შეძლებს “ბაიერნი” ბეილის მადრიდული ჯოჯოხეთიდან დახსნას?

გარეტ ბეილის სახელი შაბათს ტაბლოზე კიდევ ერთხელ გამოისახა. 28 წლის ფეხბურთელმა “ლეგანესის” კარში შეძლო გოლის გატანა, მას შემდეგ რაც მეორე გუნდის ფეხბურთელის სახელით გამოვიდა მოედანზე.

უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანს დიდად არ მოსწონს და ხშირად არჩევანს მარკო ასენსიოსა და ლუკას ვასკესზე აკეთებს. ხოლო, როდესაც ის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის მეორე ნახევარში გამოვიდა მოედანზე, თითქოს, თავისივე მადრიდული კარიერის დასასრულის საწყისს ჩაუყარა საფუძველი.

“გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და იძულებული ვარ, გადაწყვეტილებები მივიღო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში იმყოფებიან. წინ კიდევ რამდენიმე მატჩია და მას აუცილებლად დავეყრდნობი, ტყუილია, რომ ბეილს არა ვათამაშებ,” – აცხადებს ფრანგი ზინედინ ზიდანი.

“რეალს” წინ მაქსიმუმ ექვსი თამაში ელის, დაწყებული “ბაიერნიდან”. სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს, მსგავსად მისი ექს-თანაგუნდელის, ხამეს როდრიგესისა.


რამდენად დაინტერესებულია “ბაიერნი” ამ ტრანსფერში?


შეტევაში 34 წლის არიენ რობენისა და 35 წლის ფრანკ რიბერის მოიმედე “ბაიერნს” დიდი მომავალი რომ არ აქვს, ამაზე, ალბათ, ყველა თანხმდება. პირველი, რაც “რეკორდმაისტერს” სჭირდება ახალი სისხლია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდილების ფაქტორიც, რაც სამგზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელ ბეილს ნამდვილად არ აკლია.

როგორც წესი, ბეილი ლაკონური საუბრით არის ცნობილი და არასოდეს აძლევს პრესას ჭორების აგორების საბაბს, თუმცაღა მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუ SportBild-თან გამონაკლისი აღმოჩნდა.

“ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ამჟამად “რეალში” ვთამაშობ, თუმცა უდიდესი პატივია, როდესაც ისეთ კლუბთან მაკავშირებენ, როგორიც “ბაიერნია”,” – განაცხადა ბეილმა.

რასაკვირველია, ბეილს პრემიერ ლიგაში დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ არც “ბაიერნის” მსუყე წინადადებაზე აპირებს უარის თქმას.


ბეილის მადრიდული ჯოჯოხეთი


კარგა ხანია, რაც ბეილის 100-მილიონიანი პოტენციალს “რეალში” გამოემშვიდობნენ. მნიშვნელოვან თამაშებში მას აღარ ენდობიან და ახლა მეორე გუნდის შემადგენლობის წევრად ითვლება, როგორც “ლეგანესთან” მატჩში.

რა თქმა უნდა, 2013 წელს, როდესაც პერესი “ტოტენჰემთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც კი წარმოიდგენდა.

2016 წლის იანვარში ზიდანი გულშემატკივრებს საჯაროდ დაპირდა, რომ შეტევაში ლეგენდარული BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდუ) ეყოლებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ დიდ იშვიათობად იქცა. ტრიოდან მხოლოდ რონალდუს აქვს გარანტირებული სასტარტო ადგილი.

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ბეილის კარიერას დიდი დაღი დაასვა ტრავმებმა. ახლად დაბრუნებულ ბეილს კი გუნდში გაბრწყინებული ისკო, ასენსიო ან ლუკასი ხვდებოდა, რაც მის შანსებს ძალიან ამცირებდა.


რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?


“ბაიერნი” სწორედ ისეთი შემტევის ძიებაშია, როგორიც გარეტ ბეილია. თუმცაღა გერმანელ გიგანტებს მისი ტრავმიანობა აფიქრებთ (მსგავსი პრობლემები ბავარიელებს ისედაც თავზე საყრელად აქვთ) და ასევე აეჭვებთ მისი ასაკი (ზაფხულში მას 29 წელი შეუსრულდება).

გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანსფერის ფასიც. გერმანელები თავიანთი პოლიტიკის ერთგულნი არიან და არ აპირებენ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.

“ბაიერნსა” და “რეალს” საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს “ბლანკოსმა” ორი წლით გაანათხოვრა “რეკორდმაისტერში” ხამეს როდრიგესი.

და ბოლოს, ფლორენტინო პერესი ძალიან ბევრს ფიქრობს ლევანდოვსკის ტრანსფერზე, რომელიც, შესაძლოა, რომ ბეილის ტრანსფერშიც იქნას ჩართული.

ფლორენტინო პერესი ბეილის “ლივერპულში” გაშვებას გეგმავს

Daily Star-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერით მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპიც არის დაინტერესებული.

