გიორგი ჭანტურია: “გერმანიასთან მატჩამდე კარგი განწყობა შევიქმენით”

საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ Fanebi.com გიორგი ჭანტურიას ესაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რომ წლის პირველი შეხვედრა მოგებით დავასრულეთ. ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რაც ტაქტიკურ მონახაზის განახლებაზეც აისახა.

სასიხარულოა, რომ გერმნიასთან მნიშვნელოვან შეხვედრამდე კარგი განწყობა შევიქმენით. მომდევნო შეხვედრაში შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.”

მალტასთან მატჩი ჭანტურიამ ძირითად შემადგნელობაში დაიწყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა.

ჭანტურიას “კლუჟი” “პეტროლულთან” დამარცხდა

რუმინეთს ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “პეტროლულს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

გიორგი ჭანტურიამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა თამაშში უკვე მე-18 წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო.

23 ტურის შემდეგ “კლუჟი” 12 ქულით ბოლო პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურიას კლუბს მეორე წრის დაწყებამდე 24 ქულა დააკლეს.

ბუქარესტის “სტიაუას” გიორგი ჭანტურიას შეძენა სურს

არ არის გამორიცხული, ზაფხულიდან ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია რუმინეთის ჩემპიონ “სტიაუას” რიგებში ვიხილოთ.

FANATIK.RO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუქარესტელები ლუჩიან სინმერტიანის შემცვლელს ეძებენ, ამიტომ კლუბის ხელმძღვანებლობა 21 წლის ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

როგორც ცნობილია, ჭანტურიამ მიმდინარე სეზონი “კლუჟში” უნდა ჩაამთავროს და თუ ის “სტიაუას” წინადადებას ახლავე დათანხმდება, “სტიაუას” მფლობელი ჯოჯრ ბეკალი მზადაა, მას სეზონის ბოლომდე, ყოველთვიურად, ხელფასის სახით 10 000 დოლარი გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ “სტიაუას” რუმინეთის ჩემპიონატი 25-ჯერ აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონშიც, კონსტანტინ გილკეს შეგირდები ცხრილში პირველ პოზიციას იკავებენ, რაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე მოხვედრის კარგ შანსს აძლევს.

ჭანტურია: “ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ”

რუმინული “კლუჟის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ ამჟამად გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და სიტუაციის გამოსასწორებლად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო, ჭანტურიას გუნდს 24 ქულა დააკლეს და ის ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

15 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “ვიიტორული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი “კლუჟისათვის” 2015 წელს ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში პირველი იყო.

“სამწუხაროა, რომ ჩემს გოლს გუნდისათვის წარმატება არ მოუტანია. სულელური მიზეზების გამო ბევრ გოლს ვუშვებთ, ეს პრობლემა კი აუცილებლად უნდა აღმოვფხრათ. პრობლემები გვაქვს დაცვაშიც, ამრიგად თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ.

ცუდია, რომ 2015 წელს პირველი გოლი სწორედ ახლა გავიტანეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი, ამიტომ არ ვიცი, მოგვიწევს თუ არა მეორე ლიგაში დაქვეითება. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შეგვიძლია, ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ.

მეორე ლიგაზე ფიქრიც კი არ მინდა. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე მხარს გვიჭერენ, მათ კი პატივი უნდა ვცეთ. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს ჭანტურიას სიტყვებს Stiridesport.ro.

გიორგი ჭანტურიამ “ვიიტორულს” ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

15 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “ვიიტორული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ გაიტანა. 21 წლის თავდამსხმელმა სტუმართა გუნდის კარი 38-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა და ანგარიში 1:1 გახადა.

ჭანტურიას “კლუჟი” “სტიაუასთან” დამარცხდა

რუმინეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი ჭანტურიას “კლუჟი” გათამაშების ლიდერ “სტიაუას” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

კლუჟელთა ქართველმა ფორვარდმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 78-ე წუთზე ჭანტურია ტიაგო ლოპესმა შეცვალა.

20 ტურის შემდეგ “კლუჟი” 11 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო “კლუჟს” 24 ქულა დააკლეს, რის შედეგადაც გუნდი მეორე წრის დაწყებამდე ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა.

“კლუჟმა” ჭანტურიას გარეშე ვერ მოიგო

ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა რუმინეთის ჩემპიონატიც, რომლის მე-18 ტურში გიორგი ჭანტურიას “კლუჟი” “პიატრა ნეამცს” ესტუმრა. შეხვედრა გატანილი გოლების გერეშე, 0:0 დასრულდა.

კლუჟელთა ქართველ შემტევს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. ჭანტურიას გამჩენა მომდევნო ტურშია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო “კლუჟს” 24 ქულა დააკლეს, რის შედეგადაც გუნდი მეორე წრის დაწყებამდე 10 ქულით ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა.

გიორგი ჭანტურია “კლუჟთან” ერთად ემზადება

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი “კლუჟი” სეზონის მოერე ნაწილისთვის ემზადება. გუნდთან ერთად არის გიორგი ჭანტურიაც, რომლის გადაბირებაც იაპონურ “ტოკიოს” სურს. 

რუმინულმა გუნდმა შეკრებაზე ხორვატიის მესამე ლიგის ბინადარ “ნოვიგრადს” 4:1 სძლია. პირველი გოლი კი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა. მიუხედავად ამისა, მისი “კლუჟში” დარჩენის შანსი ძალიან მცირეა.

“კლუჟს” 24 ქულა დააკლეს

რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კლუბს რთული პერიოდი აქვს. “კლუჟი” ვალებშია, სახელფასო დავალიანება 20 მილიონ ევროს შეადგენს. გასული წლის ნოებმერში მოთამაშეები დავალიანების გამო ჩემპიონატის მატჩის ბოიკოტირებასაც აპირებდნენ.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პრობლემების გამო “კლუჟი” დასაჯეს და 24 ქულა დააკლეს. კლუბის აქტივში 17 ტურში მოპოვებული 34 ქულა იყო. სასჯელის გათვალისწინებით კი “კლუჟს” 10 ქულა დარჩა და მეორედან ადგილიდან გუნდი ბოლო, მე-18 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

შეგახსენბთ, რომ “კლუჟის” ღირსებას პირველ წრეში გიორგი ჭანტურაი იცავდა. ქართველი მოთამაშე დღესაც რუმინულ გუნდთან ერთად ემზადება, თუმცა იტალიური პრესის ცნობით ის კარიერიას დიდი ალბათობით იაპონურ “ტოკიოში” გააგრძელებს. 

ჭანტურია კარიერას იაპონიაში გააგრძელებს

იტალიური პრესის ცნობით გიორგი ჭანტურია კარიერას იაპონიის ჯეი ლიგის ბინადარ “ტოკიოში” გააგრძელებს. tuttomercatoweb.com იუწყება, რომ ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. საუბარი 21 წლის შემტევის იჯარაზეა.

საქმე იმაშია, რომ “ტოკიოს”  მწვრთნელი იტალიელი მასიმო ფიკადენტია, ვინც ადრე “ვერონას” თავკაცობდა. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ჭანტურიას მიმართ ინტერესი ყოფილ კლუბთან კავშირის შედეგია.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი წრე ჭანტურიამ რუმინულ “კლუჟში” გაატარა, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. იაპონიის ჩემპიონატი კი სტარტს ერთ თვეში აიღებს.

იტალიური პრესა ჭანტურიას “ვერონაში” აბრუნებს

Tutto mercato-ს ცნობით გიორგი ჭანტურია უახლოეს მომავალში “ვერონას” დაუბრუნდება და სეზონის მეორე ნახევარსაც ამ გუნდის შემადგენლობაში გაატარებს.

შეგახსენებთ, ჭანტურია “ვერონასთან” ერთად ზაფხულში ეზმადებოდა, თუმცა შემდეგ “კლუჟს” დაუბრუნდა. რუმინული გრანდიდან კი ქართველი შემტევი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო წამოვიდა.

“კლუჟში” ჭანტურიამ მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა 4 გოლი გაიტანა და როგორც ჩანს ვერონული კლუბის ხელმძღვანელობა კვლავ დააინტერესა.

გიორგი ჭანტურიამ საბურთალოელები მოინახულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ დღეს ის გარემო და მწვრთნელ-ხელმძღვანელები მოინახულა, სადაც ბავშვობა გაატარა და პროფესიულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა. “ბენდელაზე” გიორგი საბურთალოელებთან ერთად იმ პერიოდს იხსენებდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ამ სკოლის მაისურით გაჰქონდა გოლები, სხვა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებული რომ ხდებოდა, რა ვითარებაც იმ წლებში იყო.

რა თქმა უნდა, ბავშვობის პერიოდი ყველასთვის სასიამოვნოდ მოსაგონარი ფაქტია, ყველაფერი კარგად და ლამაზად გახსენდება ადამიანს – ასე იყო დღესაც, 2014 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულს!
გიორგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა სამშობლოში, ჯერაც ახალი გუნდის ძიებაშია. გემახსოვრებათ, რომ ჩვენებური ბოლოს რუმინული “კლუჟის” ღირსებას იცავდა. თბილი მოკითხვისა და მცირე საუბრის შემდეგ, ჭანტურიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– გიორგი, ბავშვობის პერიოდით დავიწყოთ – როგორ გაიხსენებთ იმ დროს, რომელიც “საბურთალოში” გაატარეთ?
– ყველაფერი ძალიან კარგად და ლამაზად მახსენდება. რომელ გუნდშიც არ უნდა ჩავირიცხო, რასაც არ უნდა მივაღწიო, ვერაფრით ვერ დავივიწყებ იმ დროს, იმ წლებს, რომელიც “საბურთალოსთან” ერთად გავატარე. ამ კლუბის ხელმძღვანელები ჩემი მეგობრები არიან – ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა და ქართლოს ჭუმბურიძეები, კახა კაშია… სწორედ ამ ადამიანების დიდი დამსახურებაა რომ ფეხბურთს ვთამაშობ. “საბურთალო” ჩემს გულში არის და მუდამ იქნება.
– რამდენი წლის იყავით, როდესაც “საბურთალოს” სკოლაში მოხვდით?
– კარგად მახსოვს 12 წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლის კარები შემოვაღე. “საბურთალოში” სათამაშოდ საფეხბურთო აკადემია “ოლიმპიდან” გადმოვედი. აქ რამდენიმე წელი ვითამაშე, რომელიც მართლაც დაუვიწყარი იყო, შემდეგ კი ესპანურ გრანდში, “ბარსელონაში” აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, კარგა ხანს ვერ ვათვითცნობიერებდი თუ რა დონის კლუბში მოვხვდი. იშვიათად, როდესაც მოზარდი ჩაირიცხოს ისეთ დიდ მსოფლიოს დონის კლუბში, როგორიც “ბარსაა”.
– რახან ბარსელონაზე” საუბრობთ, აქვე შეგეკითხებით – ახლანდელი გადასახედიდან, შეცდომა ხომ არ იყო ესპანეთიდან წამოსვლა?
– ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ რომ შეცდომა იყო, არ უნდა წამოვსულიყავი და უნდა დავრჩენილიყავი “ბარსელონაში”. წარმოიდგინეთ, როგორ გარემოში მიწევდა თითოეული ვარჯიშისა თუ თამაშის გამართვა, რა პირობებში ვიყავი, როგორ ლეგენდებთან მქონდა ურთიერთობა. ამასთა ერთად, როცა თამაშის საშუალება მომეცა გოლებიც შევაგდე და ურიგოდ არ გამოვიყურებოდი. თან მაშინ მართლაც პატარა ვიყავი… ესპანეთიის ჩემპიონატი მაღალი დონის პირველობაა, გახსნილ, სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
– რამდენიმე წუთის წინ “ბენდელას” თასზე საუბრობდით ხელმძღვანელებთან. ხსენებულ ტურნირზე თქვენც გაქვთ მონაწილეობა მიღებული. როგორ გაიხსენებთ ამ ყველაფერს?
– თითქოს გუშინ იყო ის ტურნირი, ასე მახსენდება. რომ ვუკვირდები, რამხელა დრო არის გასული, წლები მართლაც სწრაფად გარბის. ერთ-ერთ “ბენდელას” თასზე ტელევიზორი მაჩუქეს, რომელიც ახლაც მაქვს და კარგად მუშაობს.
– როგორც ვიცი, ჯერაც გუნდის ძიებაში ხართ. რაიმე კონკრეტულის თქმა ხომ არ შეგიძლიათ?
– ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, მოლოდინის რეჟიმში ვარ, იმედია ეს ყველაფერი მალე კარგად დასრულდება. ახალ წელს სამშობლოში შევხვდები, მოვინახულებ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგა ხანს არ მინახავს. როცა კონკრეტული შემოთავაზება მექნება, ყველაფერს ავწონ-დავწონი, ოჯახთან ერთად განვიხილავ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მივიღებ.
– “ვიტესში”, შემდეგ კი “კლუჟში ითამაშეთ. როგორ შეადარებთ ამ ორ გუნდს და რა სხვაობებია?
– ჰოლანდიაში ბევრად კარგი პირობებია ვიდრე რუმინეთში, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ჩემპიონატებს შორის. რუმინეთში ბევრად რთულია თამაში, იქ ძალისმიერ, შედარებით ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. მაღალი დონის გუნდები არიან “სტიაუა”, ბუქარესტის “დინამო”, “კლუჟი” და კიდევ რამდენიმე. უბრალოთ, ახლა გარკვეული კრიზისია და ეს იქაურ ჩემპიონატსაც დაეტყო.
რაც შეეხება ჰოლანდიას, ბევრად იოლია თამაში, აქცენტი შეტევაზეა გადატანილი. ხშირად არის მატჩები, როდესაც 4-5 გოლი უპრობლემოდ გადის. ძირითადად “აიაქსი” და პსვ ბატონობენ, იშვიათად, რომ ამ დიდ კლუბებს რომელიმემ გაუწიოს კონკურენცია.
– “კლუჟში” მეორედ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდით. ალბათ ახლა უფრო გაგიადვილდებოდათ?
– დიახ, უკვე ნაცნობი ადგილი და გარემო იყო. ენის მხრივ არც ადრე მქონია პრობლემა, რადგანაც ვფლობდი ინგლისურს, ახლა კი ოთხი ენა ვიცი. ახლანდელი სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია – გოლებიც გავიტანე, რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი.
– ორივე კლუბს ფანების დიდი არმია ჰყავთ. გვიამბეთ, ჰოლანდიელი და რუმინელი გულშემატკივრების შესახებ?
– ისინი მართლაც გამორჩეულები არიან. ძნელია ყველაფერი გადმოგცეთ ის, რაც თამაშის დაწყებამდე, მატჩის მიმდინარეობისას თუ დასრულების შემდეგ ხდება. ეს ყველაფერი ერთხელ მაინც უნდა ნახოს ადამიანმა, თუ როგორი ზეიმია და როგორ ემზადებიან კონკრეტული მატჩებისთვის. ჩათვალეთ, რომ თითოეული თამაში მათთვის დღესასწაულია.
– არნემის ნოსტალგია არა გაქვთ, სადაც რამდენიმე წელიწადი ითამაშეთ?
– “ვიტესშიც” სასიამოვნოდ მახსენდება ყველაფერი, შეიძლება ითქვას, ჰოლანდიაში შედგა ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის დებიუტი. არნემის ნოსტალგია არა მაქვს, რაც “ვიტესიდან” წამოვედი ორჯერ თუ ვიქნები ნამყოფი, თუმცა გულშემატკივრები თბილად მხვდებიან.
– ეროვნულ ნაკრებზეც შეგეკითხებით – ქვეყნის პირველ გუნდში პირველად რამდენიმე თვის წინ მოხვდით. როგორი იყო სადებიუტო შეკრება, მატჩი?
– ვფიქრობ, რომ ნაკრებში გამოძახებას მანამდეც ვიმსახურებდი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს. მაშინ, მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ, თუმცა როცა გამომიძახა, ბუნებრივია გამიხარდა. დებიუტის კვალობაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს – კარგად მახსოვს, “მიხეილ მესხზე” ლიხტენშტაინის ნაკრებს შევხვდით, 2:0 მოვიგეთ, ერთი გოლი კი მე გავიტანე. გოლი ლამაზი გამოდგა, რომელიც მუდამ დარჩება ჩემს მეხსიარებაში.
– ნაკრებზე რას იტყვით, რამდენად ჯანსაღი მდგომარეობაა გუნდში?
– მეგობრული სიტუაცია, კარგი გარემოა, თუმცა, შედეგები არასახარბიელო გვაქვს. ვფიქრობ, ქვეყნის პირველ გუნდს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შემტევი და ლაღი ფეხბურთი ითამაშოს, ისეთი, როგორიც ჩვენს გენშია. უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი, როგორიც გულშემატკივარს სიამოვნებს, როგორსაც მიჩვეულები ვართ.
– გიორგი, საუბრის ბოლოს რას ეტყვით იმ ნორჩ ფეხბურთელებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში ახლა დგავენ პირველ ნაბიჯებს?
– შრომის გარეშე მართლაც არაფერი გამოვა, თუ ყოველდღიურად არ იმუშავე, ისე წარმატებული ფეხბურთელი ვერ გახდები. შეიძლება ითქვას, თავი უნდა გქონდეს გადადებული. შენი საქმის მოყვარული უნდა იყო, მუდამ პროგრესზე ზრუნავდე. ამ ყველაფერთან ერთად, კარგი იქნება თუ ღმერთისგან ნიჭითაც იქნები დაჯილდოვებული.
fcsaburtalo.ge