ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი

ტონი ადამსი: „ინგლისის ნაკრები ასეთი მცველებით კარს მშრალად ვერ შეინახავს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა ინგლისის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გააკრიტიკა. კერძოდ, ადამსის შეშფოთებას „სამი ლომის“ დაცვითი ხაზი იწვევს.

„ინგლისის ნაკრების დაცვა მაშფოთებს. ეს მცველები არ არიან იმ დონისანი, რომ ტოპ-გუნდების წინააღმდეგ მატჩებში კარი მშრალად შეინახონ.
დაცვითი ხაზი ჩვენი სისუსტეა და ეს მაშფოთებს. განაცხადში ჯონ ტერი უნდა შეეყვანათ“, – ციტირებს ადამსის სიტყვებს „თოქსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა „ჩელსის“ კიდევ ერთი მცველი ეშლი კოული.

„ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადში ეშლი კოული არ შეიყვანა. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია. შესაძლოა, სეზონის განმავლობაში ის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შვიდ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ეშლი კოული დიდებული მცველია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილება აუცილებელი ფაქტორია. ჩემი აზრით, მისი სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვება შეცდომაა“, – აღნიშნა ტონი ადამსმა.

ბექა დოგრაშვილი

„გალათასარაი“ ტერის გადმობირებას ეცდება

ბრიტანული „მირორის“ ცნობით, „გალათასარაი“ თავისთან ჯონ ტერის მიწვევას აპირებს. როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის მცველს „პენსიონერებთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. წყაროს თანახმად, თურქული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ტერი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიიღოს.

„გალათასარაი“ ინგლისელ ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს და სეზონში 5 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, რაც კვირაში 100 ათასი ფუნტის ტოლფასია. შექმნილ სიტუაციას პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი აკვირდება, თუმცა საეჭვოა, მათ ტერისთვის დასახელებულ თანხაზე მეტის გადახდა შეეძლოთ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩელსი“ ტერისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, თუმცა „გალათასარაის“ გამოჩენამ შეიძლება, სიტუაცია შეცვალოს.

ბექა დოგრაშვილი

„გალათასარაის“ ტერი მოუნდა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ჯონ ტერი თურქული „გალათასარაის“ სელექციონერთა ყურადღების არეალში მოექცა.

„დეილი მეილის“ ცნობით, თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ჩელსის“ კაპიტანი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მთავარ სამიზნედ მონიშნა, თუმცა „გალათასარაის“ ხელმძღვანელობა პოტენციურ ტრანსფერთა სიას ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, ტერიმ ისევ დაიწყო რეგულარული თამაში, თუმცა „პენსიონერთა“ პოლიტიკის მიხედვით, 30 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს კონტრაქტები მხოლოდ ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. ეს ტერის მომავალს ბუნდოვანს ხდის.

ტერის დასავლეთლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. სტამბულში გადასვლის შემთხვევაში, ინგლისელი მცველი კვლავ გახდება დიდიე დროგბას თანაგუნდელი.

ბექა დოგრაშვილი