ჟუნინიო: „სკოლარი ჰოლანდიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე უნდა წავიდეს“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანო თვლის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის (1:7) შემდეგ, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ჟუნინიოს აზრით, ბრინჯაოს მედლებისთვის ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი და 1:7 წამეგო, ჰოლანდიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე გადავდგებოდი. თავმოყვარე ადამიანი ნამდვილად დატოვებდა ნაკრებს მთლიან შტაბთან ერთად. მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებს თუ წააგებს გუნდი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას. ასეთი „სელესაო“ არასდროს მინახავს. გერმანიის ნაკრებთან მარცხმა აჩვენა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეთა დონეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჟუნინიომ.

ცნობისთვის, ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის მესამე ადგილისთვის მატჩი 13 ივლიის, თბლისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ნეიმარის აგენტი: „ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს სულელი ბებერი“

ნეიმარისა და დავიდ ლუისის აგენტმა ვაგნერ რიბეირუმ ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარის მემკვიდრე.

„ბრაზილიის ნაკრების მომდევნო მწვრთნელისთვის ექვსი მოთხოვნა მექნება: არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი პორტუგალიის ნაკრებში, სადაც არაფერი მოუგია; არ უნდა ჰქონდეს ლონდონის „ჩელსიში“ ნამუშევარი და შემდეგ იქიდან გამოძევებული. არ უნდა ჰქონდეს უზბეკეთში ნამუშევარი. არ უნდა ჰყავდეს ბრაზილიური კლუბების უმეტესობა დროის მოკლე პერიოდში მეორე დივიზიონში დაქვეითებული. არ უნდა იყოს სეზონის დასრულებამდე 56 დღით კლუბიდან წასული, რათა დაქვეითება თავიდან აეცილებინა; არ უნდა იყოს სულელი ბებერი, ამპარტავანი, საზიზღარი და სასაცილო“, – აღნიშნა რიბეირუმ.

ადვილი გამოსაცნობია, რომ აგენტმა ფარულად სკოლარის გაჰკრა კბილი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით 1:7 განადგურდა და ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.

 

სეზარი: ”სკოლარის კომენტარი მოულოდნელი იყო”

”ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ლუის ფელიპე სკოლარის განცხადებას გამოეხმაურა.

”სკოლარის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი გახდა. მან კვლავ დამიცვა. სატრანსფერო ფანჯრის დროს შექმნილი გაუგებრობის შემდეგ, მე ქპს-ს ძირითად შემადგენლობაში უნდა შევინარჩუნო ადგილი. შემდეგი რვა თვის განმალობაში შესანიშნავად უნდა ვითამაშო, რათა მუნდიალზე მოვხვდე”, – განაცხადა სეზარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხრეთ ამერიკელთა თავკაცმა განაცხადა, რომ სეზარი ნაკრებში ადგილს იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ თავისი კლუბის შემადგენლობაში იშვიათად მოხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი