საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში თბილისის „დინამომ“ ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და, უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
არადა, კახა გოგიჩაიშვილი გუნდის ფეხბურთელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს. მე-10 წუთზე მეტოქის კარის მიმართლებით ლაშა პარუნაშვილმა დაარტყა. ორ წუთში დინამოელებს უფრო კარგი შანსი ჰქონდათ, როდესაც მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელის დარტყმულ ბურთს კი მეკარე ზუხბაია დაეუფლა. დინამოელებმა მეტოქის კარს 25-ე და 28-ე წუთებზეც დაუმიზნეს, თუმცა ორივე დარტყმა არაზუსტი გამოდგა. რამდენიმეჯერ წინ ლანჩხუთელებიც გამოირჩნენ, რამაც შედეგი 43-ე წუთზე მოიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან კობა შალამბერიძემ შეუტია, ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ჩაწოდებულს კი ალექსანდრე კოშკაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. სათქმელია, რომ კოშკაძემ ყოფილი გუნდის კარში გოლი არ აღნიშნა. თუმცა, მასპინძლებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა დაარტყა და „გურიას“ კარში ჩინებული გოლი გაიტანა – 1:1.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კახა გოგიჩაიშვილმა ცვლილება გამოიყენა და ლაშა პარუნაშვილის ადგილი მოედანზე ირაკლი ძარიამ დაიკავა.
დიდ ხანს არც დინამოელთა სიხარული გაგრძელებულა. უპირატესობა ლანჩხუთელებმა მეორე ნახევრის მეორე წუთზევე დაიბრუნეს, როდესაც კვლავ სტუმართა რიგებში მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა შალამბერიძემ შეუტია – კობა მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა და საბოლოოდ შედარებით შორეულ დარტმულს მიგინეიშვილი ვერ გაუმკლავდა – 1:2. დარჩენილ დროში „დინამომ“ ოთხჯერ დაარტყა, ძირითადად მტკვრისპირელები მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ ლანჩხუთელი მცველები ბურთს იგერიებდნენ. მე-60 წუთზე შერგელაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩირგაძემ მიიღო, თუმცა გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. 79-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ირაკლი ძარიას გოლი არ ჩათვალა, რადგან მანამდე ჩისკოზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
საბოლოოდ, 1:2 და 29 ქულით „დინამო“ პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა ამჟამად თბილისელები გორის „დილას“ მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „გურიას“, ლანჩხუთელები 18 ქულით მეათე ადგილზე იმყოფებიან.
შემდეგ ტურში „დინამო“ ივანწმინდაში „ჩიხურას“ დაუპირისპირდება, ხოლო „გურია“ „სიონს“ მიიღებს.
დინამო – გურია 1:2 (0:1)
გოლები: კოშკაძე 43′, შალამბერიძე 47′ – შერგელაშვილი 45′
„დინამო“: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, პაპავა (ჩისკო 53′), ცინცაძე, პარუნაშვილი (ძარია 46′), ლობჟანიძე (ჯანელიძე 72′), პაპუნაშვილი, ჩირგაძე
გურია: ზუხბაია, კილაძე, ხარაბაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე (წილოსანიმ 90′), შალამბერიძე (ინგოროყვა 82′), ლომია (კვერენჩხილაძე 90′)
გაფრთხილებები: გაბრიჩიძე 48’ მეგრელიშვილი 72’ პაპუნაშვილი 85’ ჭეიშვილი 89’ ლომია 89’ ჯანელიძე 90’ პაპუნაშვილი