ოცდაათი
ლეო მესი 30-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, სანამ 2006 წელს ოცდაათს 19-ში არ გაცვლიდა. ახლა კი მას “ბარსელონას” 10-ნომრიანი მაისური ამშვენებს, რომელიც 2008 წელს, რონალდინიოს წასვლის შემდეგ დაისაკუთრა.
გადის დეკო, შემოდის ლეო
ლეო მესის დებიუტი “ბარსელონაში” 2004 წელს შედგა. ის ფეხბურთელი, რომელიც მესიმ სადებიუტო მატჩში შეცვალა დეკო გახლდათ, პორტუგალიის ნაკრების ყოფილი წევრი, რომელმაც “პორტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და რომელიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.
2005 წელი, 1-ლი მაისი
სადებიუტო მატჩიდან შვიდნახევარი თვე იყო გასული, როდესაც არგენტინელმა გოლეადორმა “ბარსელონას” რიგებში თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო. მესიმ “ნოუ კამპზე” თამაშისას “ალბასეტეს” კარი აიღო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ კლუბის ისტორიაში გოლის გატანა შეძლო საშინაო ჩემპიონატის მატჩში (მან ბოიან კრკიჩს აჯობა).
17 წლის ლეო მესის ამ გოლის გატანაში ლეგენდარული რონალდინიო დაეხმარა, რომელმაც ერთი მარტივი მოძრაობით მოკვეთა მცველები და საგოლე პასი გაუკეთა არგენტინელს, რომელმაც ფეხის ნაზი შეხებით ბურთი მეკარეს გადააფრინა და შემდეგში კარის ბადეში გაახვია.
გახარებულმა ლეო მესიმ გოლი რონალდინიოსთან ერთად აღნიშნა.
გაძევება 90 წამში
2005 წლის აგვისტოს თვეში 18 წლის ლეო მესის დებიუტი შედგა არგენტინის ნაკრებში, რომელმაც მხოლოდ 90 წამი გასტანა – “ამაზე ნამდვილად არ ვოცნებობდი” – აცხადებდა ლეო მატჩის შემდეგ.
მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წამში მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და საჯარიმოსკენ დაიძრა. ამ დროს, მის შეჩერებას უნგრელი ვილმოშ ვანცაკი ცვლილებდა, რომელიც მესიმ ხელის კვრით მოიშორა. შედეგად, მსაჯმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
მთელი მისი კარიერის მანძილზე ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ლეომ წითელი ბარათი მიიღო (კლუბში და ნაკრებში).
ოლიმპიური ოქრო
ამბობენ, მესის ტიტულების შესანახად ცალკე კაბინები აქვს გამოყოფილიო და ალბათ, მართალიც არის.
არგენტინელის კარიერაში ოლიმპიური ოქროს მედალიც კი ფიგურირებს. მესიმ ეს მედალი 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებისას მიიღო. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ( თუ არა საუკეთესო) პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ორი გოლი გაიტანა. ფინალში, ნიგერიელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლი კი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა.
60-წლიანი რეკორდის დამხობა
მესიმ თავისი ბრწყინვალების ხარჯზე “ბარსელონას” ბევრი ლეგენდა დაჩრდილა.
2012 წლის მარტის თვეში, არგენტინელმა რეკორდების წიგნში ცეზარ როდრიგესის სახელიც ჩაანაცვლა, რომელსაც 60-წლიანი რეკორდი ეკუთვნოდა (1940-50 წლებში თამაშობდა). “გრანადასთან” მატჩში “ბარსელონას” მაისურით თავისი 233-ე გოლის გატანის შემდეგ, მესი კლუბის საუკეთესო გოლეადორი გახდა.
გინესის რეკორდების წიგნი
2012 წელი მართლაც რომ განსაკუთრებული იყო მესის საფეხბურთო კარიერაში, კერძოდ ინდივიდუალური რეკორდების მხრივ. მან ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდიც დაამხო (85).
მიულერმა, რომელმაც ამ ნიშნულს 1972 წელს მიაღწია, Sport1.de-სთან საუბრისას განაცხადა: “ჩემი რეკორდი, 85 გოლი 60 მატჩში 40 წლის განმავლობაში აშინებდა ყველას, ახლა კი ის მსოფლიოს საუკეთესომ დაამხო, რაც მახარებს კიდეც. ის გიგანტია, დაუჯერებელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი.
5 ოქროს ბურთი
როგორ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ მესის ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მოგებული? არგენტინელმა ეს ჯილდო ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, 2009-2012 წლებში, რასაც კიდევ ერთი ეგზემპლარი 2015 წელს დაამატა.
მსოფლიოს ყველა საუკეთესო XI-ში 2007-ის შემდეგ
ლეო მესი FIFA FIFPro-ს მიერ შედგენილ ყველა საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა 2007 წლის შემდეგ. ყველაზე ხშირად, მასთან ერთად თერთმეტეულში ჟერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და ლუის სუარესი ხვდებოდნენ, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად – რომელსაც, მესის მსგავსად, ყოველ წელს დებენ ამ პატივს 2007 წლის შემდეგ.
ერთადერთი უტიტულო სეზონი
მესის ერთადერთი უტიტულო სეზონი “ბარსელონაში” 2007/08 წლების სეზონზე მოდის. კატალონიელებმა ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულეს, ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე ასპარეზობა კი ნახევარფინალებში დაასრულეს.
ორი ტრიპლეტი
2007/08 წლების უტიტული სეზონს ძალიან ნაყოფიერი 2008/09 წლების სეზონი მოჰყვა – ამ სეზონში “ბარსა” პირველი ესპანური კლუბი გახდა, რომელმაც ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის ერთ გათამაშებაში მოგება მოახერხა. მესიმ კი 38-ჯერ გაიტანა.
მეორეჯერ, მსგავსი რამ “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 2014/15 წლების სეზონში გააკეთეს, მაშინ კი მესი გუნდს 58 გოლით დაეხმარა.
30 ტიტული
30 წლის იუბილარის კაბინეტში კლუბთან ერთად მოგებული 30 ტიტული ინახება. ამდენივე ტიტული აქვს მოგებული მის თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას (2002) წლიდან.
არგენტინის ნაკრები: 4 მარცხი ფინალში
მონეტას ორი მხარე აქვს – კატალონიურ გრანდში მიღწეულ წარმატებებს იმედგაცრუებებიც სდევდა თან, ოღონდ სანაკრებო დონეზე. მესის მთავარი სანაკრებო ტურნირის ოთხი ფინალი აქვს წაგებული: მუნდიალი (2014) და სამი კოპა ამერიკა (2007, 2015, 2016).
ნაკრებიდან წასვლა და დაბრუნება
2016 წლის კოპა ამერიკის გათამაშების ფინალში განცდილი მარცხი განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა მესისათვის. მატჩის შემდეგ, მან სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რაც ბევრი ხვეწნის შედეგად გადააფიქრებინეს – არგენტინელი სუპერვარსკვლავი ნაკრებს ერთ თვეში დაუბრუნდა.
გლობალური ბრენდი
მესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპოულარული ადამიანია, თითქმის ყველამ იცის მისი სახელი.
არგენტინელი საკმაოდ ხშირად მონაწილეობას PES-ისა და FIFA-ს ვიდეორგოლებში, ისევე როგორც, Adidas-ის, Pepsi-სა და Turkish Airlain-ის რეკლამებში.
შედეგად, მესი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტების სიაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. ის წელიწადში 53 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებს (27 მილიონს სპონსორებისგან).
565 701-ში
დავუბრუნდეთ ფეხბურთს. ამჯერად, მესის გოლეადორების შესახებ გეტყვით – არგენტინელის პირად ანგარიშზე 701 მატჩში გატანილი 565 გოლია (507 “ბარსელონაში”, 58 – ნაკრებში ჩატარებულ 118 მატჩში).
50+ 2011/12 წლების სეზონში
2011/12 წლების სეზონში ლეო მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში 50 გოლის გატანა შეძლო.
თუმცა, ბრწყინვალე შედეგის მიუხედავად, არგენტინელმა მაინც ვერ შეძლო ჟოზე მოურინიოს “რეალის” შეჩერება და იმ წელს ჩემპიონობა სწორედ დედაქალაქელებმა იზეიმეს.
1.217 გოლი საშუალოდ
მესის ყველაზე პროდუქტიული სეზონი 2011/12 წლების გათამაშება იყო, როდესაც მას თითო მატჩში საშუალოდ 1.217 გოლი გაჰქონდა.
ლა ლიგაში გატანილ 50 გოლს ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა დელ რეიზე, უეფას სუპერ თასზე, ესპანეთის სუპერ თასსა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატზე გატანილი 23 გოლი დაემატა, ეს კი სულ რაღაც 60 მატჩში.
349 გოლი ლა ლიგაში
არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი ლა ლიგაში, ვიდრე ლეო მესის. არგენტინელმა ტელმო ზარას რეკორდი (252 გოლი) 2015 წელს, “სევილიასთან” მატჩში გატანილი გოლით დაამხო.
ახლა მესის ანგარიშზე 349 გოლია, 64-ით მეტი, ვიდრე რონალდუსაზე (285), რომელიც “რეალს” 2009 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეუერთდა.
74 პენალტი
კარიერის მანძილზე მესიმ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან 74-ჯერ დაარტყა. 74 შემთხვევიდან, 54-ში მესიმ გოლი იზეიმა. გამოდის, რომ არგენტინელი პენალტების მხოლოდ 22,5 პროცენტს ვერ იყენებს და მის მიერ გატანილი გოლების 13.1 პროცენტი პენალტებზე მოდის.
82 პროცენტი მარცხენათი
მესის მარცხენა ფეხით 462 გოლი აქვს გატანილი, რაც საერთო რაოდენობის 82 პროცენტს შეადგენს. 77 გოლი კი მის მარჯვენაზე მოდის, 24 – თავზე, ორი კი სხეულის დარჩენილ ნაწილებზე.
ერთი “ღმერთის ხელი”
იმ ორი გოლიდან, რომელიც სხეულის დარჩენილი ნაწილის კატეგორიას მივაკუთნეთ, ერთი გოლი ხელზე მოდის. – 2007 წელს, “ესპანიოლის” კარში გატანილი გოლი, რის შემდეგაც, მესის დიეგო მარადონასთანაც ადარებდნენ, რომელმაც ინგლისს დაახლოებით ასეთ სიტუაციაში გაუტანა (1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი).
მკერდით გატანილი გოლი
მეორე გოლი კი “ფეხბურთის ღმერთმა” მკერდით გაიტანა. ეს 2009 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მოხდა, როდესაც “ბარსელონამ” “ესტუდიანტესის” დამარცხებით (2-1) კიდევ ერთი ტიტული მიამატა თვის კაბინეტს. აღსანიშნავია, რომ მესიმ გოლი 110-ე წუთზე გაიტანა და ამით მატჩის გმირი გახდა.
გვიანი შოუ
მესის 76-ე წუთის შემდეგ 141 გოლი აქვს გატანილი. ერთ-ერთი მათგანი კი გასული სეზონის “ელ კლასიკოში” გატანილი გამარჯვების გოლია…
88 გოლი საჯარიმოს გარედან
მესის მხოლოდ მეტოქის საჯარიმოდან როდი გააქვს – 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მეტოქის საჯარიმოს გარედან გატანილი 88 გოლია, დარჩენილი 477 გოლი კი ახლო მანძილიდან აქვს გატანილი.
40+ გოლი 2008/09 წლების სეზონიდან
მესი შეჩერებას არ აპირებს – არგენტინელს 2008/09 წლების სეზონიდან მოყოლებული, ყოველ სეზონში 40-ზე მეტი გოლი გააქვს. 2016/17 წლების გათამაშებაში კი მან 57-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
“სევილიას” ღამის კოშმარი
მესის 20-ზე მეტი გოლი 6 განსხვავებული მეტოქისთვის აქვს გატანილი. მაგრამ, ყველაზე მეტად მას მაინც “სევილიელთა” კარის აღება უყვარს. ანდალუსიელები მისგან თითო მატჩში საშუალოდ 0.93 გოლს იღებენ. საერთო ჯამში “დალაქთა” კარი არგენტინელმა 29-ჯერ აიღო – 6-ით მეტჯერ, ვიდრე “რეალის”.
4 x 4
მესიმ პოკერი, ანუ ერთ მატჩში ოთხი გოლი ოთხჯერ გაიტანა. ოთხიდან სამი პოკერი ლა ლიგის მატჩებზე მოდის – “ვალენსია” (2012 წლის თებერვალი), “ესპანიოლი” (2012 წლის მაისი) და “ოსასუნა” (2013 წლის იანვარი), რასაც “არსენალის” კარში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გატანილი 4 გოლი ემატება (2010).
5 გოლი ერთ მატჩში
2012 წლის ბრწყინვალე სეზონში, მესიმ კიდევ ერთი დიდებული რეკორდი დაამყარა – ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ერთ მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო (“ბაიერ ლევერკუზენი”, 2012 წელი).
ორი წყვილი ოქროს ბუცი
წლევანდელ სეზონში, მესიმ 37 გოლის გატანა შეძლო საშინაო ჩემპიონატში და რიგით მეოთხე ოქროს ბუციც მოიგო. ასეთი რამ მან 2009/10, 2011/12 და 2012/13 წლების სეზონშიც შეძლო.