საბერძნეთში, შესაძლოა, საფეხბურთო ჩემპიონატი აღარ ჩატარდეს

შემდეგ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატი, შესაძლოა, არ ჩატარდეს. ამის შესახებ ბერძნულ კლუბებს ქვეყნის სპორტის სამინისტრომ შეატყობინა, რის შესახებაც „Sky Sports“-ი იწუყება.

სპორტის სამინისტროს აზრით, სტადიონებზე უსაფრთხოების ზომები დაცული არაა. შესაბამისად, საბერძნეთის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი, ვალდებული იქნება, თავის არენაზე კამერები დაამონტაჟოს და ბილეთები მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ გაყიდოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატის ორი მატჩი სწორედ ამ მიზეზით შეწყდა.

კოსტა რიკა — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკული გუნდების დომინაცია გრძელდება. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორხე ლუის პინტოს გუნდმა 5:3 იმარჯვა და მეოთხედფინალურ რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი თეოფანის გეკასის დატყმული მოიგერია.

ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკა ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

საბერძნეთი — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბერძენთა შემტევი იორღოს სამარასი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრის კომპენსირებულ დროში პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს პლეი-ოფის საგზური მოუტანა.

სამარასმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 30 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

იაპონია — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უღიმღამოდ წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

ირანი-ნიგერიისა არ იყოს, მატჩის გმირი აქაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აზიელთა ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა დასახელდა

„მილანში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 75 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

„ოლიმპიაკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონია

„ოლიმპიაკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განმეორებით გასამართ მატჩს მშვენიერი განწყობით ხვდება. გუნდი საბერძნეთის ჩემპიონი ისტორიაში 41-ედ გახდა.

„წითელ-თეთრებმა“ საბერძნეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „პანათინაიკოსი“ მიიღეს და დაუძინებელი მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, რითაც სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდეს.

 

კუმანის კანდიდატურას საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე განიხილავენ

ჰოლანდიური „ფეინოორდის“ თავკაცი რონალდ კუმანი საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდუ სანტუშის შემცვლელად მოიაზრება. ფეხბურთის ორივე სპეციალისტი დაკავებული თანამდებობის დატოვებას 2014 წლის ზაფხულში აპირებს.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ ვიმუშავებ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – კუმანის სიტყვები Voetbal International-მა გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მილანის“ ყოფილი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურასაც განიხილავენ

 

მიტროღლუს ბომბარდირის მადა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის ზონიდან რუმინეთისა და საბერძნეთის წყვილი იბრძვის. პირველი შეხვედრა ბერძნებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს, დუბლი „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელმა კონსტანტინოს მიტროღლუმ შეასრულა. ბერძენი ფორვარდი ამბობს, რომ რუმინეთში გამარჯვების სურვილით ჩავიდა.

„ბუქარესტში იმ განცდით ჩავედით, თითქოს პირველი მატჩი უგოლოდ დასრულებულიყო. აქაც მოგებას ვაპირებთ. ალბათ, რუმინელები პირველივე წუთებიდანვე შემოგვიტევენ და სწრაფი გოლის გატანას შეეცდებიან. უნდა ვთქვა, რომ მეტოქეს ვაფასებთ, თუმცა მისი არ გვეშინია“, – აღნიშნა მიტროღლუმ.

„ოლიმპიაკოსის“ მეტოქეთა ქომაგებმა მშვენივრად იციან, რომ მიმდინარე სეზონში მრისხანე ფორვარდი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მოყოლებული აგვისტოდან 25 წლის მიტროღლუმ ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 20 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ბერძენმა თავდამსხმელმა უკვე მიიპყრო ევროპის წამყვან კლუბთა ინტერესი.

მატჩი რუმინეთსა და საბერძნეთს შორის დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი