ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში „ლივერპულსა“ და „ნორვიჩ სიტის“ შორის გამართული მატჩი მერსისაიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. შეხვედრის გმირად „წითლების“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მოგვევლინა, რომელმაც პოკერი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამ შედეგით ურუგვაელმა ფეხბურთელმა 13 გოლს მოუყარა თავი და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
კითხვას, შეუძლია თუ არა „ლივერპულს“ დასახული მიზნის მიღწევა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, სუარესი ასე პასუხობს:
„დიახ. ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენს წინაშე დასახული მიზნების მიღწევა“.
წუხანდელი მატჩის შესახებ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ყველაზე მთავარი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. გუნდს მივეშველე და ამით ბედნიერი ვარ. ეს შედეგი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა მატჩი წაგებული გვქონდა და კარგადაც ვერ ვითამაშეთ. საშინაო მატჩებში გაცილებით ძლიერები ვართ და ვალდებულები ვართ, სახლში მოვიგოთ“.
სუარესი ამბობს, რომ „ლივერპულში“ ბედნიერია, პრემიერლიგა კი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ტურნირია.
„ჩემი მთავარი მიზანი „ლივერპულის“ გაძლიერებაა. გოლების გატანა თავდამსხმელის ძირითადი საქმიანობაა და თუ მე ეს გამომივა, მაშინ გავიმარჯვებთ და ქულებს დავაგროვებთ, რაც მოწინავე პოზიციების დაკავებაში დაგვეხმარება.
პრემიერლიგაში ბედნიერი ვარ, რადგან ეს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ტურნირია. არ ვიცი, რამდენად ვიბრძოლებთ ტიტულისთვის, მაგრამ გვინდა, რომ სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიციები დავიკავოთ“, – სუარესის სიტყვები „ლივერპულის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი