„ლაციოს“ ქომაგთა პროტესტი

რომის „ლაციოს“ ქომაგებმა იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „კიევოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისს, პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, „ლაციოს“ ტიფოზები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მონაგარით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ამიტომაც გაატარეს შეხვედრის პირველი 15 წუთი სტადიონის გარეთ, ტრიბუნაზე კი ბანერი გამოკიდეს, რომელზეც ეწერა: „მორიგი სატრანსფერო ფანჯარა – მორიგი კრახი“.

„ქომაგები კლუბთან ერთად უნდა იყვნენ. პროტესტანტი გულშემატკივრები უმცირესობას წარმოადგენენ. მე მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას მივიღებ“, – განაცხადა „ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ.

ცნობისთვის, „ლაციოსა“ და „კიევოს“ შორის გამართული მატჩი რომაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი