ოლანდი: “ევრო-2016-ზე საფრთხე არსებობს, თუმცა თავს შიშის უფლება არ უნდა მივცეთ”

საფრანგეთის პრეიზდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღიარა, რომ ევროპის ჩემპიონატზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები არსებობს.

“დიდი ხანია, საფრთხე არსებობს, თუმცა ჩვენ საკუთარ თავს შიშის უფლება არ უნდა მივცეთ. ევრო-2016-ის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია, ყველა გარანტია წარმოვადგინოთ. ტურნირი ევროპისთვის შესანიშნავ სპორტულ მოვლენად უნდა ვაქციოთ. ამისთვის ყველა აუცილებელი რესურსის გამოყენებაა საჭირო, უსაფრთხოება ათასობით ადამიანმა უნდა უზრუნველყოს”, – ციტირებს ოლანდის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში განხორციელებულ ტერაქტების სერიას პარიზში 130 ადამიანი ემსხვერპლა.

ფრანსუა ოლანდმა კლუბებს „წითელი ბარათი“ უჩვენა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთელებთან დათმობაზე არ წავიდა. მაღალ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი უცვლელი დარჩება.

მოგეხსენებათ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალური კლუბების წარმომადგენლები პრეზიდენტ ოლანდს შეხვდნენ, თუმცა „სიმდიდრისთვის გადასახადი“ ძალაში რჩება.

თითოეული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ვალდებულია, ბიუჯეტში შემოსავლების 75 პროცენტი შეიტანოს. არადა,  წელიწადში ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ნოემბრის ბოლოს მაღალი გადასახადების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ. ასე რომ, შესაძლოა, გულშემატკივრები საფრანგეთის პირველი ლიგის მე-15 და მეორე ლიგის მე-16 ტურის მატჩების გარეშე დარჩნენ.

კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მაღალი გადასახადები ფრანგულ ფეხბურთს კლავს, პროფესიონალიზმის დონეს დაბლა სწევს.

იმავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს, გადასახადები სპეციალურად ფეხბურთელებისთვის რომ გავაუქმოთ. ნორმალურია, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში შედარებით მდიდარი ხალხი საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან-მარკ ერომ.

ბექა დოგრაშვილი