მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა კარიერა შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს, თუმცა არა “სამეფო კლუბის”, არამედ “ვალენსიას” რიგებში.
ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ “ღამურები” სერიოზულად არიან მექსიკელი ფორვარდით დაინტერესებულნი. როგორც მოგეხსენებათ, ჩიჩარიტო “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის და ის “რეალში” იჯარის წესით თამაშობს. 26 წლის ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. “სამეფო კლუბი” მექსიკელი თავდამსხმელის კონტრაქტის გამოსყიდვით მოწადინებული არ არის. “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მიანიშნა, რომ არც ის არის ჩიჩარიტოს დაბრუნებით დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ ერნანდესი MLS-ის კლუბ “ორლანდო სიტის” ყურადღების არეალში იყო, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.
ჩიჩარიტომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. იგი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ დააყენეს.