურთს ვხედავდი, ბურთის მესმოდა და ბურთს ვგრძნობდი. როგორც კი ფეხბურთზე სიარული დავიწყე, ბურთი ჩემთან იყო. ჩემი პირველი სიტყვაც კი „გოლი“ იყო. ალბათ, ეს სიტყვა სხვა სიტყვებზე უფრო ხშირად მესმოდა. საფეხბურთო ოჯახი მყავს. ჩემი ძმაც თამაშობს, მაგრამ მე მამას დავემსგავსე, რომელიც თავდამსხმელი იყო. უმცროსი ძმა მეკარე გახდა“.

14 წლის ასაკში ქვილიათია მშობლიურ ქალაქ აბაშიდან „ნორჩ დინამოში“ გადავიდა, სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა. სულ მალე დედაქალაქურმა კლუბმა „სასკომ“ თავისი გუნდი პირველ ლიგაში წარმოადგინა, სადაც ქვილიათიამ ოთხ თვეში 22 გოლი გაიტანა.

მალე 19 წლის თავდამსხმელი უნგრეთს უძლეირეს კლუბ „დიორში“ გაუშვეს: „იქ თამაში ორჯერ მოვასწარი. პირველად ნახევარწლიანი იჯარით ვიყავი. მაშინ კლუბი უნგრეთში საუკეთესო გახდა. შემდეგ დავბრუნდი და სამწლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. ტრავმის შემდეგ ლიგის თასის ოთხ მატჩში ათი გოლი გავიტანე, მალე თავი უმაღლეს დივიზიონშიც გამოვიჩინე. მართალია, წასვლა მომიწია, რადგან „დიორი“ გაკოტრდა და მესამე დივიზიონში გადავიდა“.

„დიორიდან“ პირველად წასვლის შემდეგ ქვილითაია გორის „დილას“ შეუერთდა, მეორედ კი დაფიქრება მოუწია: „ევროპაში დარჩენის რეალური შანსი მქონდა, ერთი სლოვაკური კლუბი მპატიჟებდა, თუმცა გიორგი გეგუჩაძის ფაქტორი გადამწყვეტი გახდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორად მოვიქეცი. სანამ „დინამოში“ მოვხვედებოდი, ტრავმა თითქმის სამ თვეში ერთხელ მქონდა. ახლა ყველაფერი რიგზეა – პირველი წრის ყველა 15 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. ჩემთვის მწვრთნელის მხადაჭერა, რომელიც რთულ დროს ჩემ გვერდით იყო, ძალიან მნიშვნელოვანია.

„გაბალასთან“ ორმატჩიანი წაგებული დაპირისპირების შესახებ: „მაშინ შესათამაშებლად დრო არ გვყოფნიდა. ჩვენი ამჟამინდელი ფორმით სერია სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა“.

უახლოესი გეგმების შესახებ: „უახლოესი გეგმებს მხოლოდ „დინამოს“ ვუკავშირებ. ჩვენი მიზანი ორივე ეროვნული ტურნირის მოგება და ევროთასებზე მოხვედრაა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ამჟამინდელი შემადგენლობა ამის საშუალებას გვაძლევს.

ეროვნულ ნაკრებშო მოხვედრის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როცა ფეხბურთს თამაშს ვიწყებდი“.