“ფლიტვუდის” მთავარი მწვრთნელი ჯოი ბარტონი მორიგ სკანდალში გაეხვა.
ინგლისის პირველი ლიგის 42-ე ტურში “ბარნსლისა” და “ფლიტვუდ თაუნს” შორის გამართული მატჩის (4:2) მიმდინარეობისას ბარტონი მასპინძელთა გუნდის თავკაც დანიელ შტენდელს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მას ტრიბუნქვეშა დერეფანში, სავარაუდოდ, სახის არეში დარტყმა მიაყენა.
“ბარნსლიმ” მომხდარი დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მწვრთნელი კარგად არის.
სამხრეთ იორკშირის პოლიცია მომხდარს იძიებს. სამართალდამცველებმა კლუბებს ტრიბუნქვეშა დერეფანში გადაღებული ყველა ვიდეომასალის მიწოდება სთხოვეს. გარდა ამისა, პოლიცია უკვე დაუკავშირდა ბარტონს. ინგლისელი კვირის განმავლობაში მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ჩვენებას მისცემს.