რობსონ-კანუ: “ამისათვის 8 წლის მანძილზე ვმუშაობდით”

უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჰალ რობსონ-კანუმ ბელგიასთან გამართული შესანიშნავი მატჩის შემდეგ (3-1) პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის მოგებაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა, რამეთუ სწორედ მისი გოლის წყალობით გავიდნენ წინ უელსელები.

“ფანტასტიკურია. დიდებულად ვითამაშეთ, კარგია რომ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. ვიცოდით, რომ თუ ისევე ვითამაშებდით, როგორც პირველ ნახევარში, შედეგსაც მივაღწევდით. რთულია შესაფერისი სიტყვების მოძებნა.

ამისათვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით ბოლო 8 წლის მანძილზე.

მათ წინააღმდეგ ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ ვითამაშეთ, ასე რომ ვიცოდით, თუ როგორი მატჩი გველოდა. ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაკეთებდით.

ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს. დაცვაში ისევე მტკიცედ შეგვიძლია დგომა, როგორც ქვას. ეს ყველაფერი კი ჩვენ საკმაოდ კარგ შანსს გვაძლევს.” – განაცხადა უელსელმა შემტევმა.

ქრის კოლმენი: “ნუ შეგეშინდებათ ოცნების”

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2016-ის მეოთხედფინალში ბელგიის დამარცხების (3-1) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორებიც არიან აარონ რემზი, გარეთ ბეილი და ჯო ალენი, ვალდებული ხარ რომ კარგი ფეხბურთი ითამაშო. შენი გუნდისგან საუკეთესო უნდა მიიღო.

გვინდოდა გამოვსულიყავით და გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ შეგვიძლია ძალიან შემტევი გუნდი ვიყოთ და ეს გავაკეთეთ.

ძალიან კმაყოფილი ვარ სემ უოკსის თამაშით. ის რეგულარულად ვერ ხვდება სასტარტოში, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმუმი გაიღოს. რაც შეეხება ეშლის, მას ბევრი გოლი ვეღარ გააქვს, თუმცა მაინც დიდებული ლიდერია. ჰალ რობსონ-კანუ? ვაუ, ვერაფერს იტყვი.

ნუ შეგეშინდებათ ოცნების. 4 წლის წინ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვიყავი. უფრო მეტი ჩავარდნა მქონდა, ვიდრე წარმატება. მაგრამ ჩავარდნების არ მეშინია. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.”

კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. ნახევარფინალის საგზურისათვის მარსელში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მატჩის მეასე წამზე ბურთი რუი პატრისიოს უკან მდებარე ბადეში გაეხვა, რაც რობერტ ლევანდოვსკის დამსახურებაა. “ბაიერნის” ფორვარდის მიერ გატანილი გოლი უსწრაფესი იყო ევრო 2016-ზე.

გაშვებული გოლის შემდეგ პორტუგალიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და მეტოქის კარს მაქსიმალურად შეუტიეს. ანგარიშის გათანაბრება ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მატჩის 33-ე წუთზე შეძლო – რენატო სანჩესის დარტყმული გრეგორჟ კრიხოვიაკს მოხვდა, რის შემდეგაც ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ბადეში გაეხვია.

90-მა წუთმა ამ მატჩში საუკეთესოს ვინაობა ვერ გამოავლინა. დამატებითმა 30-მა წუთმა კი უგოლოდ ჩიარა, ასე რომ საჭირო გახდა პენალტების სერიის დანიშვნა, სადაც გამარჯვება პორტუგალიელებმა მოიპოვეს – 4-5.

ევრო 2016
მეოთხედფინალი

პოლონეთი – პორტუგალია 

პოლონეთი:ფაბიანსკი; პაზდანი, იერიჩეკი, მაჩინსკი (იოდლევიცი 97′), მილიკი, ლევანდოვსკი , კრიხოვიაკი, გროსიცკი (ბარტოს კაპუსტკა 82′), გლიკი, ბლაშიკოვსკი, პიშეკი.

მთავარი მწვრთნელი: ა. ნავალკა.

პორტუგალია: რუი პატრისიო; პეპე, ფონტე, რონალდუ , ჟოაო მარიო (რიკარდო ქუარეჟმა 80′), ვილიამ კარვალიო (დანილო 95′), რენატო სანჩესი, ნანი, ელისეუ, კედრიჩი, ადრეინ სილვა (ჟოაო მოუტინიო 74′).

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

გოლები: ლევანდოვსკი 2′ – რენატო სანჩესი 33′
გაფრთხილებები: იერიჩეკი 42′, გლიკი 66′, კაპუსტკა 88′ – სილვა 72′, კარვალიო 90+1
მატჩის არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ტომას მიულერი: “მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ”

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს იტალია სატურნირო მატჩში აქამდე არასოდეს დაუმარცხებია, ტომას მიულერს სჯერა, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში ყველაფერი “ბუნდესნაკრების” სასარგებლოდ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ევრო 2016-ის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე გოლების გატანას ვერ ახერხებ. რა ხდება?

“მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ გოლები ვერ გამაქვს. ტიტულის მოგებას თუ ვერ მოვახერხებთ, არ მინდა, რომ ბომბარდირი გავხდე.”

ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია?

“ის ორი დარტყმული ძელსა და ხარიხას რომ არ მოხვედროდა და კარში შესულიყო, ამაზე აღარ ისაუბრებდნენ და ვიქნებოდი ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის გააქვს გოლი. გოლის გატანისთვის თავს არ მოვიკლავ.”

“იუვენტუსის” კარი გასულ სეზონში ორჯერ დალაშქრე. შეამჩნიე თუ არა იმედგაცრუება ჯანლუიჯი ბუფონის თვალებში?

“ისეთი არაფერი მინახავს, რაც ადრე არ მქონდა ნანახი. გოლი, რომელიც 2-2-ზე, მიუნხენში გავიტანე მაღალ ბურთზე თამაშის შედეგი იყო. მე მაშინვე ფანებისაკენ გავეშურე ისე, რომ ჯიჯისთვის არც შემიხედავს.”

თვლი, რომ “იუვესა” და იტალიის ნაკრების დაცვის გატეხვა შეიძლება?

“რა თქმა უნდა, ყველას დამარცხება შეიძლება. თავისუფლად შეიძლება აჯობო მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ასევე შეგიძლია წააგო კიდეც, რაც მოხდა იტალიასთან გამართულ ბოლო მატჩში.”

41

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის წარსულს?

“ყურადღების გამახვილება მხოლოდ ციფრებზე არ შეიძლება. თუ შაბათს იტალია გაიმარჯვებს, ხალხი სტატისტიკაზე დაიწყებს საუბარს. მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ.”

როგორ მატჩს ელი?

“დიდებული მატჩი იქნება, რამეთუ ერთმანეთს ორი მაღალი დონის გუნდი დაუპირისპირდება. ორივე ჩვენგანს აქვს კლასი და ორივე ჩვენგანი კომპაქტურია. როდესაც ჩვენ ვარჯიშს ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ არავისი არ უნდა გვეშინოდეს. მომწონს ის ფაქტი, რომ იტალიელებთან გვიწევს დაპირისპირება.”

რატომ?

“რადგანაც ისინი ნამდვილი სპორტსმენები არიან. მატჩის წინ, ან მატჩის შემდეგ თავისუფლად შეგიძლია მათთან გახუმრება, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ისინი მსგავსს რამეს არ დაუშვებენ.”

41

როგორ შეაფასებ მათ ასპარეზობას აქამდე?

“ისინი ესპანელებთან მატჩში უფრო კარგები იყვნენ, ვიდრე ბელგიელებთან. ესპანეთთან გამართული მატჩის პირველ ნახევარში მათ დიდებულად ითამაშეს, ბელგიელებთან მატჩში კი იტალიელებმა მოწინააღმდეგეს შანსების შექმნის უფლება მისცეს. დაცვა არ იყო ისეთივე უნაკლო, როგორიც ხალხს უნდა, რომ იყოს.”

გერმანია ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის, როგორც 2012-ში?

“არა, ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლად შეიძლება დავმარცხდეთ. ვიცით, რომ მათ ჩვენი სახლში გაგზავნა შეუძლიათ, თუმცა თავდაჯერებულობას მაინც ვინარჩუნებთ. ჩვენ წარსულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ შევიცვალეთ.”

მაშინ გერმანელებმა ბალოტელის დუბლს ვერაფრით უპასუხეს. შეძლებს ამჟამინდელი ჯგუფი ქამ-ბექის განხორციელებას?

“არ ვიცი, გოლი ჯერ არ გაგვიშვია. მაშინ ჩვენ მსგავსი გუნდი გვყავდა, თუმცა ადრე შეცდომები დავუშვით.”

რას ფიქრობს “იუვეს” ფეხბურთელებზე, რომლებიც ნაკრების უკანა ხაზს ქმნიან?

“ისინი ერთმანეთს დიდებულად უგებენ. როდესაც ჯიჯის ბურთი აქვს, მან იცის, რომ ბარძალი მარჯვნივ იქნება, ბონუჩი კი ცენტრში. მათ იციან, თუ საიდან მოვა პასი. მაგრამ გოლები “იუვენტუსმაც” გაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის დამარცხებაც შესაძლებელია.”

შენი მომდევნო თავკაცი კარლო ანჩელოტი იქნება, რომელიც იტალიელია. არ ფიქრობ, რომ ის გაბრაზდება, თუ “აძურის” გოლებს გაუტან?

“არა, პირიქით იქნება – უნდა გავიტანო, რათა ვაჩვენო, თუ რამდენად კარგი ვარ.”

გარეთ ბეილი: ” დროა გავიბრწყინოთ”

ევრო 2016-ის მეოთხედფინალების დაწყებამდე უელსისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გასვლა მათთვის უდიდესი მიღწევაა.

“ბედნიერები ვართ. ჩვენი დროა, უნდა გავიბრწყინოთ. ეს მიღწევა მართლაც რომ გასაოცარია.” – განაცხადა “რეალის” ვარსკვლავმა პრესასთან საუბრისას.

“ჩრდილო ირლანდიელებთან მატჩი ძალიან ცუდი იყო, ეს ჩვენ არ შეგვეფერებოდა. მაგრამ ასეთი ცუდი მატჩების მოგება კარგად აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი სული და ხასიათი. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ.”

უელსელები მეოთხედფინალში ბელგიელებს დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ. ეს გუნდები ბოლოს კარდიფში შეხვდნენ. მაშინ გამარჯვება უელსელებს დარჩათ, გამარჯვების გოლი კი სწორედ ბეილმა გაიტანა.

“ის მომენტი მაშინ ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. ამის შემდეგ რწმენით ავივსენით, ვიწამეთ რომ ჩვენ ეს მართლა შეგვიძლიათ. ამან თოვლის პატარა გუნდის ეფექტი იქონია, რომელმაც ზვავი გამოიწვია.

ბელგიის დამარცხება – ნომერ მეორე გუნდი საერთაშორისო დონეზე ამ დროისთვის – დამატებით რწმენას გაძლევს და გადაყავხარ ახალ ეტაპზე. ჩვენ ახალ ეტაპზე ვართ.”

7 საინტერესო ფაქტი ისლანდიაზე

1. ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე

ევროპის ჩემპიონატის ისტორიას არ ახსოვს ისლანდიაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელმაც დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ბოლოს ასეთი რეკორდი ტრინიდადსა და ტობაგოს ეკუთვნოდა (1.2 მილიონიანი მოსახლეობა; 2006 წელი), რომელმაც მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, წელს ფეხბურთის ისტორიაში 332,559 ისლანდიელი მცხოვრები შევიდა.

2. გუნდს სტომატოლოგი თავკაცობს

ბრიტანულ პრესაში შეთანხმდნენ, რომ ისლანდიელებთან, ევრო 2016-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე განცდილი მარცხი “ყველაზე გამანადგურებელი და ყველაზე სამარცხვინოა ისტორიაში”. განცდილი მარცხი გაცილებით უფრო მტკივნეული ხდება, როცა აანალიზებ, რომ “გამოგაგდო გუნდმა, რომელსაც სტომატოლოგი თავკაცობს.”

3. ისლანდიაში უფრო მეტი ვულკანია, ვიდრე ფეხბურთელი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისლანდიას მხოლოდ 120 პროფესიონალი ფეხბურთელი ჰყავს. ამასთანავე, 23-კაციან განაცხადში მოხვედრილი ფეხბურთელებიდან არც ერთი მათგანი არ თამაშობს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში.

ყველაზე გასაკვირი კი არის ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ვულკანია, ვიდრე პროფესიონალი ფეხბურთელი – ზუსტად 126 მთას აქვს მინიჭებული ეს სტატუსი.

4. მოსახლეობის 8% საფრანგეთში იმყოფება

8% ისლანდიის მოსახლეობისა საფრანგეთში გადაბარგდა, რათა სტადიონებიდან, ან თუნდაც გიგანტური ეკრანიდან ეგულშემატკივრა საკუთარი გუნდისათვის.

5. ისლანდიაში უფრო მეტი ცხვარი ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი

ისლანდიაში ყველგან მთებია, სადაც არ უნდა გაიხედოთ, თქვენ დაინახავთ მხოლოდ ერთს – თვალუწვდენილ მთებს. და თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით შევნიშნავთ ამ მთებზე გამოფენილ ცხვრებსაც. ისლანდიაში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც იქაურ ცხვრებს ხეზე ასვლაც შეუძლიათ. უბრალო ვიკინგური ახირება. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ამ ქვეყანაში დაახლოებით 2-ჯერ მეტი ცხვარია, ვიდრე ადამიანი, ანუ 600,000-ზე მეტი.

6. “სამეფო კარის თამაშების” “მთა” ისლანდიის ყველაზე ერთგული გულშემატკივარია

ჰაფთორ ბიორნსონმა, უძლიერესმა ადამიანმა მსოფლიოში და ერთ-ერთმა ყველაზე სისხლმოწყურებულმა პროტაგონისტმა “სამეფო კარის თამაშებში”, ევრო 2016-ის დაწყებამდე საკმაოდ მკაფიო მესიჯი გაუგზავნა კრიშტიანუ რონალდუს. როგორც ჩანს, ამან გაამართლა, რამეთუ იმ მატჩში რონალდუმ გოლის გატანა ვერ შეძლო.

7. ისლანდიაში არ არიან ჭიანჭველები

ისლანდია ერთ-ერთია იმ იშვიათ ადგილთაგან, სადაც ჭიანჭველები არ სახლობენ. მეცნიერულად ჯერაც არ არის გამოკვლეული, თუ რამ უნდა გამოიწვიოთ მათი არყოფნა. იქნებ, ეს სიცივის ბრალია?

გარი ლინეკერმა გერმანიის ნაკრების თამაშის ყურების შემდეგ საინტერესო დასკვნა გააკეთა

როდესაც საქმე ტვიტერს ეხება, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ გარი ლინეკერი ძალიან ენაწყლიანი პიროვნებაა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ის განსაკუთრებულ ყურადღებას “რეალისა” და პორტუგალიის მცველს, კეპლერ პეპეს აქცევს.

გარიმ გერმანიისა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო დასკვნა გამოიტანა – “გერმანელად ყოფნა ძალიან მოსაწყენი უნდა იყოს, უბრალოდ სულ იგებენ.”

აღნიშნულ პოსტს გერმანიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ტომას მიულერის გიფით უპასუხა.

უელსის ნაკრებმა ინგლისის ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნა ემოციურად აღნიშნა

შეიძლება ინგლისმა ჯგუფში უელსი დაამარცხა, მაგრამ სწორედ გარეთ ბეილი და მისი თანაგუნდელები იყვნენ ისინი, ვინებიც ბოლოს იცინოდნენ.

როგორც იცით, როი ჰოჯსონის აწ უკვე ყოფილი გუნდი ისლანდიის ნაკრებთან, ევრო 2016-ის მერვედფინალში დამარცხდა (2-1).

როი ჰოჯსონი: “დროა ნაკრები სხვამ ჩაიბაროს”

როი ჰოჯსონმა ისლანდიასთან განცდილი მოულოდნელი მარცხისა და მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

“ჩვენ ევროპის ჩემპიონატიდან გამოვვარდით. ახლა დროა ექსტრემალურად ნიჭიერი, მშიერი გუნდი ვინმე სხვამ ჩაიბაროს. მათ ყველაფერი ფანტასტიკურად გააკეთეს. რეიმ და გარიმ მთხოვეს, რომ მათ მაგივრადაც მესაუბრა.

ისინი ჩემი გაწვრთნილი გუნდის ნაწილები იყვნენ და ახლა ჩემთან ერთად დატოვებენ კლუბს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ფედერაციას და ფანს.

ამ ოთხ წელიწადს ამაყად გავიხსენებ. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეს.

ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე უნდა დასრულდეს, მაგრამ ასეთი რაღაცეები ხდება.იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ ვნახავთ ინგლისის ნაკრებს დიდი ტურნირის ფინალში.” – განაცხადა როიმ.

იტალია 2:0 ესპანეთი: იტალიელებმა რევანში აიღეს

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მერვედფინალური მატჩი იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2012 წლის ფინალშიც შეხვდნენ, სადაც ისინი “ფურია როხამ” გაანადგურა.

წაგებული ფინალის შემდეგ “სკუადრა აძურა” მოედანზე საბრძოლო განწყობით გამოვიდა, როგორც მათ სჩვევიათ. ასევე საბრძოლო განწყობა სუფევდა ესპანელთა ბანაკშიც, თუმცა დელ ბოსკეს გუნდმა ვერ გააკეთა ის, რასაც ესპანელები აკეთებენ.

ანგარიში 33-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ გახსნა, მაშინ როცა დე ხეამ მესამე დიდებული სეივი განახორციელა, თუმცა დე ხეას შემდეგ ბურთი სწორედ “იუვეს” ერთ-ერთ ლიდერს, კიელინის მიუვიდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

ამის შემდეგ ესპანელები უფრო აქტიურად უტევდნენ, თუმცა ბოლო მომენტში მათ რაღაც აკლდათ. რაც შეეხება მეორე გოლს, ის გრაციანო პელემ გაიტანა კონტრ-იერიშის შედეგად, მატჩის ბოლო წუთებზე.

ევრო-2016
მერვედფინალი
იტალია — ესპანეთი 2:0 (1:0)

იტალია: ბუფონი; დე შელიო, კიელინი, ფლორენცი (დარმიანი 84′), პელე, ბარძალი, დე როსი (ტ. მოტა 54), ედერი (ინსინიე 84′), პაროლო, ბონუჩი, ჯაკერინი.

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ესპანეთი: დე ხეა; რამოსი , პიკე, ბუსკეტსი, ინიესტამ, მორატა (ლუკასი 70′), ფაბრეგასი, ხუანფრანი, ალბა, სილვა, ნოლიტო (ადურისი 46′) .

მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლები: კიელინი 33′ გრაციანო პელე 90+1
გაფრთხილებები: დე შილიო 24′ პელე 54′ ტიაგო მოტა 89′ — ნოლიტო 41′ ბუსკეტსი 89′
მთავარი მსაჯი: ჩაკირი (თურქეთი).

მარკ უილმოტსი: “დიახ, ნაინგოლანი ეწევა და მე მისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებ”

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაცი, მარკ უილმოტსი აღიარებს, რომ რაჯა ნაინგოლანი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

“დიახ, რაჯა ეწევა. ეს ჩვევაა და ამას საფრანგეთსა და იტალიაში ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს.

მე მისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებ, თუ მას ეს ასე სჭირდება. ასეთ დროს ყოველთვის დამთმობი ვარ. ეს მისი სხეულია. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ მანამ, სანამ ის მოედანზე თავის საქმეს აკეთებს.

ყოველთვის ვცდილობ, რომ მისთვის აივნიანი ოთახი ვიშოვო. ამ მხრივ ის ერთადერთია ჩვენს ნაკრებში.

ვთვლი, რომ ის მთელ ოთახს არევს, თუ დღეში 5-6 სიგარეტს მაინც არ მოწევს. ეს მისი პრობლემაა – თუ ის კარიერას 35-ის ნაცვლად 30 წლის ასაკში დაასრულებს.”

10 ფაქტი ევრო 2016-ის შესახებ, რომელიც არ იცით

უკვე დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი და მრავალი რეკორდიც დამეხო. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ …


პეტრ ჩეხს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკვე 21 გოლი აქვს გაშვებული. მასზე მეტი არც ერთ მეკარეს არ გაუშვია. ბოლოს ეს რეკორდი პიტერ შმეიხელს ეკუთვნოდა, რომელსაც 20 გოლი ჰქონდა გაშვებული.


ჩრდილო ირლანდიასთან მატჩში გერმანელების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 79 %-ს შეადგენდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1980 წლის შემდეგ.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკრაინა პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.


ემრე მორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2016-ზე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და მესამე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (ენცო შიფოსა (1984) და უეინ რუნის შემდეგ (2004) – ის 18 წლის და 332 დღის არის.


ალვარო მორატას მარცხი ხორვატიის წინააღმდეგ იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა მის კარიერაში, როცა მან დიდი ტურნირის მასშტაბით გოლის გატანა მოახერხა და მისმა გუნდმა წააგო. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონასთან” მოხდა.


პორტუგალიასთან მატჩში, ისლანდიელებმა ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს 1980 წლის შემდეგ, იმ გუნდებს შორის რომლებთაც ამ მატჩში არ წაუგიათ..


ზოლტან გარა გახდა მეორე ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა (37წ. 61 დღე) – ის ივიჩა ვასტიჩს ჩამორჩება (ავსტრია Vs პოლონეთი – 2008 წლის ივნისი – 38 წლის და 256 დღის).


გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია ტომას ჰასლერის შემდეგ (1992), რომელმაც ევროპის ერთ ჩემპიონატში ორი ჯარიმის გატანა მოახერხა.


ხორვატიასთან განცდილი მარცხი ესპანეთის ისტორიაში პირველი იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დაწინაურებული იყო, თუმცა წააგო.


ბელგიამ ირლანდიასთან მეორე გოლის გასატანად 28 გადაცემა გააკეთა. 1980 წლის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა.