ჯანო ანანიძემ წელს ბოლო მატჩი ჩაატარა

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში „როსტოვმა“ მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლა. „ყვითელ-ლურჯთა“ რიგებში ჯანო ანანიძემ წლის ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჩვეულებისამებრ, ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ჯანოს შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც მართებდა, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, არადა, მეკარე კარის კუთხეს ვეღარ იცავდა. სიმართლე რომ ვთქვათ, „როსტოვს“ გოლის გატანის ბევრი შანსი მიეცა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ ჯანოს მომენტი იყო. მასპინძლები გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და უტევდნენ, „ცსკა“-ს ფეხბურთელები კი ძირითადად თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი. ანანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას აშკარად ეტყობოდა გაფუჭებული მომენტის გამო სინანული. საბოლოო ჯამში, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოსავლენად მოწყობილ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა ჯანოს მესამე ადგილი არგუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი მატჩია დარჩენილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანო ანანიძემ „როსტოვის“ შემადგენლობაში წელს ბოლო მატჩი ჩაატარა. მომდევნო ტურში „როსტოვი“ მოსკოვის „სპარტაკს“ მასპინძლობს. „სახალხო გუნდის“ მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, თუ გინდათ, რომ თქვენთან იჯარით მყოფებმა – ჯანო ანანიძემ და არტიომ ძიუბამ ითამაშონ, მაშინ მილიონი (ვალუტა არ დაუკონკრეტებია) გადაგვიხადეთო. „როსტოვი“ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად ანანიძე და ძიუბა მათ საკუთრებასი მყოფი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანომ რამდენჯერმე გამოთქვა „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩენის სურვილი. ანანიძეს საიჯარო ხელშეკრულება 1 წლის ვადით აქვს გაფორმებული, თუმცა არ არის გამორიცხული, „სპარტაკმა“ ის ზამთრის შესვენებისას დაიბრუნოს.

ცნობისთვის, ჯანომ „როსტოვის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი