მოედანზე ფეხბურთელთა მცირე რაოდენობის გამო მატჩი 21-ე წუთზე დასრულდა

იტალიის სერია С1-ის (რანგით მესამე დივიზიონი) მე-11 ტურში „სალერნიტანასა“ და „ნოჩერინას“ დერბი უნდა შემდგარიყო, მატჩი დაიწყო კიდეც, თუმცა 21-ე წუთზე შეწყდა, რადგან სტუმართა გუნდი მოედანზე ექვსი კაცის შემადგენლობით დარჩა.

თავგადასავალი მატჩამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. სტუმრის რანგში მოთამაშე „ნოჩერინას“ ფეხბურთელებმა ჯერ ავტობუსიდან გადმოსვლა იუარეს. მასპინძლები დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ სტუმრებს, რომ ტრანსპორტიდან ჩამოსულიყვნენ, თუმცა ამაოდ. იმის შიშით, რომ სტუმარი გუნდის მოთამაშეები თავისივე გულშემატკივრებს არ დაეხოცათ, ავტობუსიდან არ გადმოდიოდნენ.

სამხრეთ იტალიის ორი გუნდის ტიფოზებს შორის დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს და ქალაქ სალერნოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სტადიონის სიახლოვეს „ნოჩერინას“ ქომაგები არ დაეშვა. ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ქომაგები თავისივე ფეხბურთელებს დაემუქრნენ, თუ ასეთ პირობებში თამაშს დასთანხმდებით, ჩვენგან თავპირის დამტვრევა არ აგცდებათო.

ამით შეშინებული მოთამაშეები ავტობუსიდან ჩამოსვლას ვერ ბედავდნენ, თუმცა ბოლოს მაინც გარისკეს. „ნოჩერინას“ ფეხბურთელებმა თამაშზე თანხმობა განაცხადეს, მაგრამ მასპინძლებმა რა იცოდნენ, რომ სტუმრებს ავტობუსში გეგმა „ბე“ ჰქონდათ შემუშავებული – შეხვედრის გაუქმება.

მატჩი დაიწყო და მესამე წუთზე სტუმარი გუნდის მწვრთნელს უკვე სამივე ცვლილება ჰქონდა გამოყენებული. 21-ე წუთამდე კი „ნოჩერინას“ ხუთმა ფეხბურთელმა ვითომ ტრავმის გამო დატოვა მოედანი.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლუიჯი პავარეზემ სიტუაცია ასე განმარტა: „ადრეული ცვლილებები მთლიანად მწვრთნელის სინდისზეა, ტრავმები კი ფეხბურთელებმა იმიტომ მიიღეს, რომ მატჩის წინ არ გახურდნენ“.

კლუბის დირექტორთა საბჭოს უკლებრივ ყველა წევრმა დაკავებული პოსტი დატოვა, ფეხბურთელებს კი უბრალოდ მოსთხოვეს, რომ მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ. სერია С1-ის ადმინისტრაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩის ვიდეომიმოხილვას.

ბექა დოგრაშვილი