ჩაო, პრეზიდენტე!

გასულ კვირას, მასიმო მორატიმ მილანის „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ თოჰირს ოფიციალურად მიჰყიდა, რითაც 1995 წლის თებერვალში დაწყებული ერა დასრულდა. ვინ არის ერიკ თოჰირი და როგორ „ინტერს“ უნდა ველოდოთ მისი მმართველობის დროს? იქნება ის კლუბისთვის ზედგამოჭრილი ფიგურა? თუ ეს უბრალოდ ბიზნესია? „ინტერის“ ტიფოზებს, წესით, მრავალი კითხვა უნდა აწუხებდეთ.

ეკონომიკური თვალსაზრისით ერიკ თოჰირს ნამდვილად შეუძლია, კლუბს რეალური გარანტიები მისცეს, რასაც მორატი „ნერიაძურისა“ და მის ქომაგებს, ალბათ, ვეღარ
დაჰპირდებოდა. ინდონეზიელი მაგნატი, ოჯახთან ერთად, არის მფლობელი Astra International-ისა (სპეციალიზდება ავტომობილების წარმოებაში, სამთო საქმიანობაში, ფინანსურ მომსახურებაში, სოფლის მეურბეობაში, ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო საქმიანობაში), რომლის ბრუნვაც, 2012 წლის შედეგების მიხედვით, 12 მილიარდ ევროს შეადგენს, მოგება კი _ 1,38 მილიარდ ევროს. თოჰირი ასევე ფლობს ორგანიზაციას „Mahaka Media“, რომელიც ეწევა საგამომცემლო და სატელეკომუნიკაციო საქმიანობას.

სიმდიდრე:

მილიარდელი არა მხოლოდ ფეხბურთით არის გატაცებული, არამედ კალათბურთითაც. ის ფლობს NBA-ს კლუბ „Philadelphia 76ers“-ის აქციათა 15 პროცენტს, ასევე არის სამშობლოში ორი კლუბის თანამფლობელი – „Satria Muda BritAma Jakarta“ და „Indonesia Warriors“. გარდა ამისა, თოჰირი გახლავთ ინდონეზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 50 მილიონი დოლარი გამოჰყო საფეხბურთო კლუბ  „დისი იუნაიტედის“ განვითარებისთვის.

მორატი:

ვერავინ იტყვის იმას, რომ მორატის ფული არ აქვს. რატომ დათმო მან „ინტერის“ მფლობელის სავარძელი? იქნებ მასში ფეხბურთი აღარ იწვევს ვნებას? ვნებას, რომელსაც „ინტერის“ ქომაგები გუნდის წარმატებისთვის არ იშურებდნენ.

მორატის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კლუბის ტიფოზებთან, ის ღირსეულად ატარებდა „შავ-ლურჯთა“ მფლობელის სახელს. მიუხედავად იმისა, რომ მორატის ხშირად აკრიტიკებდნენ ფულის უაზროდ ხარჯვაში, ის „ინტერის“ ქომაგებს უყვარდათ, რადგან კლუბის პრეზიდენტი წარმატებისკენ სავალ გზაზე გულით მოქმედებდა და არა – ჭკუით.

წარმატებები:

1995 წლის თებერვლიდან, „ინტერის“ პრეზიდენტად მასიმო მორატის გახდომიდან, კლუბმა 16 ტიტული მოიგო: 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, უეფას თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ყველაზე მთავარი – უეფას ჩემპიონთა ლიგა.

აი, რა განაცხადა „ინტერის“ ახალმა მფლობელმა თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში: „მოხარული ვარ, რომ მორატიმ „ინტერის“ მართვა მანდო. მოხარული ვარ, რომ ის მომავალში ჩემი პარტნიორი იქნება“.

ეს სიტყვები კი თავად მორატის ეკუთვნის: „კმაყოფილი ვარ. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მგონია, რომ ყველანი კმაყოფილები დარჩნენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც რაღაც იცვლება. არ ვთვლი, რომ ცხოვრების ახალ რიტმს უნდა მოვერგო. ერთის მხრივ, აშკარაა კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული, მეორეს მხრივ – ნუგეშია, რომ  კლუბი საიმედო ხელშია. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ბექა დოგრაშვილი

ბერგომი: „მორატიმ „ინტერის“ გაყიდვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჯუზეპე ბერგომი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ „ნერიაძურიმ“ მფლობელი შეიცვალა. ბერგომის თქმით, „ინტერის“ აწ უკვე ყოფილმა მეპატრონემ, მასიმო მორატიმ კლუბის გაყიდვით სწორი ნაბიჯი გადადგა.

მოგეხსენებათ, „ინტერი“ ინდონეზიელი ბიზნესმენის, ერიკ თოჰირის საკუთრებაში გადავიდა. 15 ოქტომბერს თოჰირმა კლუბის აქციათა 70 პროცენტი შეიძინა. „ინტერის“ გულშემატკივართა ერთი ნაწილი ამ ამბით უკმაყოფილო დარჩა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თოჰირმა 250-დან 300 მილიონ ევრომდე გადაიხადა.

„ცხოვრება გრძელდება. ზედმეტი ნოსტალგია არ გვარგებს. მორატიმ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ „ინტერს“ წარმატებებისთვის მიეღწია. კლუბის გაყიდვა აუცილებელი იყო. თუ მორატის „ინტერი“ მართლაც უყვარს, ის სწორად მოიქცა. ვიმედოვნებ, რომ თოჰირი სწორი არჩევანია. არ ვიცი, ერკვევა თუ არა ის ფეხბურთში, თუმცა მართვა შეუძლია“, – განაცხადა ბერგომიმ.

ბექა დოგრაშვილი