მატა: “ჩემპიონთა ლიგას კიდევ უფრო მივუახლოვდით”

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა, აქედან ერთი გოლი ხუან მატამ გაიტანა, რომელმაც მოგვიანებით მატჩიც შეაფასა.

“ჩემპიონთა ლიგისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ეს გამარჯვება თავდაჯერებასა და საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპულიც” იბრძვიან.

პირველი 10-15 წუთი “სიტიმ” დიდებულად ჩაატარა, თუმცა შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ და “ქამბექი” გავაკეთეთ.

მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, გახარებულები ვართ. სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო. ასეთ მატჩებს არ ივიწყებენ”, – აღნიშნა მატამ.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუან მატამ 26 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მატა: „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია.

„ნიუკასლთან“ გამარჯვებამ მიუნხენში გამგზავრებამდე თავდაჯერება და ენერგია შეგვძინა. გუნდს შინიდან, ტელევიზორის წინ მჯდომი დავუჭერ მხარს. მესმის, რომ „ალიანს არენაზე“ თამაში ძალიან რთულია, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. ამაში დარწმუნებული ვარ“, – Goal.com-ი ციტირებს მატას სიტყვებს, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლონდონის „ჩელსიდან“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდა, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „წითელი ეშმაკების“ სახელით ასპარეზობის უფლება არ აქვს.

მატჩი „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას იონას ერიქსონის თავკაცობით შვედ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერს“ მატა სურს

ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა მილანის „ინტერში“ აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Football Italia ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა დასავლეთლონდონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც „სტემფორდ ბრიჯიდან“ აბარგება გადაუწყვეტია. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მზად არის, „ჩელსიდან“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე წავიდეს. ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიც“ იჩენს. „კორიერე დელო სპორტის“ თანახმად კი, „ინტერი“ მზად არის, რომ მატას სანაცვლოდ ფრედი გუარინი ან ანდრეა რანოკია დათმოს.

ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 15 მილიონ ევროდ ფასდება.

მატამ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ მატას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ ხუან მატას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

პარიზული კლუბი უკვე იწყებს მუშაობას, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 25-წლის ნახევარმცველი უკვე მისი საკუთრება გახდეს. სავარაუდოდ, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ მზად არიან, მატა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაუშვან, შემოსული ფულით კი შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი