იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი თავკცი იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

“ფენერი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კლუბია. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ფანები გამარჯვებებითა და ტიტულების მოგებით გავახაროთ.

ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ “ფენერბაჰჩეს” ოჯახში შემოსვლით. მადლობას ვიხდი ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. ბევრი რამ ვიცი ამ კლუბის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.

დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ “ფენერბაჰჩეს” ფანებისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც აქ მომიყვანა. წარმატების მისაღწევად ჩემს შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ”, – ციტირებს კოკოშკოვის სიტყვებს Eurohoops-ი.

იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო კარიერაში “ფენერბაჰჩე” პირველი ევროპული კლუბია.

შეგახსენებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2008-დან 2015 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2011, 2013 და 2015 წლებში ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ამის შემდეგ კოკოშკოვმა სლოვენიის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და 2017 წელს ევრობასკეტის გამარჯვებულიც გახდა.

კოკოშკოვის წერილს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა

ქართული საკალათბურთო საზოგადოებისადმი მოწერილი იგორ კოკოშკოვის ღია წერილის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – “ტოვებს თუ არა სერბი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?” ამ კითხვით ქართულმა მედიასაშუალებებმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მიხეილ გაბრიჩიძეს მიმართეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო იგორს, რომელმაც ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ნაკრები და მოახერხა მისი მაღალ დონემდე აყვანა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მინდა, გითხრათ, რომ იგორი არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი სპეციალისტი და რა თქმა უნდა, ფედერაცია მასთან კონტაქტებს არ დაკარგავს და ითანამშრომლებს. დიდი მადლობა მას ასეთი თბილი წერილისთვის. ჩემი აზრით, მას ამით სურდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ფედერაცია თავისუფალი ყოფილიყო მწვრთნელის არჩევაში – ეს იქნება იგორი თუ სხვა სპეციალისტი. არ გამოვრიცხავთ, რომ იგი კვლავ მოისაზრებოდეს კანდიდატად, ეს იგორთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ სხვა მწვრთნელებზე. იგორის გარდა არის კიდევ 3 კანდიდატი და მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელ მათგანთან გადავა მოლაპარაკება უფრო კონკრეტულ ფაზაში“.

gbf.ge

იგორ კოკოშკოვის სამადლობელი ღია წერილი ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას

საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.

“ჩემო მეგობრებო საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან,

მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცა. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს უთვალავი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის.

უზარმაზარი გამოცდილება იყო საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა, ბევრი კარგი მოსაგონარი დამიტოვა მეხსიერებაში, რაც სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებილ ადგილს ჩემს გულში.

უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა. მჯერა, რომ დღეს სწორედ საქართველოს ნაკრების წყალობით ყველა უკეთესები ვართ და კალათბურთიც გაცილებით ძლიერია.

გისურვებთ საუკეთესოს. საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება საუკეთესო მეგობარი და №1 გულშემატკივარი ჩემი სახით.

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

იგორ კოკოშკოვი”

gbf.ge

საქართველო – ესპანეთი. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთვის ბოლო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად 19 წლის ბექა ბურჯანაძე მივიდა. ეპანელთა მხარე მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ და ხერმან გაბრიელმა წარმოადგინეს.

ბექა ბურჯანაძე:
„პირველ ნახევარში ესპანეთს თანაბარი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ გვაჯობა და ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. გადაღლილი იყო გუნდის ბირთვი და ასეთ სიტუაციაში ძნელია ძლიერ მეტოქესთან თამაში. მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა ახალგაზრდებს და მათ შორის მეც თავის გამოჩენის საშუალება მოგვცა, რითაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს აჩვენებს“.

ხერმან გაბრიელი:
„თამაში თავიდან არ წაგვივიდა, საქართველოს ნაკრებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაგვიწია. შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ და ინიციატივას დავეუფლეთ. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა“.

იგორ კოკოშკოვი:
„ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ და მატჩის დაწყებიდან კარგა ხანს მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მერე კი ესპანეთმა თავისი ძალა გამოაჩინა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენი გუნდის ლიდერები გადაღლილები იყვნენ, შანსი ახალგაზრდებს მივეცით და მათ ღირსეულად ითამაშეს“.

ხუან ორენგა:
„ქართველებმა მატჩი ზონური დაცვით დაიწყეს, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა. თავდაპირველად ვერ ვახერხებდით დაცვის გარღვევას, თუმცა შემდეგ სწრაფმა თამაშმა და სათადარიგო კალათბურთელების აქტიურობამ უპირატესობა მოგვიტანა. საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ვეცდებით, ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ“.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი