ხვალიდან 15 დღის მანძილზე სუმოს გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად აღარ გვექნება, რადგან იანვრის (ჰაცუ) ბაშო იღებს სტარტს. წლის პირველ სუპერტურნირს ტრადიციულად ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ ბაშოზე მონაწილეობას არ მიიღებს ჩვენი ლევან გორგაძე, რათა კარგად დაისვენოს და ბოლომდე აღიდგინოს ტრავმირებული კუნთოვანი ქსოვილები. ეს რჩევა ტოჩინოშინს პირადმა ექიმმა და კლუბის პრეზიდენტმა, ოიაკატა კასუგანომ მისცეს, იმისთვის რომ ტრავმის განმეორების შანსი ბოლომდე გამორიცხონ.
რაც შეეხება ჩვენს მეორე სუმოისტს, გაგამარუს, იგი როგორც იცით, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირად გახლავთ განთესილი და თავის პირველ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, იაპონელ იოშიკაძესთან გამართავს. გაგა ჯუღელი ტანმორჩილ იაპონელს აქამდე ზუსტად 10-ჯერ გადაეყარა დოჰიოზე და აქედან 4-ჯერ დაამარცხა.
ჰაცუ ბაშოს გამოტოვება მოუწევს მოქმედ ჩემპიონს, მონღოლ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის. “მზიურ ცხენს” ტკივილი აწუხებს ტერფის არეში, რის გამოც მას ბაშოსწინა ვარჯიშებისა და სპარინგების გამოტოვებაც მოუხდა. ჰარუმაფუჯის მარცხენა ფეხი დეკემბრის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ ვარჯიშზე გადაუბრუნდა, რამაც მისი ტერფის მყესების ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. შედეგად ამისა, მონღოლ იოკოძუნას ტელეეკრანიდან მოუწევს ბაშოსთვის თვალყურის მიდევნება.
პრეცედენტი იოკოძუნას მხრიდან ბაშოს გამოტოვებისა ბოლოს დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა – 2008 წლის ნოემბრის ბაშოზე იოკოძუნა ასაშორიუ დისკვალიფიკაციის გამო არ დაუშვეს.
იანვრის ტურნირზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას აგრეთვე იაპონელი მე-7 მაეგაშირა ჰომაშო და იაპონელი მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი. ჰომაშომ დაახლოებით 1 კვირის წინ აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა, ხოლო კოტოიუკიმ ნოემბრის ბაშოზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით კვლავ მკურნალობს.
კოტოიუკის თანაგუნდელი იაპონელი ოძეკი კოტოშოგიკუ ბაშოს კადობანში ჩაყენებული ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად “ღიპმაისტერს” უცილობელი კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ჭირდება. კოტოშოგიკუმ წინა ბაშო მე-2 ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა და ამის გამო აღმოჩნდა იგი კადობანში. კადობანიდან კი თავის დაღწევა ვერ მოახერხა კიდევ ერთმა მათმა თანაგუნდელმა, ბულგარელმა კოტოოშუმ, რომელმაც ასევე ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა უკანასკნელი ბაშო და 8-წლიანი ტარების შემდეგ ოძეკის ტიტულს დაემშვიდობა. კოტოოშუ სეკივაკეს წოდებით დაიწყებს ჰაცუ ბაშოს და დებულების თანახმად, თუკი მინიმუმ ათ ორთაბრძოლას მოიგებს ამ ტურნირზე, პრესტიჟულ ტიტულს კვლავ დაიბრუნებს.
მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას იაპონელი ოძეკი კისენოსატოც. სტაბილურად მაღალ დონეზე ჩატარებული ბოლო რამდენიმე ბაშოს შემდეგ (განსაკუთრებით კარგად ნოემბერში გამოვიდა კისე), იაპონური სუმოს მამებმა მას ცუნატორის (იოკოძუნობის პრეტენდენტი) სტატუსი მისცეს. მის წინაშე წაყენებული პირობა ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ კისენოსატო გახდება ჰაცუ ბაშოს ჩემპიონი, ისე რომ მოიგოს მინიმუმ 13 ორთაბრძოლა, მაშინ მას იოკოძუნას ესოდენ ნანატრ ტიტულს მიანიჭებენ.
სუმოს მამები ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კისენოსატო 14 შერკინებას მოიგებს, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდება, ან თუ ჩემპიონი გახდება, მაგრამ 2-ზე მეტ მარცხს იწვნევს, ანუ 13 მოგებას ვერ მიითვლის.
მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ბატალიები და დაძაბული ბაშო გველის!
ჩვენ კი წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გაგამარუს!