როგორც ჩანს, მადრიდული გრანდის პრეზიდენტს არ სურს, უელსელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედს” მიჰყიდოს და მზადაა, ეს უკანასკნელი “ენფილდზე” გაუშვას.

Don Balon-ის ინფორმაციის თანახმად, ამ სვლით პერესი ნიადაგს ამზადებს მოჰამედ სალაჰის ტრანსფერისთვის, რომელიც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად მოგვევლინა.

არაა გამორიცხული, რომ ბეილთან ერთად პერესმა გარკვეული ოდენობის თანხაც გაიღოს ეგვიპტელი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ.

ზიდანმა ბენზემასა და ბეილის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან კარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის საკითხი განიხილა. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებს ექსპერტთა დიდი ნაწილი “ბერნაბეუდან” წასვლას უწინასწარმეტყველებს.

“ჩვენ ეს ისინი ძალიან გვჭირდება და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა სხვისმა ნათქვამმა მათ თამაშზე გავლენა არ იქონიოს. ისინი ჩვენთან დარჩებიან.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველას უნდა თამაში, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს გზავნილი ყველას ეხება, არა მხოლოდ ბეილსა და ბენზემას, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და თითოეული ჩვენგანი ძალიან მნიშვნელოვანია.

კარვახალისა და ისკოს ტრავმები? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გამოგვაკლდნენ, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. რა თქმა უნდა, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ. ფეხბურთელი ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ბეილი “ბაიერნში” გადასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

დროის სვლასთან ერთად გარეთ ბეილის მიმართ კრიტიკოსების განწყობა უფრო და უფრო უარესდება. შესაბამისად უელსელი ფეხბურთელიც საკმაოდ აქტიურად ფიქრობს კარეირის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებზე.

“ბაიერნთან” გასამართი მატჩის წინ, მადრიდელთა 100-მილიონიანმა შენაძენმა “ბაიერნში” გადასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა:”ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს – არასოდეს თქვა არასოდეს.

ამჟამად, მე “რეალის” ფეხბურთელად ვითვლები და აქ თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. “ბაიერნს” ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, რომელიც ევროპაში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც ისეთ კლუბთან მაკავშირებე, როგორიც “ბაიერნია”. მაგრამ, ახლა მე “რეალის” ფეხბურთელი ვარ,” – აცხადებს “ტოტენჰემის” ყოფილი ლიდერი.

ვალდანო: “ბეილი ისეთს არაფერს აკეთებს, რაც, შესაძლოა, ასი მილიონი ღირდეს”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ხორხე ვალდანომ მადრიდული დერბის შემდეგ გარეთ ბეილსა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ვალდანომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენი გადაიხადეს უელსელ ფეხბურთელში და აღნიშნა, რომ ის ამად არ ღირდა.

“ბეილი ისეთს არაფერს აკეთებს, რაც, შესაძლოა, ასი მილიონი ღირდეს. მის მაისურს ასი მილიონი ამშვენებს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

დერბის მიმდინარეობისას კრიშტიანუ ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თავს კომფორტულად გრძნობდა. ფეხბურთში მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და ახლა სიამოვნებას იღებს, თვითდაჯერებულია.

მისი დუელს ლეო მესისთან, არაფერი აკლია, სრულყოფილია – ეს არის “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ და ევროპა სამხრეთ ამერიკის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა ორ გენიოსს შორის,” – აცხადებს ვალდანო.

ბეილი ჰეთ-ტრიკის წყალობით უელსის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა (ვიდეო)

22 მარტს ჩინეთის თასზე უხვგოლიანი დაპირისპირება შედგა ჩინეთისა და უელსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, სადაც ევროპელები სრული ძალებით იბრძოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება უელსელებს დარჩათ.

ამ თამაშის გმირი მადრიდის “რეალის” შემტევი, გარეთ ბეილი გახდა, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო და უელსის საფეხბურთო ნაკრების საუკეთსო მეგოლე გახდა (29) – ერთი გოლით გაუსწრო რა იან რაშს. ბეილის გოლებს სემ უოკსის დუბლი და უილსონის ერთი გოლი დაემატა – 0:6.

უელსელების მეტოქე ჩინეთის თასის ფინალში ურუგვა-ჩეხეთის მატჩის გამარჯვებული იქნება.

ბეილს მხოლოდ პრემიერ ლიგაში სურს გადასვლა

Diario Gol-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” უელსელმა შემტევმა, გარეთ ბეილმა მიუნხენის “ბაიერნის” წინადადებას უარით უპასუხა.

როგორც ცნობილი ხდება, ბავარიული კლუბი მზად იყო, გარეთ ბეილის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო დაებანდებინა, მაგრამ თავად უელსელი ფეხბურთელი გერმანიაში გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

ესპანური პრესის ცნობით, “რეალის” დატოვების შემთხვევაში, ბეილს მხოლოდ პრემიერ ლიგის კლუბში სურს გადასვლა. მისი ფავორიტი კი “ტოტენჰემი” გახლავთ. ასე რომ, არაა გამორიცხული, ბეილი ჰარი კეინის ტრანსფერში ჩართონ.

“ბაიერნი” ბეილის ტრანსფერის წინააღმდეგი არაა, მაგრამ 200 მილიონს არ გადაიხდის

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მადრიდის “რეალის” უელსელი შემტევი, გარეთ ბეილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს არ შეიცვლის. მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ზაფხულში.

Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობების თანახმად, “რეკორდმაისტერში” ძალიან მოსწონთ ბეილის კანდიდატურა, მაგრამ ბეილის ფასი გერმანელებისთვის მიუღებელია.

როგორც იცით, “ბლანკოსი” გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვს. “ბავარიელებს” კი ფეხბურთელში დიდი ოდენობის თანხის გადახდა არ სჩვევიათ და არც ახლა სურთ.

ბეილს “რეალთან” არსებული კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მის გამოსასყიდ თანხად კი 500 მილიონი ევროა მითითებული.

“რეალი” აბუ დაბიში 24 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, 13 დეკემბერს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება, ესპანური კლუბი “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

დღეს მადრიდელებმა გეზი აბუ დაბისკენ აიღეს და მოახლოვებული 1/2 ფინალისთვის ადგილზე მოემზადებიან. ზიდანის გადაწყვეტილებით გუნდთან ერთად ჟესუს ვალიეხოც იქნება, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი შეხვედრებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებენ თუ არა გარეთ ბეილი და რაფაელ ვარანი, ორივე მათგანს ტრავმა აწუხებთ.

“რეალის” 23 კაციანი განაცხადი:

მეკარეები: ნავასი, კასილია, მოჰა.
მცველები: კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, ნაჩო, ტეო, აკრაფი.
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ასენსიო, ისკო, ვასკესი, ლორენტე, კოვაჩიჩი, სებალოსი.
თავდამსხმელები: კრიშტიანუ, ბენზემა, ბეილი, მაიორალი.

პოჩეტინო ბეილის “ტოტენჰემში” დაბრუნების ვარიანტს არ გამორიცხავს

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გარეთ ბეილის “სპურსის” რიგებში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ უელსელ ფეხბურთელს კვლავაც აქვს ახლო კონტაქტი კლუბის წევრებთან.

“ბეილს მადრიდში შევხვდი, თამაშის წინ. ის ყოველთვის ინარჩუნებს კავშირს “ტოტენჰემის” წევრებთან. მაგრამ, სხვა არაფერი ვიცი, რადგანაც განსაკუთრებული სიახლოვე არც მასთან და არც მის ხალხთან არ მაკავშირებს.

რა თქმა უნდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ფანტასტიკური მოთამაშეა, მომავალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს,” – აცხადებს პოჩეტინო.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბეილმა “ტოტენჰემი” 2013 წელს დატოვა.

კოულმენი: “ბეილი პრემიერ ლიგაში არ უნდა დაბრუნდეს”

უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ქრის კოულმენმა მადრიდის “რეალის” შემტევზე, გარეთ ბეილზე ისაუბრა, რომელსაც ტრავმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

“მინდა ბეილს ბედნიერს ვხედავდე, სადაც არ უნდა იყოს ის. როგორც უელსის ნაკრების მწვრთნელს, მირჩევნია, რომ ის “რეალში” დარჩეს, სადაც უკეთ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

ბოლო დროს, მას ტრავმები ძალიან აწუხებს. ამიტომაც ვთვლი, რომ ბეილი პრემიერ ლიგაში არ უნდა დაბრუნდეს. იქ გაცილებით მეტი ფიზიკური ორთაბრძოლაა, ვიდრე ესპანეთში. ეს მისივე უსაფრთხოებისთვის არის უმჯობესი.

როდესაც ის ბედნიერია, ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობს. ასე რომ, მთავარია თავს კარგად გრძნობდეს. თუ მადრიდში ასე არ არის, ჯობს, სხვაგან წავიდეს,” -აცხადებს კოულმენი.

გარეთ ბეილის ცოლის ძმა კარდიფში გარდაცვლილი იპოვეს

გარეთ ბეილის ცოლის ძმა, ალექსანდერ უილიამსი კარდიფის გარეუბან ფერნართში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ფაქტი 2017 წლის რვა ნოემბერს დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ უილიამსი იყო მადრიდის “რეალის” სუპერვარკსვლავის, გარეთ ბეილის ცოლის, ემას ძმა.

როგორც სამხრეთ უელსის პოლიცია იტყობინება, მათ უკვე დაიწყეს გამოძიება. როგორც მათი პრესსპიკერი იტყობინება, საეჭვო გარემოებები, ჯერჯერობით, მიგნებული არ არის. შესაბამისად, ზუსტად ვერ ამბობენ, მოკლეს თუ მოკვდა გარეთ ბეილი.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილს კვლავ ტრავმა აქვს და იგი ზინედინ ზიდანის განკარგულებაში კიდევ ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება.