მილანის “ინტერის” გენერალურმა დირექტორმა ჯუპეზე მაროტამ გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო საკითხებზე ისაუბრა.
“იმედი მაქვს, რომ “ბარსელონა” ლაუტარო მარტინესის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას (111 მლნ ევრო) არ გადაიხდის, ვინაიდან ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს. თუ არგენტინელი მაინც გაიყიდება, მის ადგილას სხვა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ფორვარდი მოვა. არ ვჩქარობთ. გაყიდვა უფრო რთულია, ვიდრე შეძენა.
რაც შეეხება ედინსონ კავანის, ყველაფერი შესაძლებელია. მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით, თუმცა ტრანსფერის გაფორმებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ.
ფედერიკო კიეზა ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ “ფიორენტინა” მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს: 70 მილიონს და მგონი, უფრო მეტსაც.
სანდრო ტონალის ტრანსფერი უფრო რეალური ჩანს. ეს ფეხბურთელი მუდმივად ვითარდება.
რაც შეეხება ნიკოლო ძანიოლოს, ის ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაქვს, რომ ეს ტრანსფერი გავჩარხოთ. ძანიოლო საკმაოდ ძვირი ღირს.
რაჯა ნაინგოლანი საიჯარო განათხოვრების შემდეგ დაგვიბრუნდება და შემდეგ ანტონიო კონტესთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ ჩვენი აქტივი გავაუფასუროთ.
“ინტერიდან” ჩემი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. მე აქ ბედნიერი და მოტივირებული ვარ.
მაურო იკარდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მივიღეთ და ბონუსის სახით კიდევ რვა მილიონი გვერგება. საბაზრო ოპერაცია კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფინანსური კუთხით საკმაოდ რთული პერიოდი იყო. არ უნდა ვიფიქროთ არც გუშინდელ და არც ხვალინდელ დღეზე. ეს შეთანხმება ჩვენ დღეს გვაკმაყოფილებს. არჩევანი ერთი წლის წინ გავაკეთეთ და მას დღეს ვაფასებთ”, – აღნიშნა ბეპე მაროტამ.