ედენ აზარის “ჩელსიში” დარჩენა ტიბო კურტუაზეა დამოკიდებული

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ლიდერმა და ნახევარმცველმა, ედენ აზარმა “არისტოკრატების” გულში იმედი გააღვივა და მიგვანიშნა, რომ ლონდონში დარჩენისა და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკმაოდ რეალური შანსები არსებობს.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც აზარს “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ამ სიტუაციას ხელს ზინედინ ზიდანის ფაქტორიც უწყობს, რომელიც აზარის უდიდესი ფანი გახლავთ.

“დიახ. მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ კურტუამ უნდა გაახანგრძლივოს და შემდეგ მე მოვაწერ ხელს,” – განაცხადა აზარმა, რომელსაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კლუბთან ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას.

რაც შეეხება ტიბო კურტუას, ბელგიელი მეკარე ნამდვილად არ ჩქარობს არჩევანის გაკეთებას: “გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია. თანაც, ვიცი რომ ჩემი ყოფილი მეგობარი გოგონა მადრიდში დაბრუნდა. ეს ფაქტორიც უდიდეს როლს თამაშობს. მზად ვარ ჩემი შვილებისთვის მოვკვდე კიდეც.

ხშირად, როდესაც ისინი მენატრებიან, ვფიქრობ: “ხომ არ დავბრუნდე ესპანეთში?”. სწორედ ამიტომ ვყოყმანობ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

რა თქმა უნდა, მე და აზარი ერთმანეთის მომავალზე დიდ გავლენას ვახდენთ. ის ამბობს “ჯერ შენ გააფორმე და მერე მე” და მეც ანალოგიურად. ვნახოთ, რა მოხდება,” – აცხადებს ტიბო კურტუა.

“ჩელსის” კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, აზარი “რეალს” ელოდება

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ჟურნალისტი, მეტ ლოუ ირწმუნება, რომ ლონდონის “ჩელსი” ედენ აზარისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.

“ჩელსი” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს აზართან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებიათ. ახალი წლის შემდეგ მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავა.

“ჩელსის” უფროსებს ძალიან უნდათ აზარის შენარჩუნება, მაგრამ თავად ფეხბურთელი მადრიდის “რეალისკენ” მიილტვის და კლუბისგან ელის შესაბამის ნაბიჯებს,” – ვკითხულობთ ჟურნალისტის ოფიციალურ “ტვიტერზე”.

მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ნახევარმცველმა 17-ჯერ ითამაშა პრემიერ ლიგაში – გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

აზარი: “ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიხარჯები”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა ის მიზეზი, რის გამოც ვარჯიშზე ბოლომდე არ იხარჯება.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიტვირთავ თავს. გვაქვს წვრთნები და ზოგი გუნდელი გიჟივით ემზადება მატჩისთვის. თუმცა, მე ვცდილობ, ენერგია ზუსტად შეხვედრისთვის შევინახო. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესვენება, სწორედ ამიტომ ზოგ ვარჯიშს ძალების აღსადგენად ვიყენებ.”

“როცა მოედანზე ვარ, ხშირად ფეხში მირტყამენ. თუმცა, ამაზე არ ვდარდობ – ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფიზიკურად გავძლიერდე. დარბაზში ამისთვის საკმაოდ ვირჯები. ვიცი, ჩემი სხეული ძალიან ძლიერია, რაც წარმატებული თამაშის ერთ-ერთი წინაპირობაა,” – აცხადებს ბელგიელი.

ედენ აზარი: “ვიცი, ოქროს ბურთის მოგების შანსი არ მაქვს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავი, ედენ აზარი თვლის, რომ ოქროს ბურთის მოგებისთვის მებრძოლთა სიაში მოხვედრის მიუხედავად მას ამ ტიტულის მოგების არანაირი შანსი არ გააჩნია.

“შანსი არ მაქვს, ვერ მოვიგებ. ვფიქრობ და ვიცი, რომ არიან ჩემზე უკეთესი ფეხბურთელებიც. მე იმითაც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ საუკეთესო 30 მოთამაშეს შორის მოვხვდი.

ვიცი, რომ ნომინანტთა სიაში ვარ, მაგრამ ეს იმიტომ არის, რომ “ჩელსიში” ვთამაშობ და ზურგს დიდებული თანაგუნდელები მიმაგრებენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩემს დახმარებას და ეს წარმატებაც მათი დამსახურებაა.

არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მექნება თუ არა ამ პრიზის მოგების შანსი, მაგრამ დღესდღეობით ეს ჩემი მთავარი მიზანი ნამდვილად არ არის. ჩემთვის მთავარია კარგად ვითამაშო და მოედანზე სიამოვნება მივიღო,”- აცხადებს აზარი Sky Sports-თან საუბრისას.

ედენ აზარი: “მორატამ ახლა ფეხითაც უნდა სცადოს გოლის გატანა”

ლონდონის “ჩელსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა თავისი ახალი თანაგუნდელი შეაფასა, რომელთან თამაშის შანსიც პირველად პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში, “ლესტერ სიტისთან” მატჩში მიეცა.

“თქვენც სწორედ ის დაინახეთ, რაც მე. მორატა ძალიან კარგი ფეხბურთელია, თავით ძალიან ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ ახლა ფეხითაც უნდა სცადოს გატანა. ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, ყველანაირი სიტუაციიდან შეუძლია მეტოქის კარის აღება და როდესაც ამას აკეთებს, ჩვენ ვიგებთ.

ყველაფერთან ერთად, ის კარგ ფორმაშიც არის. ნაკრებისთვის სამი გოლი გაიტანა და იმედი მაქვს, რომ “ჩელსიში” კიდევ უფრო მეტჯერ შეძლებს თავის გამოჩენას.

რაც შემეხება მე, უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდი გუნდს. ბელგიის ნაკრებშიც ვითამაშე, რამაც ჩემს ფორმაზე დადებითად იმოქმედა. მაქსიმალურად ბევრს ვმუშაობ, რათა გუნდს გამოვადგე,” – აცხადებს ედენ აზარი.

როგორი ბუცები აცვიათ მესის, რონალდუსა და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებს?

ის დრო, როდესაც ყველა ფეხბურთელს ერთნაირი, შავი ბუცები ეცვათ წარსულს კარგა ხანია რაც ჩაბარდა. დღესდღეობით კი ფეხბურთის ყველა ვარსკვლავს სპეციალურად მისთვის შექმნილი ბუცები ამშვენებენ. ვნახოთ, როგორ ბუცებს ატარებენ მსოფლიოს უმაღლესი დონის ვარსკვლავები ბოლო დროს…


კრიშტიანუ რონალდუ


როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ არა საუკეთესო) მთელი კარიერის მანძილზე მეგობრობს სპორტული ეკიპირების გერმანულ გიგანტთან, “ნაიკთან”, კერძოდ კი Mercurial-ის ბუცებთან.

ბოლო დროს წლის საუკეთესო ფეხბურთელს უახლესი გამოშვების ბუცები აცვია, რომლის ღირებულებაც ოფიციალურ მაღაზიაში 260 ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 844 ლარს უდრის.


ლიონელ მესი


ლეო მესი კი “ადიდასთან” მეგობრობს. ამჟამად ის არგენტინის ნაკრების ფერებში გადაწყვეტილ ბუცებს იყენებს, რომელსაც “ოკეანის შტორმსაც” ეძახიან, მისი დასახელება კი Nemeziz 17+ გახლავთ.

ალბათ გახსოვთ, რომ ადრე არგენტინელი გოლეადორი Adidas’ F50-ის ერთგული იყო, თუმცა კარგა ხანია, რაც ის 280 ფუნტად (909 ლარი) შეფასებულ Nemeziz-ს ატარებს.


ნეიმარი


მესისა და რონალდუს მსგავსად ნეიმარის სახელზეც უშვებენ ბუცებს, ამ საქმიანობაზე კი “ნაიკი” ზრუნავს. მოდელს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულს ამშვენებს Mercurial Superfly V Neymar ჰქვია.

იმ ბუცების შეძენა, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იწონებს თავს 270 ფუნტად, ანუ დაახლოებით 877 ლარად არის შესაძლებელი.


გარეთ ბეილი


მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი კი Adidas X 17+ Purespeed-ს ატარებს, რომელიც 250 ფუნტად (812 ლარი) ფასობს. 2016/17 წლების სეზონის ბოლოს ის ლურჯ-თეთრ ბუცებს ატარებდა, მაგრამ ზაფხულში ყვითელ ფერზე გადაერთო.


ლუის სუარესი


ბეილის მსგავსად, სუარესიც Adidas X 17+-ზე აკეთებს არჩევანს, რომელიც შემქნელების თქმით განსაკუთრებულად სწრაფ სიჩქარესა და სიძლიერეზეა მორგებული.


ანტუან გრიზმანი


ანტუან გრიზმანი “პუმას” ერთ-ერთი უდიდესი კლიენტია. ფრანგი შემტევის Puma One 17.1 ოფიციალურ მაღაზიაში 160 ფუნტი (520 ლარი) ღირს.


რობერტ ლევანდოვსკი


მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი ვარსკვლავი “ნაიკის” ახალი ხაზის, Hypervenom-ის მთავარი სახეა. ლევანდოვსკის Phantom 3-ის შეძენა კი 260 ფუნტად არის შესაძლებელი (844 ლარი)

აზარს “ჩელსიში” დიეგო კოშტას დაბრუნება უნდა

ლონდონის “ჩელსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა პრესასთან დიეგო კოშტაზე ისაუბრა, რომელსაც ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებთან უთანხმოება აქვს.

“დიეგო? მის გვერდით სამი წლის მანძილზე ვთამაშობდი და ჩვენ ერთად ყველაფერი მოვიგეთ – მართალია ჩემპიონთა ლიგა არა, მაგრამ ჩემპიონატი. მის გვერდით ყოფნა დიდ სიამოვნებას მგვრიდა.

ძალიან მინდა ის “ჩელსიში” დაბრუნდეს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

ჩვენ დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს, ჩემპიონთა ლიგას ვუმიზნებთ. იმედია, კოშტა გამოსავალს იპოვის და ერთად მივაღწევთ ამ წარმატებებს,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

ნაინგოლანი: “აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

“რომას” ბელგიელ ნახევარმცველს, რაჯა ნაინგოლანს სჯერა, რომ თავისი თანამემამულე, ედენ აზარი საკმარისად ნიჭიერი და მონდომებულია იმისათვის, რომ მომავალ წელს ოქროს ბურთს დაეუფლოს.

“ვფიქრობ, მას ამ ჯილდოს მოგებისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. ჩემთვის, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია.

როდესაც ის მოედანზეა, ყველა ამჩნევს, თუ რამდენ რამეს ცვლის მატჩში. ერთადერთი განსხვავება მასსა და ნეიმარს, კრიშტიანუსა და მესის შორის ისაა, რომ მათ უფრო მეტი გოლი გააქვთ.

ჩემთვის ეს ერთადერთი განმასხვავებელი თვისებაა მათ შორის. აზარს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მივიჩნევ,” – აცხადებს რაჯა.

Diario Gol: “ბარსელონა” 120 მილიონს იხდის

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ყურადღება ლონდონის “ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავზე, ედენ აზარზე გადაიტანეს.

როგორც იცით, აზარის გარშემო არსებულ სიტუაციას კარგა ხანია, რაც მადრიდის “რეალიც” აკვირდება. მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ამ დროისთვის “ბარსელონა” უფრო დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება.

ყველაფერთან ერთად, ანტონიო კონტეს ძალიან სურს “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი სერხი რობერტოს გადაბირებაც, რომელიც შესაძლოა, აზარის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც გახდეს.

ედენ აზარის სიტყვებმა “ჩელსის” ფანები დაამშვიდა

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, რომელსაც ჯერ კიდევ აკავშირებენ მადრიდის “რეალთან”, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

აზარი, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებასთან ერთად გასულ სეზონში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსაც დაეუფლა, განაცხადა: ” ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წელიც ასეთი იქნება – ლიგას მოვიგებთ, მე კი კვლავ საუკეთესო გავხდები.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, წლის საუკეთესო ფეხბურთელობა კი უბრალო ბონუსია ჩემთვის.

მიმდინარე სეზონი კარგად დავიწყეთ და ლიგაც მოვიგეთ, მაგრამ მომავალ სეზონში უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს (“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს). ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ დონის შესანარჩუნებლად,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

აზარი: “რეალში” გადასვლაზე დავფიქრდები”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს მადრიდის “რეალის” მაისურით ითამაშოს.

“რა თქმა უნდა, თუ მადრიდელები რაიმეს შემომთავაზებენ, მე დავფიქრდები.

ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების მოპოვებაა, ჩემპიონთა ლიგის მოგება მართლაც რომ დიდებული რამ იქნება. მაგრამ, არ ვივიწყებ იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება “ჩელსის” გეგმებშიც შედის.

გულწრფელად გეუბნებით, ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება მომავალში,” – აცხადებს ედენ აზარი.

ედენ აზარი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ნახევარმცველი, ედენ აზარი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

მართალია, 26 წლის ფეხბურთელსა და “არისტოკრატებს” შორის არსებული კონტრაქტი 2020 წლამდე არ იწურება, მაგრამ ის ფაქტი, რომ აზარის გადაბირებას “რეალი” ცდილობს, “სტემფორდ ბრიჯელებს” მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.

“ახალი კონტრაქტი? მსგავსი არაფერია, ამ მომენტისათვის ამის არავითარი ნიშანი არ არსებობს. მთლიანად დარჩენილ თვეზე ვარ კონცენტრირებული.

ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. კლუბთან ორი თუ სამი წელი მაქვს დარჩენილი. ამაზე შემდგომში ვიფიქრებ. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ სეზონი კარგად დავასრულო,” – აცხადებს ედენ აზარი.