13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით მოგებული 125 ათასი ფუნტი

პიტ ედვარდსი უელსის ნაკრების ნახევარმცველ ჰარი უილსონის ბაბუაა, რომელმაც 13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით გუშინწინ 125 000 ფუნტი მოიგო. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2000 წელს, როცა უილსონი მხოლოდ 2 წლის იყო, ედვარდსი ფსონს ჩამოვიდა, ჩემი შვილიშვილი ერთ დღესაც უელსის ეროვნული ნაკრების ფორმას მოირგებსო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორებმა ფსონი 2 500 კოეფიციენტით შეაფასეს, ედვარდსი 50 ფუნტს ჩამოვიდა და გვარიან ხეირსაც გამოჰკრა ხელი.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ მატჩში, რომელიც უელსის ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა (1:1), უილსონი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა და ბაბუას ფსონი მოაგებინა. ყველაფერთან ერთად, უილსონმა ნაკრებში ყველაზე ადრეული დებიუტით გარეტ ბეილის რეკორდიც დაამხო – 16 წელი და 207 დღე (ბეილი სანაკრებო დებიუტისას 16 წლისა და 315 დღის გახლდათ , – ავტ.).

ცნობისთვის, ჰარი უილსონი „ლივერპულის“ აკადემიაში ირიცხება.

ბექა დოგრაშვილი

უელსის ნაკრებში “ახალი ბეილი” გამოიძახეს

“ლივერპულის” 16 წლის ფეხბურთელი, ჰარი უილსონი უელსის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ის გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში დაეხმარება. ჰარის, უელსის 17-წლამდელთა ნაკრებში, უნგრეთის, შოტლანდიისა და სლოვენიის ნაკრებების წინააღმდეგ უთამაშია”, – ვკითხულობთ უელსის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ჰარი უილსონი პარასკევს, მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, ის თანემემამულე გარეტ ბეილის რეკორდს დაამხობს.

საინტერესოა, რომ 16 წლის ნახევარმცველს “ლივერპულის” გულშემატკივართა მხოლოდ მცირე ნაწილი იცნობს. მის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ის უელსეთა თავკაცმა ნაკრებში გამოიძახა.

ჰარი უილსონს “ახალ გარეტ ბეილს” უწოდებენ, რადგან ის მადრიდის “რეალის” ახალწვეულს თამაშის სტილით მიაგავს.