2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის ზონიდან რუმინეთისა და საბერძნეთის წყვილი იბრძვის. პირველი შეხვედრა ბერძნებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს, დუბლი „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელმა კონსტანტინოს მიტროღლუმ შეასრულა. ბერძენი ფორვარდი ამბობს, რომ რუმინეთში გამარჯვების სურვილით ჩავიდა.
„ბუქარესტში იმ განცდით ჩავედით, თითქოს პირველი მატჩი უგოლოდ დასრულებულიყო. აქაც მოგებას ვაპირებთ. ალბათ, რუმინელები პირველივე წუთებიდანვე შემოგვიტევენ და სწრაფი გოლის გატანას შეეცდებიან. უნდა ვთქვა, რომ მეტოქეს ვაფასებთ, თუმცა მისი არ გვეშინია“, – აღნიშნა მიტროღლუმ.
„ოლიმპიაკოსის“ მეტოქეთა ქომაგებმა მშვენივრად იციან, რომ მიმდინარე სეზონში მრისხანე ფორვარდი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მოყოლებული აგვისტოდან 25 წლის მიტროღლუმ ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 20 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ბერძენმა თავდამსხმელმა უკვე მიიპყრო ევროპის წამყვან კლუბთა ინტერესი.
მატჩი რუმინეთსა და საბერძნეთს შორის დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი